ერევანში სომხური და აზერბაიჯანული არასამთავრობოების შეხვედრა იმართება: რას უნდა ველოდოთ
აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერევანში
ერევანში ტარდება სომხეთისა და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მრგვალი მაგიდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა 21 ოქტომბერს დაიწყო. როგორც უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევითი ცენტრი იუწყება, განხილვის თემებია:
- 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ მშვიდობის დღის წესრიგის განვითარება;
- ორმხრივი ნდობის აღდგენის ზომები;
- ეკონომიკური თანამშრომლობის სტაბილური მოდელის ჩამოყალიბება სამხრეთ კავკასიაში;
- სამოქალაქო სექტორებს შორის გრძელვადიანი და პირდაპირი კავშირების განვითარება.
JAMnews-თან ინტერვიუში პოლიტოლოგმა რობერტ გევონდიანმა განაცხადა, რომ შესაძლოა განიხილონ სომხეთის კონსტიტუციური რეფორმების საკითხიც და ის, თუ როგორ უკავშირდება სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა კონსტიტუციის ცვლილებებს — წინაპირობა, რომელსაც, მისი თქმით, ბაქო აყენებს.
გევონდიანმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი მცდელობა მსგავსი შეხვედრის გამართვისა არა მესამე ქვეყანაში, არამედ თავად სომხეთსა ან აზერბაიჯანში. მისი თქმით, დამატებითი შეთანხმების შემთხვევაში, მომდევნო შეხვედრა შეიძლება ბაქოშიც შედგეს.
წინა ფორმატები
სომეხ და აზერბაიჯანელ ექსპერტებს შორის დიალოგის მცდელობები წარსულშიც ყოფილა. 2022 წელს მსგავსი შეხვედრა გაიმართა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს ინიციატივით.
2022 და 2023 წლებში შეხვედრები შედგა საქართველოში და ნიდერლნდებშიც — LINKS Europe-ის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით. მაშინ სომხურ მხარეს წარმოადგენდნენ სტეპან გრიგორიანი, ტარონ ოვანისიანი, გევორგ მელიქიანი, ჯონი მელიქიანი და ბენიამინ პოგოსიანი. აზერბაიჯანიდან მონაწილეობდნენ ახმედ ალილი, მეჰმან ალიევი, შახლა ისმაილი, სამირ მამედოვი, რამაზან სამედოვი და ანარ ველიევი.
განხილვა დახურულ ფორმატში
გევონდიანმა არ დაასახელა, კონკრეტულად რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ შეხვედრის მონაწილეები. მხოლოდ აღნიშნა, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებს შეუძლიათ. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა გააუქმა სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე დაწესებული შეზღუდვები და ამას “შესანიშნავი ნაბიჯი“ უწოდა.
“გუშინ გამოცხადდა, რომ ყაზახეთიდან შემოტანილი ხორბალი სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიით გაივლის. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანელ ექსპერტთან დებატებზე ეს შევთავაზე, როგორც თანამშრომლობის პოზიტიური მაგალითი. ახლა ეს რეალობად იქცა,“ — თქვა მან.
პოლიტოლოგის შეფასებით, მრგვალი მაგიდა ერთდროულად რამდენიმე მოლაპარაკების მიმართულებას შეეხება — ინფრასტრუქტურის განბლოკვას, საზღვრის დელიმიტაციას/დემარკაციას, ეკონომიკურ თანამშრომლობას და სხვა საკითხებს. მისი აზრით, თუ შეხვედრა შედეგიანი იქნება, შეიძლება მუდმივი სამუშაო ჯგუფის შექმნაც განიხილონ.
ბაქოს ახალი ნაბიჯი ტრანზიტის მიმართულებით
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა. პირველ სატრანზიტო ტვირთად იქცევა ყაზახური ხორბალი, რომელიც სომხეთში აზერბაიჯანის გავლით შევა.
“ვფიქრობ, ეს მიუთითებს, რომ მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე მხოლოდ ქაღალდზე კი არა, პრაქტიკაშიც არის,“ — განაცხადა ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ოფიციალურმა ერევანი ამ ნაბიჯს მიესალმა. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა თბილისში, “აბრეშუმის გზის“ მეხუთე ფორუმზე, აღნიშნა: “იმის მიღწევა, რაც რამდენიმე თვის წინ შეუძლებელი ჩანდა: ყაზახეთიდან სომხეთში ხორბალი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით შევა“.
სომხეთის ვიცე-პრემიერმა მათერ გრიგორიანმაც აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი “მნიშვნელოვანია რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის, ნდობის განმტკიცებისა და მშვიდობის დღის წესრიგის წინსვლისთვის“.
ეკონომიკის მინისტრის, გევორგ პაპოიანის თქმით, ყაზახური ხორბლის პირველი პარტია სომხეთში რკინიგზით მოემგზავრება — “აქტაუ-ბაქოს მარშრუტით, შემდეგ კი აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზებით“.