არჩევნები და მშვიდობიანი პროტესტი. 4 ოქტომბერი დადგა
4 ოქტომბერი

4 ოქტომბერს საქართველოში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. ტრადიციულად, კენჭისყრა საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება.
თუმცა, მთავარი ინტრიგა ამჯერად არა საარჩევნო ურნებთან, არამედ ქუჩაშია, სადაც ათასობით ადამიანი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ აპირებს გამოსვლას.
მოკლედ გიყვებით, როგორ ხვდება ქვეყანა 4 ოქტომბერს და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:
საარჩევნო რიცხვები
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს.
ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში ამომრჩეველი ახალ საკრებულოებსა და თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებს აირჩევენ. უფრო კონკრეტულად კი, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადით 64 მერის და 64 საკრებულოს 2 058 წევრის არჩევა მოხდება.
მუნიციპალური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია 12-ვე პარტიამ წარადგინა.
პოლიტიკური ფონი
არჩევნები ტარდება მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე, რომლებიც 4 ოქტომბერს თბილისში მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ. მათი ლიდერები — რვა პოლიტიკოსი — კვლავ ციხეში რჩებიან. უმეტესობა დასჯილია იმის გამო, რომ უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე საპარლამენტო კომისიისთვის, რომელიც იძიებდა ყოფილი მმართველი ძალის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, სავარაუდო დანაშაულებებს.
მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ოპოზიცია, საპარლამენტო არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, არ ენდობა “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში არჩევნების სამართლიანად ჩატარებას და ამის გამო ამბობს უარს მასში მონაწილეობაზე. მათ შორისაა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა, ასევე „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ფედერალისტები“ და სხვა ოპოზიციური გაერთიანებები.
ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, სამოქალაქო აქტივისტებთან და საზოგადოების ნაწილთან ერთად, თბილისში 4 ოქტომბრისათვის მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს.
აქციის გაცხადებული მიზანია “ქართული ოცნების” ხელისუფლების არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადოს და ხელისუფლების მშვიდობიანი დემონტაჟი მოახდინოს.
დღეს, 4 ოქტომბერს 16:00 საათზე, ვიდრე საარჩევნო უბნების დახურვამდე კიდევ ოთხი საათი იქნება დარჩენილი, თბილისის მთავარ გამზირზე ათასობით ადამიანი აპირებს შეკრებას.
“ბოლომდე!” – არის პროტესტანტების ლოზუნგი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის გეგმის სისრულეში მოყვანას აპირებენ.
პროტესტს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, რადგან ქართული ოპოზიციური სპექტრი ფაქტობრივად “მოსუფთავებულია” – ოპოზიციის რვა ლიდერი ციხეში რჩება, ერთი – პოლიტიკურ დევნას გაექცა ემიგრაციაში.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ხელისუფლებამ დრაკონული კანონები მიიღო, რამაც კიდევ უფრო არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა ოპოზიცია.
პროევროპული პარტიები არჩევნებში
პროევროპული პარტიებიდან არჩევნებში მონაწილეობს „ლელო-ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ეს ორი პარტია არჩევნების ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდა, მათ შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს და რამდენიმე საარჩევნო ოლქში მხარდამჭერებს ურთიერთშეთანხმებული კანდიდატები წარუდგინეს.
პროევროპული ოპოზიციური პარტიებიდან არჩევნებში მონაწილეობას იღებს მხოლოდ სამი – “ლელო, “გახარია – საქართველოსთვის” და “გირჩი”.
თბილისის მერობის მთავარი კანდიდატები არიან – მმართველი გუნდის “ქართული ოცნების” კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე, რომელიც მესამე ვადით შეეცდება ამ თანამდებობის შენარჩუნებას. “ლელო” და გახარიას პარტია თბილისში ერთიან კანდიდატზე შეთანხმდნენ – ეს ირაკლი კუპრაძეა, “ლელოს” ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერი, რომელიც პოლიტიკაში აქტივიზმიდან მოვიდა. თბილისის მერობის კანდიდატია ასევე “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია.
“ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ არჩევნების წინა საღამოს კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ:
“ძლიერი საქართველო-ლელო” ვასრულებთ ქართველი ხალხის დაკვეთას და ქვეყნისთვის ისტორიულ, გარდამტეხ მომენტში ვდგებით ხალხთან ერთად და ერთიანი ძალებით შევდივართ ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში. ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი პოზიციით და ყველა კონსტიტუციური გზით ვიბრძვით ხელისუფლებიდან “ქართული ოცნების” რეჟიმის ჩამოსაშორებლად. ეს არის ბრძოლა თითოეული ქალაქისთვის და სოფლისთვის, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის და სოციალურ კეთილდღეობისთვის”.
გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ახლა გერმანიაშია. მის წინააღმდეგ “ქართულმა ოცნებამ” სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რის გამოც ყოფილმა პრემიერმა საქართველო დატოვა.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არჩევნებს მოიგებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ამდენივე მუნიციპალიტეტში მისი კანდიდატი გახდება მერი, საკრებულოებში კი უმრავლესობას მოიპოვებს.
რა შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობაში
თვითმმართველობის მომავალი არჩევნები ახალი, ექსპერტების შეფასებით, გაუარესებული წესებით ტარდება.
● 4 პროცენტამდე გაიზარდა პროპორციული სისტემის საარჩევნო ბარიერი (წინა არჩევნებში რეგიონებში 3 პროცენტი იყო ბარიერი, თბილისში – 2.5). ანუ თვითმმართველ ორგანოებში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება მხოლოდ იმ პარტიას, რომელიც 4 პროცენტიან ბარიერს გადალახავს.
● გაუქმდა მაჟორიტარული წესით კანდიდატის ასარჩევად დადგენილი 40 პროცენტიანი ბარიერი. ანუ გამარჯვებულად გამოსაცხადებლად საკმარისი გახდა ამომრჩეველთა მხარდაჭერის უბრალოდ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
● მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მაჟორიტარების წილი. ხელისუფლებისთვის, რომელიც ყველა არჩევნებზე ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ეს დამატებითი კოზირია, მიიჩნევენ ექსპერტები.
● თვითმმართველობის არჩევნები პირველად ჩატარდება ელექტრონული წესით. საქართველოში უკვე ჩატარდა ერთი არჩევნები ელექტრონულად – ეს იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.
საერთაშორისო დამკვირვებლები
4 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები, სადაც მხოლოდ 81 საერთაშორისო დამკვირვებელი იმუშავებს — თითქმის 13-ჯერ ნაკლები, ვიდრე 2021 წელს, როცა მათი რაოდენობა 1024-ს აღწევდა.
ვინ აკვირდება: საერთო ჯამში აკრედიტაცია გაიარა 28 საერთაშორისო ორგანიზაციამ. ყველაზე დიდი ჯგუფი — 20 დამკვირვებელი — საქართველოში სერბულმა ასოციაციამ ALTERFACT გამოაგზავნა.
7-7 დამკვირვებელი გამოაგზავნეს საქართველოში უნგარეთის საელჩომ და ასევე უნგრულმა ორგანიზაციამ „ფუნდამენტური უფლებების ცენტრი“. დანარჩენი ორგანიზაციები მხოლოდ 1-3 დამკვირვებლით არიან წარმოდგენილი.
ცესკოს სიებში დამკვირვებლები 24 ქვეყნიდან ფიქსირდებიან, მათ შორის იორდანიის, ტუნისის, მალდივების, თურქეთის, ეთიოპიისა და ბელარუსის წარმომადგენლები.
არჩევნებს 7 ათასზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი დააკვირდება. მათი უმრავლესობა (დაახლოებით 6 ათასი) ორ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლებიც მედიის ცნობით, მჭიდროდ უკავშირდება მმართველ პარტიას „ქართული ოცნებას“. ესენია: „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია” და “პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი”.
2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე საქართველოში 52 საერთაშორისო ორგანიზაცია იყო აკრედიტებული. დამკვირვებელთა ნახევარზე მეტი იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროდან (ეუთო/ოდირი) – 516 – პირველ ტურში და 558 – მეორეში.
ამჯერად საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროდან დამკვირვებლები არ ჩამოდიან. ივნისში, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ეუთო/ოდირის დატვირთვა თვითმმართველობის არჩევნებით ზედმეტი იქნება“. თუმცა შემდეგ, არჩევნებამდე რომ თვეზე ნაკლები რჩებოდა, მიწვევა მაინც გაუგზავნეს, თუმცა ორგანიზაცია დამკვირვებლების გამოგზავნას ასეთ მოკლე დროში ვეღარ ასწრებდა.
ასევე არ იქნებიან ადგილობრივი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები. მათ შორის — „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), რომელიც უკვე 30 წელია საქართველოში საარჩევნო მონიტორინგს ახორციელებს. მათი განმარტება არის ის, რომ “ოცნებამ” მიიღო რეპრესიული კანონები, რომლებიც მათ მუშაობას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის.
საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს იმ რეპრესიულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ქვეყანაში მიიღება.
ორგანიზაციის შეფასებით, „4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენელთა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ტარდება“.
„ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ისეთ კონტექსტში ატარებს, რომელშიც გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებები ირღვევა“, – განაცხადა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საპატიმროში მყოფ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე: „ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, განსხვავებული აზრის გამოხატვა ფაქტობრივად კრიმინალიზებულია“.
არჩევნებამდე ორი დღით ადრე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“. რეზოლუცია დამტკიცდა 69 ხმით 7 ხმის წინააღმდეგ. ორმა თავი შეიკავა. საქართველოში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – აღნიშნულია PACE-ს კრიტიკული რეზოლუციაში.
ხელისუფლება საბოტაჟზე საუბრობს
სუსის ახალმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “რადიკალები” 4 ოქტომბრს არეულობას გეგმავენ და მათი გეგმა გაშიფრულია.
სუსის ახალი უფროსის თქმით, გაშიფრულია სქემები, რომელთა მიხედვითაც “რადიკალების” “ფრონტი გაშლილია” სამი მიმართულებით: 1. ახალგაზრდების ჯგუფები – რამდენიმე ასეული ახალგაზრდისგან შემდგარი, რომლებსაც ორგანიზებას უწევენ “საზოგადოებისთვის ცნობილი ორგანიზაციები”; 2. ე.წ. მებრძოლების, ყოფილი მებრძოლების ჯგუფები – ქმნიან ათეულებს, ოცეულებს, “აორგანიზებენ ძალადობას” და “აქეზებენ ახალგაზრდებს”. 3. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ჯგუფი – “პიარულ შეფუთვას უზრუნველყოფენ”.
მდინარაძის თქმით, „ფრონტის“ ეს სამი მიმართულება საერთო კოორდინირებულ ცენტრს არ ექვემდებარება; თუმცა 4 ოქტომბრისთვის არსებობს საერთო გეგმა.
რა გეგმა აქვს ოპოზიციას
4 ოქტომბრის აქცია 16:00 საათიდან იწყება. რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობებს რამდენიმე ადგილიდან დაიწყებენ აქციის მონაწილეები. რაც უკვე ცნობილია, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან სტუდენტები დაიწყებენ მსვლელობას, იგივე დროს, ფილარმონიასთან გეგმავენ შეკრებას ემიგრანტები.
ამ აქციას ერთი კონკრეტული ორგანიზატორი არ ჰყავს. მაგრამ, რამდენიმე ადამიანი მაინც გამოკვეთილად აქტიურობს, მათ შორის, მომღერალი პაატა ბურჭულაძე.
საოპერო მომღერალი, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში 2016 წლიდან არის ჩართული. 2016 წლის მაისში მან დაარსა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ და საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მაშინ ბლოკმა პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ, ბურჭულაძე პოლიტიკაში მაინც დარჩა.
ქვეყანაში მიმდინარე პროევროპულ პროტესტში ბურჭულაძე მისი დაწყებისთანავე ჩაერთო. ყოველ საღამოს დგას თბილისში, რუსთაველის გამზირზე. იგი მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერია. ეს მოძრაობა სპონტანურად, პროევროპული პროტესტის პერიოდში დაფუძნდა. ამ მოძრაობის გარშემო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. ისინი ამბობენ, რომ სურთ „საქართველო ივანიშვილის გარეშე“.
კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ბოლო პერიოდში მთლიანად 4 ოქტომბრის აქციის გარშემო იყო ფოკუსირებული, ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილია. ახლა ის ციხეშია.
ლევან ხაბეიშვილს ორი ბრალი წაუყენეს – ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირება და ქვეყნის გადატრიალება. ის უსაფრთხოების სამსახურმა იმ საჯარო განცხადებების გამო დააპატიმრა, რომელსაც საჯაროდ აჟღერებდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ხაბეიშვილი დაჯილდოებას ჰპირდებოდა იმ ძალოვნებს, რომლებიც უარს იტყვიან უკანონო ბრძანებების შესრულებაზე და აქციის მონაწილეების სასტიკად დარბევაზე.
4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში, მათ შორის, საპროტესტო ელექტორატშიც, ბევრი კითხვაა. მთავარი – რა მოხდება ამ დღეს?
„4 ოქტომბერს იწყება და მთავრდება ყველაფერი“, – ყველა ეთერში ამბობს პაატა ბურჭულაძე. აქციის სხვა მომხრეები ამ პათოსს მთლად არ იზიარებენ და ამბობენ, რომ 4-ში რომ არ დამთავრდეს, ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი მთავრდება. ისინი ხაზს უსვამენ, რომ პროტესტი ქვეყანაში დიდი ხანია დაწყებულია და ახლა ნელ-ნელა ეს პროცესები დასასრულისკენ უნდა წავიდეს – მთავარია შეიცვალოს რეჟიმი, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას.
ბურჭულაძე აქციაზე 200-დან 300 ათასამდე ადამიანს ელოდება. ის ამბობს, რომ აქციას სამი ლოკაცია ექნება და სამი საკითხი გადაწყდება. პირველი – უნდა თუ არა ქართველ ხალხს, ჩაიბაროს ქვეყნის მართვა? მას იმედი აქვს, რომ ამ კითხვაზე ყველას დადებითი პასუხი ექნება. ამბობს, რომ ამის მერე, ფაქტობრივად, “ქვეყნის სადავეებს ხალხი გადაიბარებს და გამოცხადდება ტექნიკური მთავრობა”.