"თქვენი რესურსები მცირდება" — ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს და ომის დასასრულებლად შეხვედრას სთავაზობს
ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს
4 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღია წერილით რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს მხარეებს შორის მიმდინარე ომის დასასრულებლად პირისპირ შეხვედრის თარიღის განსაზღვრა და მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არსებობს ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაწყვეტად ლიდერებს მასპინძლობენ, მათ შორისაა შვეიცარია, თურქეთი და არაბული სამყაროს ქვეყნები. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი კონფლიქტის ხაზზე შეერთებულ შტატებს შეუძლია უზრუნველყოს.
ზელენსკი წერს, რომ უკრაინა მზად არის სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის პრინციპით “ყველა ყველას სანაცვლოდ”, რაც ომის დასრულებისკენ კარგი დასაწყისი შეიძლება გახდეს. მისივე განცხადებით, აუცილებელია სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იმ სამოქალაქო პირებისა და ბავშვების დასაბრუნებლად, რომლებიც ომის დროს უკრაინიდან გაიტაცეს.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ნახა უკრაინის პრეზიდენტის წერილი და ვლადიმირ პუტინს მასზე მოგვიანებით მოახსენებენ. მისივე თქმით,
თუ ზელენსკის სურს პუტინთან შეხვედრა, მას შეუძლია “მოსკოვში ჩამოვიდეს.“
რას წერს უკრაინის პრეზიდენტი
“ღია წერილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს უკრაინის პრეზიდენტისგან
2026 წლის 4 ივნისი – 21:20
როდესაც თქვენ, 26 წელზე მეტი ხნის წინ, სათავეში ჩაუდექით რუსეთს, უკრაინაში ბევრი თქვენ მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი. ასე იყო. ეს უკვე წარსულია.
ახლა უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა პოზიტიურად აღიქვამს იმას, რომ ჩვენი შორი მოქმედების დრონები „ესტუმრნენ“ თქვენი ფორუმის გახსნას პეტერბურგში და 1000 კილომეტრზე მეტი მანძილი დაძლიეს. კარგად იცით, ეს მანძილი არ არის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი.
თქვენი მმართველობის 26 წელმა სრულიად შეცვალა დღის წესრიგი უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობებში.
სავაჭრო ბრუნვისა და სხვა სამოქალაქო საკითხების განხილვიდან, ჩვენი ხალხები გადავიდნენ ექსკლუზიურად დარტყმებისა და დანაკარგების თემატიკაზე.
თქვენი რუსეთის ხელისუფლებაში ყოფნის 26 წლიდან თითქმის ნახევარი უკრაინის წინააღმდეგ ომში გაატარეთ.
რასაც უნდა ამბობდეთ ნატოზე, გეოპოლიტიკასა და რუსულ ენაზე, ეს ომი თქვენი პირადი არჩევანია – ომი რეალური მიზეზის გარეშე.
სწორედ ასე დაიმახსოვრებს ამას ისტორია.
ეს დრო შეიძლებოდა სულ სხვაგვარად გასულიყო.
ხშირად გვესმის, რომ ომი თქვენ გაწყობთ. რა თქმა უნდა, არა იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება თქვენი ვალდაის რეზიდენციის ან მოსკოვის აღლუმის უსაფრთხოებას. თქვენი საკუთარი სიცოცხლე თქვენთვის ძვირფასია.
მაგრამ ახლა ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ეს, როგორც იქნა, აღარ აწყობთ რუსებს – ის, რომ ომს რუსეთისთვის სულ უფრო მეტი ნეგატივი მოაქვს.
მათ არ მოსწონთ ჩვენი დრონები და რაკეტები
მათ არ მოსწონთ ბენზინის დეფიციტი და ფასების მუდმივი ზრდა. მათ არ მოსწონთ მუდმივი აკრძალვები.
მათ არ მოსწონთ თქვენი განზრახვა, მოაწყოთ მობილიზაციის მეორე ტალღა, რათა ომი უკრაინის სხვა მიმართულებითაც გააფართოოთ ან რუსეთის რომელიმე სხვა მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართოთ.
მათ არ მოსწონთ, რომ თქვენს ომს ბოლო არ უჩანს.
დიახ, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ აიძულოთ რუსები ასე იარსებონ. მაგრამ თქვენი რესურსები საგრძნობლად მცირდება
თქვენ არ გეყოფათ ფული და პოლიტიკური ძალა, რომ კვლავაც იყიდოთ რუსების ლოიალობა, როგორც ამას 26 წლის განმავლობაში აკეთებდით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსოფლიომ ამაზე იზრუნოს.
როგორც თავადვე ამბობთ, „ყველაფერი დასათვლელია“.
გუშინ მივიღე მოხსენება მაისში უკრაინის ფრონტზე თქვენი არმიის დანაკარგების შესახებ. ეს კვლავ 30 ათასზე მეტი დაღუპული და მძიმედ დაჭრილი რუსი სამხედროა. ჩვენ ზუსტად ამ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ ყოველთვიურად და თქვენს თითოეულ დანაკარგზე გვაქვს ვიდეოდადასტურება – ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები.
ჩვენ ვიცით, რომ ფრონტზე თქვენი დანაკარგების 63 პროცენტი დაღუპულია, ხოლო მხოლოდ 37 პროცენტი დაჭრილი. XXI საუკუნეში არმიებს არ შეუძლიათ თავს ასეთი ბალანსის უფლება მისცენ. სამომავლოდ დაღუპულთა წილი კიდევ უფრო გაიზრდება.
არა იმიტომ, რომ ჩვენ უკრაინაში რუსებზე ვწუხვართ. ყველაფრის შემდეგ, რაც თქვენმა ომმა უკრაინას მოუტანა.
მაგრამ მე ვზრუნავ უკრაინელებზე.
ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ხალხს და თითოეული ჩვენი დანაკარგი გვტკივა. და მაშინაც კი, როდესაც უკრაინული დანაკარგების დონე ერთია ხუთთან ან ერთია ექვსთან რუსულ დანაკარგებთან შედარებით, ამას მაინც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ისევე, როგორც მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენ უკვე რეგულარულად, რამდენიმე თვეში ერთხელ, გადაწევთ ხოლმე ჩვენი რეგიონების, პირველ რიგში კი დონეცკის ოლქის აღების ბოლო ვადებს. თქვენ მას ვერც ამ წელს დაიპყრობთ.
მაგრამ ჩვენ უკრაინაში არ გვსურს მუდმივი ომი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ომის გარეშე ბევრად უკეთესია. ჩვენ გვინდა ამას მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსების უმრავლესობა მზად არის ამაზე პოზიტიური პასუხი გასცეს და თქვენ ეს იცით
ბევრს არ სჯეროდა, რომ უკრაინა თავდაცვაში ამდენ ხანს გაძლებდა. თქვენ არ გჯეროდათ. და მათაც, ვინც რჩევებს გაძლევდათ, ასევე არ სჯეროდათ. ეს შეცდომა იყო.
თქვენ არ ელოდით უკრაინისგან სრულმასშტაბიან წინააღმდეგობას და ვერ პროგნოზირებდით, რომ ყველაფერი ასე შორს წავიდოდა. თუმცა ჩვენ ყველანი აქ ვართ სრულმასშტაბიანი შეტაკების მეხუთე წელს.
ნუ გეშინიათ ომიდან გამოსვლის, ეს არის მთავარი, რაც ახლა თქვენგან არის საჭირო. უკრაინა ინარჩუნებს დამოუკიდებლობას. და შეინარჩუნებს კიდეც. ნებისმიერი სხვა პროგნოზის მიუხედავად
ჩვენ გავაერთიანეთ მრავალი ქვეყანა მსოფლიოში უკრაინის დასაცავად და თქვენს წინააღმდეგ. ჩვენ ვიპოვეთ იარაღი და ფინანსები.
ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერას, თქვენ კი სანქციებს. და ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინისთვის სამართლიანობა არ მიიღწევა, რომელიც ჩვენ გვსურს და რომლის მიღწევაც შესაძლებელია.
ჩვენ არ მივცემთ წარმატების მიღწევის საშუალებას მათ, ვინც ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საგრძნობლად შესუსტდება და უკრაინის მხარდაჭერა საგრძნობლად შემცირდება უკრაინის მიმართ თქვენს პოზიციაში არსებითი ცვლილებების გარეშე.
ორბანის მაგალითი აჩვენებს, თუ რა სირცხვილით ასრულებენ ისინი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარებას ირჩევს
უკრაინამ გამოიარა მძიმე ზამთრები, როდესაც თქვენ ჩვენი ენერგეტიკის განადგურებას ცდილობდით. ჩვენ გავუძელით და უკრაინელების სიმტკიცე სიბნელეშიც კი შენარჩუნდა
ჩვენ ომი თქვენს ტერიტორიაზე გადავიტანეთ და თქვენ ამას ჩრდილოეთ კორეის დახმარების გარეშე ვერ გაუმკლავდებოდით. თქვენ ხართ რუსეთის პირველი მმართველი, რომელიც იძულებული გახდა დახმარებისთვის ფხენიანისთვის მიემართა.
დღეს კი თქვენ სრულად ხართ დამოკიდებული ჩინეთზე – ესეც პირველად ხდება რუსეთის ისტორიაში.
თქვენ იმედოვნებდით, რომ უკრაინელებს არ ეყოფოდათ ძალა საკუთარი თავის დასაცავად, მაგრამ ახლა ჩვენი ბიჭები ჩვენს პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთსა და ყურის ქვეყნებში თავდაცვის შენებაში ეხმარებიან.
თქვენ უკრაინაში შიდა შფოთის იმედი გქონდათ, თუმცა თქვენს წინააღმდეგ თქვენივე სამხედრო ფორმირებები აჯანყდნენ.
23 ივნისს ამის მორიგი წლისთავი იქნება და მიჩუმება ამ ფაქტს ისტორიიდან ვერ წაშლის.
ახლა სწორედ თქვენივე მთავრობის წევრები, ბიზნესმენები და პროპაგანდისტები გიყურებენ აშკარა დაღლილობით.
მსოფლიო ამას ხედავს.
მსოფლიოს არ აქვს უკრაინისგან ის დაღლილობა, რომლის იმედიც დიდი ხნის განმავლობაში გქონდათ. აი, რუსეთისგან დაღლილობა კი გლობალურ სამყაროში იმათაც კი აქვთ, ვინც სანქციების გვერდის ავლასა და ეკონომიკის შენარჩუნებაში გეხმარებათ
თქვენ არ შეგიძლიათ ეს არ შეამჩნიოთ. 26 წლის შემდეგ სიბერემ თავისი გაიტანა. რაც დრო გავა, თქვენგან დაღლილობა მით უფრო გაიზრდება
ჩვენ ვნახეთ დაზვერვის დოკუმენტები, რომ თქვენ ახლა განიხილავთ ომის გეგმებს 2027 და 2028 წლებისთვისაც კი. ასევე ვიცით, რომ იმედოვნებთ, ბალისტიკა გააკეთებს თქვენთვის იმას, რაც ვერ შეძლო ყველაფერმა დანარჩენმა.
თქვენ გსურთ ომში კიდევ უფრო მეტად ჩაითრიოთ ბელარუსი და ახლა ჩვენ იძულებულნი ვართ ამისთვისაც მოვემზადოთ.
ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაც პარტიას ათამაშებთ დნესტრისპირეთთან დაკავშირებით. თქვენი პროპაგანდისტები ასე თუ ისე ემუქრებიან რუსეთის ყველა მეზობელს. მართლა გსურთ ამ ყველაფრის გავლა?
არჩევანი ახლა თქვენზეა.
საკმარისია ომი.
უკრაინა გთავაზობთ ამ ომის დასრულებას.
ეს უნდა გაკეთდეს პატიოსნად, ღირსეულად და იმის გარანტიით, რომ ომის ახალი გაჩაღება არ მოხდება.
ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მთელ თავის ყურადღებას ირანის საკითხს უთმობს და არასწორია უბრალოდ ლოდინი, თუ როდის მოუწევს რიგი მათ ყურადღებაში ევროპაში მიმდინარე ომს.
უკრაინა გთავაზობთ ომის დასრულებას ჩვენსა და თქვენს შორის არსებულ ფორმატში.
მე გთავაზობთ შეხვედრას.
ყველამ გაიგონა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები ღიმილით, თითქოს მე შემიძლია მოსკოვში ჩამოსვლა. მაგრამ ასეთი 26 წლის შემდეგ, უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში, ისევე როგორც რუსეთის ლიდერს კიევში, არაფერი ესაქმება.
არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაჭრელად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები – ბევრს შეუძლია და სურს ამ შეხვედრის მიღება.
სწორედ ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს – ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის.
მე გთავაზობთ შეხვედრის კონკრეტული თარიღის განსაზღვრას.
ჩვენ გვსმენია, რომ ალასკაზე დაგპირდნენ უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების გადაჭრას. თუმცა ხედავთ, რომ უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება.
ჩვენს შორის დაწყებულ ორმხრივ ტრეკს შეუძლიათ შეუერთდნენ სხვა განსაზღვრული მონაწილეებიც.
ვინაიდან ომი ევროპაში მიმდინარეობს, ჩვენც უკრაინაში გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და თქვენც გსურთ თქვენთვის უსაფრთხოების გარანტიები, ლოგიკურად გვეჩვენება იმათი მონაწილეობა, ვისაც რეალურად შეუძლია გარანტორებად გამოსვლა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპის მონაწილეობა აუცილებელია – იმათი, ვისაც რეალურად აქვს სიტუაციაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც უნდა იყოს ამ პროცესში და სწორედ ამას შეუძლია განსაზღვროს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონფიგურაცია მსოფლიოს ჩვენს ნაწილში.
ჩვენ უკვე გვქონდა რუსეთთან მრავალი ხელშეკრულებისა და მინსკის შეთანხმებების გამოცდილება, რომლებმაც არ იმუშავეს.
ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა ვიპოვოთ ჩვენი ორმხრივი პასუხები არსებულ კითხვებზე და არ დავემალოთ რთულ საკითხებს სხვადასხვა ფორმულირებების, ტექნიკური ჯგუფების მიღმა ან შატლური დიპლომატიით დროის კარგვით.
თქვენმა ომმა სამუდამოდ გამიჯნა უკრაინა და რუსეთი
ფრონტის ხაზი ახლა არის ის ხაზი, საიდანაც დიპლომატია უნდა დაიწყოს.
უკრაინა მზად არის ცეცხლი სრულად შეწყვიტოს იმ დროით, რა დროსაც მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ეს არის სტანდარტული პრაქტიკა, რასაც ახლა ირანის ირგვლივ არსებული გარემოებებიც ადასტურებს. რეალური სიჩუმის დამყარების მცდელობა საუკეთესო სტარტია ერთმანეთთან საუბრის დასაწყებად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება არა უბრალოდ მცდელობა, არამედ ცეცხლის რეალური შეწყვეტა, თუკი თქვენ ეს მოგესურვებათ.
თქვენ იცით, რომ შეჩერების ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი შეერთებულ შტატებს შეუძლია უზრუნველყოს.
უკრაინა მზად არის სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის პრინციპით „ყველა ყველაზე“ და ეს შეიძლება გახდეს კარგი პროლოგი ომის დასასრულებლად.
სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმ სამოქალაქო პირებისა და ბავშვების დასაბრუნებლად, რომლებიც ომის განმავლობაში იყვნენ გაყვანილნი.
უნდა განისაზღვროს, როგორი იქნება უკრაინელებისა და რუსების ყველა მომავალი თაობის მომავალი.
ჩვენ გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს.
მაგრამ თქვენც მოგიწევთ გაცილებით მეტი ბრძოლა თქვენი არსებობისთვის – არა რუსეთის, არამედ თქვენი პირადი არსებობისთვის. და ეს არ არის მუქარა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს რუსეთის ისტორიის ფაქტებია, რომლებიც თქვენ კარგად იცით: როდესაც რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება
ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ასეთ დაღლილობაზე.
თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ თქვენი ომი.
მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა შეიწირა.
დიდება უკრაინას!”