აფხაზეთში კონსტიტუციური რეფორმის მეხუთე მცდელობაც შეჩერდა. რა მოხდა?
კონსტიტუციური რეფორმა აფხაზეთში
აფხაზეთის საზოგადოებრივმა პალატამ პარლამენტი საარჩევნო სისტემის რეფორმის მიმართ წინააღმდეგობაში დაადანაშაულა. დეპუტატებმა საპასუხო განცხადებაში საკუთარ მიუკერძოებლობას გაუსვეს ხაზს.
ერთადერთი, ვინც ღიად გამოხატა პოზიცია, იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დაუთ ხუტაბა, რომელმაც განაცხადა, რომ პირადად ის რეფორმას ეწინააღმდეგება.
პროექტის მიხედვით, საარჩევნო სისტემის რეფორმა მაჟორიტარული მოდელიდან შერეულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. ეს წინადადება პარლამენტთან სპეციალურად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში წარმოადგინა.
კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების ოთხი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რომელსაც პრეზიდენტის კომისია ბოლო ათწლეულის განმავლობაში ახორციელებდა, მეხუთე ინიციატივა პარლამენტმა აიღო საკუთარ თავზე და ამ მიზნით დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი შეკრიბა.
სამუშაო ჯგუფმა საბოლოოდ წარმოადგინა რეფორმის პროექტი, რომელიც დეპუტატებს მხოლოდ ნაწილობრივ მოეწონათ. მათ მხარი დაუჭირეს ე.წ. პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის უფლებამოსილებების გადანაწილების იდეას, თუმცა უარყოფითად შეაფასეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება.
საზოგადოებრივმა პალატამ, რომელიც ამ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო, პარლამენტარები მკაცრად გააკრიტიკა და მათ “ვიწრო ინტერესების“ დაცვაში დასდო ბრალი, რადგან წინააღმდეგობას უწევენ შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.
საზოგადოებრივი პალატის ბრალდებების შემდეგ, პარლამენტმა მკაცრად უარყო ვარაუდი, თითქოს დეპუტატები საარჩევნო რეფორმას პირადი ინტერესების გამო ეწინააღმდეგებიან.
“ჩვენი მთავარი ამოცანაა ხალხის სამსახური და მათი ინტერესების უზრუნველყოფა. მზად ვართ ნებისმიერი ცვლილებისთვის, რომელიც გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და გაზრდის მოქალაქეთა ნდობას საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის და მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა კონსტრუქციულ ძალას, რომლის წინადადებებიც შესაძლებელია განხორციელდეს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით,“ – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით დეპუტატთა საერთო პოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დაუთ ხუტაბა გამოეყო. მან ღიად განაცხადა, რომ არსებული მოდელის შეცვლას არ დაუჭერს მხარს.
ხუტაბას თქმით, მოქმედი სისტემა “დასახვეწია და არა დასამხობი“. მისთვის უფრო სასურველი ცვლილებაა დეპუტატობის კანდიდატებზე მოთხოვნების გამკაცრება – მათ შორის, უმაღლესი განათლებისა და შრომითი სტაჟის აუცილებლობა.
ის ასევე მხარს უჭერს ასაკობრივი ზღვარის გაზრდას (ამჟამად დეპუტატობის კანდიდატს 25 წელი უნდა ჰქონდეს შესრულებული).
“შედეგი დროთა განმავლობაში გამოჩნდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილებები სერიოზული ნაბიჯია ჩვენი მოწვევის პარლამენტისთვის. ყველა ამ ზომამ უნდა გააუმჯობესოს პარლამენტის ხარისხი და მუშაობის დონე.
რაც შეეხება საარჩევნო სისტემის რადიკალურ შეცვლას, ერთ მოწვევაში მიმართულების უეცარ შეცვლას შეცდომად მივიჩნევ.“ – განაცხადა ხუტაბამ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო