მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვა. განაჩენის გამოცხადება 6 აგვისტოს გადაიდო
დღეს, 4 აგვისტოს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი სულ რაღაც ნახევარ საათს გაგრძელდა. პროცესზე სიტყვით გამოვიდა თავად მზია ამაღლობელი, რის შემდეგაც მოსამართლემ სხდომა 6 აგვისტოს 14 საათამდე გადადო. სავარაუდოდ, ამ დროს გამოცხადდება განაჩენი.
დღესაც, როგორც წინა პროცესებზე, ხალხმრავლობა იყო და დარბაზში შესვლა უამრავმამსურველმა ვერ შეძლო. სასამართლო დარბაზში კვლავ იმყოფებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე – წარმომადგენელი ევროკავშირის დელეგაციიდან მარი-კეროლინ ვერტომენი.
დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას მზია ამჯერადაც ფეხზე იდგა და ძალიან ღელავდა. დროდადრო სიტყვა უწყდებოდა და ცრემლებიც ერეოდა.
გთავაზობთ მის სიტყვას სრულად:
“მოგესალმებით! მიხარია, რომ ისევ ვხედავ ოჯახს, მეგობრებს, გულშემატკივრებს. მაგრამ უხერხულობის განცდა მაქვს, რომ ისევ მოგიწიათ აქ მოსვლა. ერთხელ, მახსოვს ვთქვი, რომ სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები გარეთ, რომ ჩემს საქმეზე და პატიმრობაზე ვერ ვკონცენტრირდები-მეთქი. ასეა ახლაც.
4 აგვისტო მონიშნული მქონდა როგორც თარიღი, როცა ნინო დათაშვილი, სინდისის პატიმარი, მარტოხელა დედა, მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს. ისიც იმ დაწესებულებაშია, სადაც მე. თუმცა ისეთ პირობებში ვართ, შემთხვევითაც ვერ გადავეყრებით ერთმანეთს. ნინო გამაგრდი, მარტო არ ხარ.
მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ პროკურატურა ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს, სულ ჩამოვიცალე.
მიჭირს გავიხსენო, როდის იყო მორალისგან დაცლილი ასე სისტემა.
გავიხსენე ნინოს სიტყვები,“მე მსხვერპლი არ ვარ” და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა. ნინო, რეჟიმი საკადრის პასუხს მიიღებს!
ბრაზის და უსამართლობის გამო, ბატონო პროკურორებო, მეც ამიწყლიანდება ხოლმე თვალები, ენაც მებმება და სიტყვებს ვერ ვპოულობ. რას იტყვით, საჭიროებს ეს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას?
დათაშვილის ფაქტის გამო, ბევრი სათქმელი უმნიშვნელო გახდა.
ძალიან მინდოდა, მესაუბრა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” მისიაზე, მიკუკერძოებლობაზე. ბატონი პროკურორი მიუთითებდა პასუხისმგებლიან ჟურნალისტიკაზე,რა სიკეთე მოაქვს მიუკერძოებელ გამოძიებას. კანონში ცვლილებები შესულა და კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეც გადარჩენილა.
ძალიან მინდოდა დღეს ვრცლად სოლიდარობის მნიშვნელობაზე და რუსული კანონის მავნელობაზე მელაპარაკა. მას რუსულს ვეძახით და მართლაც რუსულია.
იქ, სადაც მეშვიდე თვეა უკანონოდ გამოკეტილი ვარ, ბევრი საპროცესო გარიგება, სახელმწიფოს სხვადასხვა გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ვერ დავივიწყებ პატარა გოგოს ტირილს, ხმა საკანში აღწევდა. დედა მენატრებაო. როცა გავიგე, რომ მის მშობელთან საპროცესო გარიგებას აწარმოებდა, ძალიან გამიხრადა.
ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. პირიქითაა. ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხმყოფელია. ადვოკატებმა ჩემი პოზივია უკვე გაახმოვანეს. არა ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო გარიგებას. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, ის არ იყო თავდასხმა. რა სამართალია, ეს არ ვიცი.
ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გავუბრივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედების, სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი.
მახსოვს,ერთხელ სხდომაზე ბატონმა პროკურორმა მკითხა, ბრალდების კვალიფიკაციას თუ არეთანხმებით, რომელი მუხლი ერგებაო. ამას გვეკითხება პროკურორი, როცა გამომძიებელმა ისე შეკრა [საქმე]და მოიტანა სასამართლოში, რომ ჩემთვის კითხვა არ დაუსვამთ, ჩემი აზრი არ აინტერესებდათ.
დარწმუნებული ვარ, თავის დროზე, გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ, მიუკერძოებელი გამოძიება რომ ჩაეტარებინათ, დგებუაძის ინტერესები რომ გაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით არ შემოვიდოდა სასამართოში.
“სისხლით დავიჭერო”, შემპირდა, 4-დან 7 წლამდე, პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. სასამართლომ უნდა იმსჯელოს. იმაზე, თუ რა სასჯელი მერგება. ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს თქვენი სასჯელიც იქნება ბატონო პროკურორებო, ყველა იმ პირის პროფესიული სასჯელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩართული იყო ამ საქმეში.
სასამართლომ არ დაგვიკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ დაგვესვა კითხვები. დამნაშავედ მიხსენიებდნენ. გლობალური ომის პარტია მიმაგრებს ზურგს, ტრენინგებზე მასწავლეს სილის გარტყმა, ფულიც ავიღე თურმე. პოლიციის დაკნინებაზე და სისტემის ჩამოშლაზე მუშაობო. ათასი სიგიჟე და ბოდვა… ბოდიში, ამას რომ ვამბობ. არ გეგონოთ ამას შემთხვევითი პირები ამბობენ. ისინი ძალაუფლებაში არიან და მმართველ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ.
წინაზე ვთქვი და ვიმეორებ, განსაკუთრებით აქტიურობს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ბატონო ირაკლი, პოლიციის რეპუტაციის შელახვას დიფ სთეითი არ სჭირდება. თავად იქცევიანისე, რომ ანადგურებენ საზოგადოების ნდობას. ნდობის კრიზისი მაშინ შეიქმნა, როცა მათ რიგებში მოძალადეებს გადაეფარეთ და არ გამოიძიეთ ისეთი დანაშაულები, როგორიცაა ჩემს კოლეგებზე – როგავაზე, ქეშელაშვილზე და სხვებზე თავდასხმის ფაქტები. თავდასხმა რაც არის, რასაც უკეთებენ მაკა ჩიხლაძეს, როგავას, შეწირულს, ეს არის თავდასხმა.
მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, იმ პირებს, რომელთაც თავზე გადაახიეთ კონსტიტუცია და უთხარით, თქვენი მომავალი ევროპაში არ არისო. დააკავეთ, სცემეთ მარშრუტკებში, არც ეს საქმეები გამოიძიეთ. ამიტომაც ძალიან მიჭირს და აღარაფერს ვამბობ, იმ ღირსების შემლახველ მოპყრობაზე, რაც ჩემ მიმართ ჩაიდინა პოლიციამ.
ქალბატონო მოსამართლევ, მე ამის კადრები არ მაქვს და წარმოიდგინეთ, რასაც მოგიყვებით და აქამდეც მომიყოლია.
სრულიად მშვიდ გარემოში ჩნდება პოლიცია, აწყობს ჭყლეტას და მაქცევს ნიღბებიანებისგარემოცვაში. ძლიერი ბიძგების შედეგად ასფალტზე ვეცემი და ფეხებით გადამივლიან, გადამთელავენ.
ახლა მეორე ეპიზოდი წარმოიდგინეთ, სილის გარტყმის შემდეგ, ფეხშიშველი, რამდენიმე წუთის წინ დაწიხლული, პოლიციის განყოფილებაში ვზივარ. ხმაურითა და გინებით ოთახშიშე მოვარდება პირი, მოიწევს, ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე ის სახეები, ვინც ამარიდა მაშინ ამ პირის ფიზიკურ თავდასხმას. მადლობა ეკუთვნით მათ ჩემგან და იმიტომ.
ეს შემოვარდნები, გინებები სამჯერ მეორდება და ყოველი მომდევნო შემოვარდნა იმაზე უფრო შეურაცხმყოფელია, ვიდრე პირველი. ერთ-ერთი ასეთი შემოვარდნის დროს, ვიგრძენი, თავი ავწიე, შემაფურთხა სახეში. შემდეგ თავის თანამშრომლებს უთხრა, რომ წყალი არ მოეწოდებინათ და არც საპირფარეშოში გავეყვანე. არ მეგონა, საჯაროდ გავიმეორებდი, როგორ თქვა-“ჩაიფსას”. კადრად წარმოიდგინეთ, ეს პირი ე.წ. დაზარალებული ირაკლი დგებუაძე იყო.
ამის მერე დამცირება მისმა თანამშრომლებმა გააგრძელეს. ხელბორკილები დამადეს, ზურგსუკან შემიკრეს.ვივამედში როცა ვიყავი, ტელევიზიით აჩვენეს კადრი, საჩვენებელი კადრი, როგორ დააკავეს ადამიანი, წინ ხელები შეუკრეს. რომ ინატრებ, რომ ასე დაგაკავონ.
არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებიც საკმარისია.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად ვთვლი.
ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს, უფლებადამცველებს.
ვისაც არ დაეზარა, ქვა და ტალახი მესროლა, ჩემმა ადვოკატებმა შეძლებს და ფაქტებითდაუპირისპირდნენ პროპაგანდას. მათ შეძლეს, ჩემს სიმართლეზე ამ დარბაზში და მის მიღმაც არგუმენტებით და მტკიცებულებებით ელაპარაკათ. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა და სამართლიანობისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა.
დაიმახსოვრეთ მათი სახელები, ისინი ქართული მართლმსაჯულების საყრდენები გახდებიან.
მადლობას უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან. კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, არიქნება ამისთვის საკმარისი, იმსთვის მადლობის გადასახდელად, რასაც ვგრძნობ 200 დღეზე მეტია.
არ გატყდეთ! მე თქვენი მჯერა. მჯერა იმის, როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოცარ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული. აზრის, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მიმართული.
თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეს. ჩვენ დამნაშავეები არ ვართ”.
მზია ამაღლობელის სიტყვის დასრულების შემდეგ მოსამართლემ გამოაცხადა, რომ სხდომა გადაიდო 6 აგვისტოს 14 საათისთვის და პროცესი დასრულდა. პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოს ეზოში გაიმართა აქცია. მზიას მხარდამჭერები სკანდირებდნენ: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”“თავისუფლება მზია ამაღლობელს!” მიმართავდნენ მოსამართლე ნინო სახელაშვილს, რომმისი სახელი ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება უარყოფით კონტექსტში.
ამის შემდეგ სასამართლოს ეზოსთან შეკრებილი მხარდამჭერები მსვლელობით “ბათუმელების” ოფისისკენ გაემართნენ. აქ ისინი შეჩერდნენ, ისაუბრეს კიდევ ერთხელ მზია ამაღლობელზე და მადლობა გადაუხადეს “ბათუმელებს” და “ნეტგაზეთს” ამ რთულ დროს გამძლეობისთვის. მსვლელობა კვლავ გაგრძელდა იმ შენობებისკენ, სადაც გადაწყვეტილების მიმღები პირები სხედან, რომ მათაც გააგონონ ხმა.