ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებით, შემაშფოთებელია კანონმდებლობა, რომელიც სულ უფრო მეტად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და ხელს უწყობს მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას. მათივე განმარტებით, შემაშფოთებელია პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებები.
ამასთან, ეუთო/ოდირი განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნავს ბოლო თვეებში ათობით მომიტინგეს დაპატიმრებასა და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დაუცველობას. ასევე, ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე გაზრდილ ზეწოლას.
“ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი დაპატიმრებებსა და გასამართლებას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.
სინანულს გამოვთქვამთ საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული განზრახვის გამო – არ მოიწვიოს ოფისი ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც ბოლო ორი ათწლეული განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკიდან გადახვევაა.
ეუთო/ოდირი კვლავ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებას.”
“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე 18 ივნისს დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოცნება არ აპირებს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის მოწვევას.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკა ზოგადად არ არსებობს და ეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებს ეხება. იგი ასევე ირწმუნება, რომ “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებს ჯანსაღ გარემოში ჩაატარებს.
მანამდე დიდმა ბრიტანეთის საელჩომ ხელისუფლებას მოუწოდა, წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს. საელჩო ივანიშვილის მთავრობას ასევე მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მხედველობაში მიიღოს ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია.