საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირანს სოლიდარობა გამოუცხადა "ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა“ გამო
საქართველოს სოლიდარობა ირანს
“ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თბილისში, ირანის საელჩოში “ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე ირანს სოლიდარობა გამოუცხადა, – ამის შესახებ ინფორმაცია ირანის საელჩო ავრცელებს.
30 ივნისს და 1 ივლისს თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა “ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას“.
ღონისძიებას დაესწრნენ:
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი;
- საქართველოში თურქმენეთის ელჩი;
- ყაზახეთის ელჩი;
- ერაყის საქმეთა რწმუნებული;
- ჩინეთის სამხედრო ატაშე;
- ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.
ირანის საელჩოს განცხადება
“2024 წლის 30 ივნისს და 1 ივლისს, ორშაბათსა და სამშაბათს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აგრეთვე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – მათ შორის თურქმენეთისა და ყაზახეთის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე, ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.
მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ.
დიდ მადლიერებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის.” – წერია საელჩოს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება
ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის ირანის საელჩოში მისვლასა და მათთვის სოლიდარობის გამოცხადებაზე კომენტარს აკეთებს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას.
“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”.
2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი”, – ვკითხულობთ კომენტარში.
ირანის საელჩომ 20 ივნისს გამოაქვეყნა ელჩის განცხადება ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, როდესაც კონფლიქტისადმი საქართველოს დამოკიდებულებაზე ჰკითხეს.
“ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის პატივს სცემდა ქვეყნების დამოუკიდებლობას. ირანი მნიშვნელოვან მომენტებში, მათ შორის 2006 წლის ენერგოკრიზისის დროს, და აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მკაფიო მხარდაჭერით საერთაშორისო პლატფორმებზე, ყოველთვის ქართველი ხალხისა და საქართველოს გვერდით იდგა,
დღეს, როდესაც ადგილი აქვს ღია აგრესიასა და ომის დანაშაულებს, ჩვენი მოლოდინია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ჩვენი მეგობრები საქართველოში, თავიანთ პოზიციებს ჩამოაყალიბებენ საერთაშორისო სამართლის ამ მტკიცე პრინციპებსა და ჰუმანურ ღირებულებებზე დაყრდნობით.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოც ამ კუთხით პრინციპულ და სამართლებრივად გამართლებულ მიდგომას აირჩევს და ღიად დაგმობს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევებს, რადგან ამ პრინციპების დაცვა ყველა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესებშია“. – განაცხადა ირანის ელჩმა.
ისრაელის არმიამ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო. 21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზისა და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე, რასაც ირანმა უპასუხა დარტყმით კატარში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე.
ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
24 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ტრამპის თქმით, ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია.
ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ირანელ ხალხს მიულოცა ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე “გამარჯვება“. ამაზე პასუხად დონალდ ტრამპმა ხამენეი “ტყუილის“ გამო მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გადაწყვიტა, აღარ მოუხსნას ირანს სანქციები.