საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ 21 მაისს მათი თანამშრომელი, სიმონ ვანდერბრუკი საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც საელჩო “ფორმულასთან” აცხადებს, ამის შესახებ სიტყვიერი ნოტა გაუგზავნეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ვანდერბრუკს შეუძლია ქვეყანაში შემოსვლა.
“ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სათანადოდ აკრედიტებულ წევრს ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა მოქმედ ნორმებს, რომლებსაც საქართველო ვალდებულია, პატივი სცეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა სიტყვიერი ნოტა. საქართველოს ხელისუფლებამ ზეპირი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია [საქართველოში] თავის ადგილს დაუბრუნდეს”, – აცხადებს წარმომადგენლობა “ფორმულასთან.”