"შანტაჟის იარაღია" - რას ამბობს ოცნება და ოპოზიცია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე
ვიზალიბერალიზაციის შეჩერება
“ქართული ოცნების” წევრები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების შესახებ საუბრობენ და პროპაგანდისტული მესიჯბოქსით ამტკიცებენ, რომ “ვიზალიბერალიზაცია ოცნების” დამსახურებაა” და იგი კომფორტია, რომელსაც ქართველი ხალხი შეელევა, თუ იგი წინააღმდეგობაში მოვა ეროვნულ ინტერესებთან.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლის სამართლებრივი საფუძველი ივანიშვილმა მოსპო და გაანადგურა.
ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ამ პრივილეგიით – მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს “ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების“ ან “საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.“
რას ამბობს “ქართული ოცნება” და რას პასუხობს ოპოზიცია
“ქართული ოცნება”

ნინო წილისანი, “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი: “უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში — ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა. შესაბამისად ის ტყუილად არავის მოუცია…
თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად.”

შალვა პაპუაშვილი, “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე: “ეს რაიმე ღვთიური მანანა არის ეს უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა? ეს ის ხომ არ არის რაღაც პერიფერიისთვის ზემოდან ქედმაღლური ყურება, რომ ჩვენზე მოდის რაღაცა, მათი გადმოსახედიდან, გარკვეული მადლი, რომ აი გაძლევთ შესაძლებლობას შემოხვიდეთ. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა ქართველი ტურისტის გერმანიაში, საფრანგეთში წასვლას, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას გულისხმობს.
დღეს რომ ევროკავშირს ეკონომიკური ზრდა არის 1% და საქართველოში არის 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ვფიქრობთ ეკონომიკურად სწორად და სხვებს, რომ ერთპროცენტიანი აქვთ და უნდათ, რომ ზრდა ჰქონდეთ, თუ ვიზები ჩაკეტეს, არავინ არ შეუშვეს ტურისტი და ფული არ ხარჯა იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ.”

სოზარ სუბარი, “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი: “ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც Deep State ცდილობს.”

გია ვოსლკი, “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი: “ყველაფერს გადახაზავს უკვე, ყველა პრინციპს გადაუვლის ფეხით და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, 70-მდე ქვეყანაა, ვისაც უვიზო მიმოსვლა აქვს ევროპასთან. ევროპა შეშინებულია მიგრაციის სერიოზული ზრდით. საქართველოს შემთხვევას ცალკე ნუ განვიხილავთ, არის ბალკანეთის ქვეყნები, სხვა ქვეყნები, რომელზეც EU-ს სურს, იმედი აქვს და გეგმა აქვს, რომ დაამყაროს სრული კონტროლი, მარიონეტული რეჟიმი სჭირდება საქართველოში.”
რას ამბობს ოპოზიცია

თამარ ჩერგოლეიშვილი, პარტია “ფედერალისტები”: “უვიზო მიმოსვლაში უნდათ ქოცებსაც – არ არსებობს ქოცი, რომელიც გეტყვის, რომ “მე არ მინდა უვიზო მიმოსვლა ევროპაში”.
მაშინ, ჯინაზე გეუბნება უბრალოდ და გულწრფელი არ არის, შეუძლებელია ევროპაში თუ გიწევს მოგზაურობა გინდოდეს, რომ ვიზის რიგში ჩადგე და შეიძლება ვერ მიიღო.
როცა ქოცებმა თვითონ დაიწყეს მაგის ყვირილი, რომ “რად გვინდა უვიზო?”, პაპუაშვილმა თქვა, რომ “ღვთიური მანანა ხომ არ არის უვიზო?” – საქართველოს მოქალაქეების ძალაა უვიზო მიმოსვლა, საელჩოებში დგომა საქართველოს მოქალაქეებს გააძლიერებს თუ დაასუსტებს?
საქართველოს მოქალაქეების კომფორტსა და კეთილდღეობაზეა საუბარი.
[…] საქართველოს მოქალაქეები რაც უფრო ძლიერები არიან, მით უფრო ძლიერია ეს ქვეყანაც და მით უფრო დაცულია.რაში აწყობთ ეს სიგიჟე? თვითონაც ხომ ხვდებიან, რომ როცა დაძრეს უვიზო მიმოსვლაზე ლაპარაკი, როგორც ჩვენ არ გვაწყობდა თვითმართველაზე ლაპარაკი იმიტომ, რომ მათი ნორმალიზაციის იმიჯია; ისე არ აწყობთ მათ, უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე საუბარი – შესაძლებლობად ხედავენ, საფრთხეს ხედავენ.
ევროკავშირმა რომ ქმედითი სანქციები მიიღოს, ტარგეტირებული კონკრეტული თანამდებობის პირების წინააღმდეგ, სჭირდებათ კონსენსუსი – მანდ რეჟიმს მოკავშირედ ჰყავს უნგრეთი და ნაწილობრივ სლოვაკეთიც, რომელიც ბლოკავს ამას.
ტარგეტირებულ სანქციებს, ქართველი ხალხის დაზიანებას რეჟიმი აიძულებს თავისი მოკავშირე ორბანის დახმარებით – შესაბამისად, ისინი წირავენ მათ შორის, ქართული ოცნების მხარდამჭერების კომფორტს, კეთილდღეობას და ძალას, რომ თავიანთი პასპორტებით უვიზოდ იარონ ევროპაში, ოღონდ თავიდან აირიდონ ტარგეტირებული სანქციები; ორბანი ბლოკავს ამას.
იმის გამო, რომ სანქციები ვერ ხერხდება და იმის გამო, რომ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ “მოდი, უმრავლესობით რეჟიმის ცვლილებამდე უვიზო შევაჩეროთ” ამიტომ დაიწყეს ამაზე საუბარი მათთვის წამგებიან თემაზე და თვითონ ყვირიან იმაზე, რაზეც ჩვენ, ოპოზიცია ვსაუბრობთ, რომ გაჩერდება უვიზო მიმოსვლა, თუ არ შეჩერდა რეჟიმი.”

თინა ბოკუჩავა, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე: “უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი პრივილეგია, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის მხრიდან. ეს არის პრივილეგია, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ღირებულებებზე, ფასეულობებზე, რომელთა არამხოლოდ მასობრივი დარღვევა, არამედ ფეხქვეშ გათელვა ხდება ყოველდღიურად ივანიშვილის რუსული ოცნების მხრიდან. ამიტომ, ის სამართლებრივი საფუძველი, რაც არსებობს უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის, აღიგავა, მოსპო და გაანადგურა ბიძინა ივანიშვილმა.
ეს საფუძვლები მოირღვა, აღარ არსებობს, გაანადგურა ბიძინა ივანიშვილმა, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც ჩვენ ვარდების რევოლუციისა და მას შედეგ გატარებული რეფორმების შედეგად მოვიპოვეთ.
[უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმს, დათმობაზე წასვლა] უნდა ვაიძულოთ. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, თუ ამასაც შევეგუებით, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის გამო, ჩვენ ვეღარ შევძლებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას და 6-თვიან რიგებში უნდა ვიდგეთ.”
ნიკა გვარამია, პარტია “ახალი”: “იმედია ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება! აბა რუსეთთან შეკრულ და ირანთან და ჩინეთთან გადაფსკვნილ, ევროპის მაგინებელ და დამაზიანებელ ავტოკრატიულ რეჟიმს, არჩევნების მომპარავ, ხალხის დამრბევ და ციხეში ჩამყრელ დემოკრატიის დამაქცევრებს უვიზოს არავინ არ დაუტოვებს. თავი არ მოვიტყუოთ და სხვას არავის დავაბრალოთ! უვიზოს მოხსნა = ბიძინას!”

სალომე სამადაშვილი, პარტია “ლელო”: “ქართულმა ოცნებამ” არაერთი გაფრთხილება მიიღო, რომ მათი მხრიდან ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, დემონსტრანტების დარბევას, პოლიტიკური პატიმრების გაჩენას ქვეყანაში, შეიძლებოდა, გამოეწვია უვიზო რეჟიმის შეჩერება.
ნაცვლად იმისა, რომ უდანაშაულო ადამიანები გამოუშვას ციხიდან ბიძინა ივანიშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ გამოიძიონ ძალადობა და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში შედგეს დემოკრატიული პროცესი, ივანიშვილი მზადაა, რომ საქართველოს მილიონობით მოქალაქემ დაკარგოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროპაში, იმიტომ, რომ ასეთია რუსეთის დავალება.
სწორედ ის განცხადებები, რაც კეთდება ამ დღეებში, ეს არის უკვე ახალი პროპაგანდა ქართული ოცნების, რომელიც ცდილობს, თავიდან აირიდოს ის უზარმაზარი უკმაყოფილების ტალღა, რასაც პოტენციურად ქვეყანაში შექმნის უვიზო მიმოსვლის დაკარგვა ევროკავშირთან. ცდილობენ, ტვინი გამოურეცხონ, რომ თითქოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეს არ სჭირდება.”

გიორგი გახარია, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე: “გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში “ოცნება“ ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას საკუთარი თავის გარდა.
ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის – ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად.”
• საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.
• ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. “შეჩერების მექანიზმი” ამოქმედდება და ვიზალიბერალიზაცია გადაიხედება. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემების მიუხედავად, ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფრთხე არ დგას.
• ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად ქვეყნიდან წასვლის მოტივად საქართველოში არსებულ უმუშევრობას ასახელებენ. ასევე ევროპაში საქართველოს ბევრი მოქალაქე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიდის, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
• მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ევროპაში ქართული კრიმინალი – როგორც ორგანიზებული, ისე წვრილმანი ქურდობები. ამ პრობლემაზე განსაკუთრებით ხშირად მიუთითებს გერმანია. ამ ქვეყნის წარმომადგენლები გასულ წელს თბილისშიც კი იყვნენ და საქართველოს შს მინისტრს ქმედითი ზომების გატარება მოსთხოვეს.