SJC: მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები საგანგაშოა და მიმართულია მედიის წინააღმდეგ
მაუწყებლობის შესახებ კანონი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ 24 თებერვალს დაინიცირებული მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ სამი კანონპროექტი საგანგაშოა და მიმართულია მედიის წინააღმდეგ.
ორგანიზაციის შეფასებით, პირველი და მეორე კანონპროექტები მიმართულია მედიის, გაერთიანების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებების წინააღმდეგ, მესამე კანონპროექტი კი – თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლების წინააღმდეგ.
SJC-ში ამბობენ, რომ მაუწყებელთა სანქცირება გამოყენებული იქნება ქვეყანაში მოქმედი კრიტიკული მედია საშუალებების ხმის ჩახშობისა და რეპრესიის მიზნით.
24 თებერვალს საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები დაინიცირდა.
კერძოდ, ცვლილების მიხედვით, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღების (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) აკრძალვა იგეგმება.
რა წერია SJC-ის განცხადებაში
“მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პირველი კანონპროექტის თანახმად, კანონს ემატება დეტალური რეგულაციები ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხები.
კანონპროექტში წარმოდგენილი დეტალური რეგულაციების დიდი ნაწილი მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან არის აღებული.
აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებს არეგულირებდა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – №2 დადგენილებით დამტკიცებული ქცევის წესები. მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე აქამდე რეაგირებას ახორციელებდნენ მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმები.
კერძოდ, ქცევის კოდექსის საფუძველზე, მაუწყებლებში ფუნქციონირებს თვითრეგულირების შიდა ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჩივრების განხილვასა და მათზე რეაგირებას.
ინიცირებული ცვლილებებით, თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება ექნება სახელმწიფო ორგანოს – კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს შეეძლება საჩივარი შეიტანოს პირდაპირ კომუნიკაციების კომისიაში.
დარღვევის დადგენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება მაუწყებელთა მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები – გაფრთხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში – ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კონფერენციის რეკომენდაციით, თვითრეგულირება უნდა იყოს მაუწყებლობის სტანდარტების რეგულირების მთავარი გზა ტრადიციული მედია საშუალებებისთვის, როგორიც არის ტელე და რადიო მაუწყებლები.
მაუწყებლობის შინაარსობრივ სტანდარტებში სახელმწიფოს მიერ ჩარევისა და რეგულირების შემთხვევაში, არ უნდა დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი ფარგლები, პირობები და უფლებაში ჩარევის კრიტერიუმები.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებები, გარდა იმისა, რომ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას ენიჭება ფართო უფლებამოსილებები, პრობლემურია შინაარსობრივი რეგულირების თვალსაზრისითაც.
კანონპროექტში მოცემულია არაერთი ბუნდოვანი დებულება, რომელიც არსებით საფრთხეს უქმნის მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან მათი შინაარსი და ფარგლები გაუგებარია, შესაბამისად, განუჭვრეტადია, თუ როგორ განმარტავს მათ კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
მეორე კანონპროექტის თანახმად, ტელე და რადიო მაუწყებლებს ეკრძალებათ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების, მათ შორის, ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება. გამონაკლისს წარმოადგენს კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება.
ამასთანავე, იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლების მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
უცხოური ძალა შემდეგნაირად განიმარტება:
- უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
- ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
მედია მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად, ცალსახად წარმოადგენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.
აღნიშნული აკრძალვა არ ემსახურება არავითარ ლეგიტიმურ მიზანს. იგი არ იცავს არავითარ საჯარო ინტერესს ან სიკეთეს. პირიქით, ამ აკრძალვით ხელისუფლება ზღუდავს ფართო საზოგადოებისთვის ალტერნატიული ინფორმაციის მიღების გზებს და ებრძვის კრიტიკულ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესაძლებლობას.
ფართო საზოგადოებისთვის საზიანო ეს მიზანი თვალნათელია კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან, რომელშიც აღნიშნულია, რომ “მაუწყებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და შეუძლია მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა, შესაბამისად, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე შეიზღუდოს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღება”.
კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლების განცხადებით, აქამდე უცხოური დაფინანსების წილი მათ შემოსავლებში მცირე იყო, თუმცა, ხელისუფლების მხრიდან გაძლიერებული რეპრესიების ფონზე, უცხოური დაფინანსება შესაძლოა გამხდარიყო მნიშვნელოვანი წყარო მათი ფუნქციურობის შესანარჩუნებლად. სხვა შეზღუდვებთან ერთად, ამ მიმართულებით მედია მაუწყებლებისთვის ბარიერების დაწესება აშკარად მეტყველებს ქართული ოცნების მცდელობაზე, დაასუსტოს და შეავიწროოს კრიტიკული მედია საშუალებები, რომელთა საქმიანობა ნათელს ჰფენს ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას და ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებს.
მესამე კანონპროექტით ინიცირებული ცვლილებების თანახმად, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვები – ,,გენდერი’’, ,,გენდერული მიკუთვნება’’ და “გენდერული მრავალფეროვნება”.
ინიცირებული ცვლილებები დასაშვებს ხდის ტელე და რადიო მაუწყებლებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმების მიერ (მაგალითად, Myvideo.ge) ისეთი მასალის გავრცელებას, რომელიც ახდენს სიძულვილის წაქეზებას გენდერის ან გენდერული მიკუთვნების ნიშნით.
მაუწყებლობის შესახებ კანონის არსებული რედაქციით, ტელე და რადიო მაუწყებლებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ (სიძულვილის ენა) შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით.
კანონპროექტის თანახმად, მოცემული დებულებიდან ამოღებულია სიტყვები – “გენდერი” და “გენდერული მიკუთვნება”, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაშვები იქნება, მაგალითად, ისეთი სატელევიზიო პროგრამის ეთერში გაშვება, რომელიც ახდენს სიძულვილის წაქეზებას გენდერის ან გენდერული მიკუთვნების ნიშნით.
მაუწყებლობის შესახებ კანონის არსებული რედაქციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება. კანონპროექტის თანახმად, მოცემული დებულებიდან ამოღებულია სიტყვა “გენდერული” – საზოგადოებრივ მაუწყებელს აღარ ექნება ვალდებულება, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული გენდერული მრავალფეროვნება.
ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის გამყარების, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლისა და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების კონტროლს მიღმა არსებული თავისუფალი სივრცეების არსებობას. ასეთი სივრცის ერთ-ერთი მაგალითი საქართველოში კრიტიკული მედია საშუალებებია, რომლებსაც, მიუხედავად არაერთი დაბრკოლებისა, სააშკარაოზე გამოაქვთ ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულები, მასშტაბური რეპრესიები და ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები.
მმართველი პარტიის მიერ მედია საშუალებების წინააღმდეგ მიმართული ინიციატივები – მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ინიცირებული უკიდურესად პრობლემური შინაარსის ცვლილებები, მედია საშუალებების უფლებების შემზღუდველი რეგულაციები და მათზე კონტროლის გამკაცრება კომუნიკაციების კომისიის მეშვეობით მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს კრიტიკულ მედია საშუალებებზე ზეწოლის გაძლიერებას და ქვეყანაში ჯერ კიდევ შენარჩუნებული თავისუფალი სივრცეების მაქსიმალურად ჩახშობას, მისი ავტორიტარული ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად.” – ნათქვამია განცხადებაში.