იურისტის განმარტება ახალ ნარკოპოლიტიკაზე: ყველასგან დაიგნორებული პრობლემა კიდევ უფრო სახიფათო მასშტაბებს შეიძენს
იურისტის განმარტება ახალ ნარკოპოლიტიკაზე
იურისტი გურამ იმნაძე “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ნარკოპოლიტიკის ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ყველასგან დაიგნორებული პრობლემა კიდევ უფრო მეტად სახიფათო ფორმებს და მასშტაბებს შეიძენს.
“ქართული ოცნება” ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს. კერძოდ, პარლამენტში წარდგენილია რვა სხვადასხვა კანონში ცვლილება – მათ შორის არის სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონებში ცვლილებები.

გურამ იმნაძე: “ნარკოპოლიტიკაში დაანონსებულ ცვლილებებზე:
პარლამენტში და პარლამენტს მიღმა იმდენი მავნებლობა და საშიში რამე ხდება, დღეს ამ საკითხზე დიდი ყურადღების მიქცევა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც დავწერ რამდენიმე არგუმენტს, რატომაც დაანონსებული ცვლილებები ცალსახად არ ემსახურება რეალური პრობლემის მოგვარებას და პირიქით, რატომ იქნება ეს კიდევ ერთი კონტროლის იარაღი პოლიციის ხელში.
დაანონსებულ ცვლილებებს 3 მსხვილი მიმართულება აქვს:
1) ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის შედეგად მიღებული შემოსავლის ლეგალიზება – ამ კუთხით ჩვენს კანონმდებლობაში არანაირი პრობლემა არ არსებობდა აქამდეც. ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული შემოსავალი არის უკანონო შემოსავალი და მასზე ის სამართლებრივი რეჟიმი ისედაც ვრცელდება, რაც აქამდე ზოგადად უკანონო შემოსავალზე ვრცელდება. აქ მხოლოდ ტერმინოლოგიური დაზუსტებაა და არაფერ ახალ სამართლებრივ ან პროცესუალურ ინსტრუმენტს ეს ცვლილებები არ აჩენს პოლიციისთვის.
2) მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების კრიმინალიზება – რეალურად, აქ საკანონმდებლო ხარვეზი ნამდვილად გვაქვს, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. უბრალოდ, ჩვენს კანონმდებლობაში ისევ იმიტომ, რომ მცირე ოდენობები ძალიან ბევრ ნივთიერებას არ გააჩნია, პრაქტიკაში ამ ხარვეზს ამიტომ არ შეუქმნია პოლიციისთვის დიდი პრობლემა (ასე რომ არ ყოფილიყო, დიდი ხნის წინ ამოავსებნდნენ ამ საკანონმდებლო ხვრელს). სხვათა შორის, 2017 წელს სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ნარკოპოლიტიკის დიდი რეფორმა ამ ხარვეზის აღმოფხვრასაც ითვალისწინებდა.
3) ადამიანების იძულებითი ნარკოტესტირება – ჩემი აზრით, მთელი ამ კანონპროექტის რეალური მიზანი სწორედ ამ ცვლილებების განხორციელებაა, რომლითაც ქუჩის ნარკოტესტირების იმაზე მკაცრი რეგულირება შემოდის, ვიდრე “ნულოვანი ტოლერანტობის” ზენიტში გვქონდა. ამ ცვლილებებით, იძულებით ნარკოტესტირებაზე ნებისმიერი ფორმით უარი ხდება დასჯადი, ხოლო განმეორებით ამ ქმედების ჩადენა უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
ქუჩის ნარკოტესტირება დიდი ხნის მანძილზე იყო ეფექტიანი კონტროლის ინსტრუმენტი პოლიციის ხელში. იყო წლები, როცა პოლიციას 50 000 – 60 000 ადამიანი გადაჰყავდა ნარკოლოგიურში შარდის ჩასაბარებლად. ამ ადამიანების 2/3-ზე მეტი როგორც წესი, აბსოლუტურად ტყუილად იყვნენ ხოლმე იძულებით მიყვანილნი ნარკოლოგიურში, რადგან მათ მოხმარება არ უფიქსირდებოდათ. მაგრამ მთელი ამ პროცედურის მანძილზე ადამიანები იყვნენ პოლიციის სრულ კონტროლში, მათი მხრიდან შანტაჟის, მუქარის, ნარკოტიკის ჩადების საფრთხის ქვეშ.
როგორც ჩანს, სწორედ ამ მექანიზმის ახლიდან და უფრო ბრუტალურად ამოქმედებას გეგმავს ხელისუფლება და ადვილი გამოსაცნობია, ჩვენი საზოგადოების რა ნაწილის წინააღმდეგ მიმართავს მას.
ცალკე ხაზგასასმელი ისაა, რომ ამ სადღეგრძელოებით, რომლითაც ხელისუფლება გვესაუბრება, აბსოლუტურად მიგდებული და იგნორირებული გვრჩება პრობლემა, რომელიც მართლა პრობლემაა. დღეს არც ერთი პასუხისმგებლობიანი პროფესიონალი ამ დარგიდან არ იტყვის იმას, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში პრობლემა არაა. საქართველო პრობლემური მომხმარებლების რაოდენობით იყო და რჩება ერთ-ერთ “მოწინავე” ქვეყნად, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე სამაგალითოდ მკაცრი მიდგომები გვქონდა. ამ დრომდე არ იწარმოება ქვეყანაში ნარკოტიკის ზედოზირების რეალური სტატისტიკა. ამ დრომდე არ არსებობს “სწრაფი შეტყობინების მექანიზმი”, რომელიც საზოგადოებას და დარგის სპეციალისტებს გააფრთხილებდა “ნარკოსცენაზე” ახალი სახიფათო სუბსტანციების გამოჩენის თაობაზე. დღემდე მკურნალობა და რეაბილიტაცია უკიდურესად ხელმიუწვდომელია ბევრი ადამიანისთვის.
გარდა ამისა, დღეს საქართველოშიც და გლობალურადაც, რადიკალურად იცვლება ნარკოტიკის დამზადების, ტრანზიტის, მისი გავრცელების თუ მოხმარების გზები და ფორმები.
ამ რეალობასთან გასამკლავებლად კი არსებითად ახალი მიდგომებია საჭირო. ამ რეალობაში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პრევენცია და ზიანის შემცირება. რაც შეეხება პოლიციას – სასაცილოც კი აღარაა, როცა გვაჯერებენ, რომ დღევანდელ ნარკოვითარებას პოლიცია იმით გაუმკლავდება, რომ ისევ ათეულ ათასობით ჩვენს მოქალაქეს დაუწყებენ ნარკოლოგიურებში თრევას (როგორც წესი, 1 ადამიანის გადაყვანას მინიმუმ 3 პოლიციელის მინიმუმ 5-6 საათი ჭირდება). აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი ისაა, რომ წინათ თუკი ნარკოლოგიურში გადაყვანის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ მომხმარებელს საბოლოოდ გაემხილა, ვისგან და სად შეიძინა უკანონოდ მოხმარებული ნივთიერება, დღეს უკვე ეს მიზანიც ირელევანტურია, რადგან ადამიანები ჩეტბოტებით და სოციალური ქსელებით იძენენ ნარკოტიკს ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვთ, ამ ყველაფრის უკან ვინ შეიძლება იყოს.
ასე რომ, თუკი ვინმეს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის და მომავალი თაობების ბედი აღელვებს, იმედი უნდა გავუცრუო, რადგან ამ ცვლილებებით არაფერი შეიცვლება. უფრო პირიქით – ყველასგან დაიგნორებული პრობლემა კიდევ უფრო მეტად სახიფათო ფორმებს და მასშტაბებს შეიძენს.”