ირაკლი კობახიძის თქმით, რუმინეთმა, ესპანეთმა და იტალიამ პოზიცია "წნეხის გამო" შეცვალეს
ირაკლი კობახიძის განცხადება
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სამმა ქვეყანამ სანქციებთან დაკავშირებით საბჭოზე დაფიქსირებული პოზიცია “წნეხის გამო” შეცვალა. მისი თქმით, 3 ქვეყნის მხრიდან სანქციების საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია მისთვის საჯარო წყაროებიდან გახდა ცნობილი და “ამას დაემთხვა [ქართული ოცნების] წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაც”.
კობახიძის მტკიცებით, რუმინეთი “აიძულეს” საწინააღმდეგო პოზიცია დაეფიქსირებინა და ამ კონტექსტში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმებას ახსენებს და აშშ-ს “მუქარის შემცველი განცხადების გაკეთებაში” სდებს ბრალს.
რუმინეთი, იტალია და ესპანეთი აცხადებენ, რომ მხარი დაუჭირეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის წინადადებას სანქციებთან დაკავშირებით და ტყუილში ამხილეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც რუმინეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიასა და ესპანეთს “ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო” მადლობა გადაუხადა.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ
“მე გავაკეთე გუშინ განცხადება – ხუთ ქვეყანას გადავუხადე მადლობა ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და გუშინ აქედან სამი ქვეყანა ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა აზრადაც არ გაუვლიათ.
სინამდვილეში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად ქალბატონი კაია კალასის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი (მე არ მიხსენებია სამწუხაროდ ლუქსემბურგი და ლუქსემბურგსაც ეკუთვნის როგორც ჩანს, მადლობა, თუ არ უარყოფენ საკუთარ პოზიციას, მადლობა ეკუთვნით ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის). კაია კალასმა განაცხადა, რომ იყო უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც წავიდა სანქციების წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, მადლობა ამ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ რა ინფორმაცია გვქონდა. მაგალითად, რუმინეთი… არის ერთი ჟურნალისტი “რადიო თავისუფლები”ს ევროპული ბიუროს ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან ხშირად ეყრდნობა ხოლმე ქართული მედია, ეს არის ბატონი იოზვიაკი, რომელმაც დაადასტურა, რომ რუმინეთი იყო ერთ-ერთი, ვინც წავიდა სანქციების წინააღმდეგ.
თუმცა, გუშინ ნახეთ, რომ პირველი რუმინეთი აიძულეს, რომ საწინააღმდეგო პოზიცია დაეფიქსირებინა, ეს არავის უკვირს, თქვენ ნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი რუმინეთში შეაცვლევინეს გადაწყვეტილება ერთ დღეში. გამოვიდა ბატონი მეთიუ მილერი, რომელმაც პრაქტიკულად მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ
მან განაცხადა, რომ დაისჯებოდა ყველა, ვინც დაუპირისპირდებოდა რუმინეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს და ეს გააკეთა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტში. მეორე დღეს ადგა საკონსტიტუციო სასამართლო, აატრიალა საკუთარი გადაწყვეტილება და გააუქმა რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები, თან სრულიად განუსაზღვრელი საბაბით.
ანუ პირდაპირ გავრცელდა მუქარა მეთიუ მილერის მხრიდან და მეორე დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ შეცვალა რადიკალურად თავისი გადაწყვეტილება, ამ ფონზე, არავის უკვირს, რომ რუმინეთს გააკეთებინეს იმის საპირისპირო განცხადება, ვიდრე იყო მათი ქმედება.
იგივე ეხება ესპანეთს და იტალიას, აქაც საჯარო წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი უპირისპირდებოდნენ სანქციების იდეას და ამას დაემთხვა ჩვენი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციას.
შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომელიც ეყრდნობოდა ძალიან სანდო და საიმედო ინფორმაციას, თუმცა, ნახეთ, რომ ამას მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები. მე კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც ქართველ ხალხს დაუჭირა მხარი საბჭოს სხდომაზე.”