კობახიძე: დამთავრებულია, finita la commedia! რა თქვა პრემიერმა ბრიფინგზე
ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირი ანტიქართული ნაბიჯების გადადგმაში დაადანაშაულა, ხოლო მრავალათასიან საპროტესტო აქციებზე, რომლებიც პარლამენტთან უკვე თითქმის სამი კვირაა მიმდინარეობს, თქვა, რომ ეს არის ოთხი ოპოზიციის და “მდიდარი ენჯეოების” მიერ ორგანიზებული “800 კაციანი” შეკრებები.
ევროკავშირის “ანტიქართულ ნაბიჯებზე”
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე, ანტიქართულს უწოდებს.
როგორც პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ რეკომენდაციას არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუმცა ის ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში,” – განაცხადა პრემიერმა.
ამ განცხადებით, კობახიძე გამოეხმაურა 16 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრზე მიღებულ შეთანხმებას საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.
ასევე, კობახიძემ მადლობა გადაუხადა ხუთ ქვეყანას, რომლებმაც მისი თქმით, “ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე”.
” ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე,” – განაცხადა კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში მიწვევაზე
კობახიძე ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას გადაწყვეტილებას, მიიწვიოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის სესიაზე.
კობახიძის თქმით, ევროპარლამენტის სხდომაზე აპირებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს გაუმართონ “პატარა პერფორმანსი”:
” მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს თავისი გამოსვლა“,- განაცხადა კობახიძემ,
მისი თქმით, მსგავს პერფორმანსებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვერანაირი გავლენა ვერ ექნება.
ოპოზიციაზე და პროტესტებზე
კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რევოლუციის მეოთხე მცდელობა ჩაშალა და უკვე ოპოზიციას რუსთაველზე 800 ადამიანზე მეტი ვერ გამოჰყავს.
„დამთავრებულია ყველაფერია, ძალადობრივი რესურსი გაუნულდა რადიკალურ ოპოზიციას და 800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავს. დამთავრებულია ყველაფერი! ჩვენ უკვე ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა. 4 პოლიტიკური პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ – 800 კაცი… მარტო მათი თანამშრომლები და აქტივი რომ აიღო, რამდენჯერმე 800 კაცია და ეს 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეოც“ კი 800 ადამიანზე მეტს ვერ უყრის თავს რუსთაველის გამზირზე. დამთავრებულია! finita la commedia – როგორც იტალიელები იტყვიან“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკვე სამ კვირაზე მეტია, დედაქალაქის ცენტში და ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები იმართება. პროტესტი მას შემდეგ აგორდა, რაც 28 ნოემბერს, ქვეყნის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ოთხი წლით აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებების პროცესს. ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებამ 400-მდე ადამიანი დააკავა. ყოველ მეორეს ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნება. მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო აჩევნები.