"მოგიწოდებთ, წარუდგინოთ სანქციების წინადადება საბჭოს" - ევროპარლამენტარები კაია კალასს მიმართავენ
ევროპარლამენტარები კაია კალასს მიმართავენ
ევროპარლამენტარები წერილით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების დასანქცირებისკენ მოუწოდებენ. ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ, დაუყოვნებლივ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
ვრცელ წერილში ევროპარლამენტარები საუბრობენ საარჩევნო დარღვევებზე, სავარაუდო გაყალბებასა და სამოქალაქო პროტესტის ჩახშობაზე.
რა წერია ევროპარლამენტარების წერილში. მოკლედ
● ამ კვირაში, 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ – ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და სავარაუდო გაყალბებაზე.
● დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს პერსონალური სანქციების ყოვლისმომცველი პაკეტი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში მომხდარი მასობრივი დარღვევების საპასუხოდ.
კერძოდ, ევროპარლამენტი მოუწოდებს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალური პირებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასათანადოდ გამოყენებაზე
● სანქციები უნდა დაუწესდეთ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს და ქართული ოცნების გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს, გარდა ამისა, უნდა დასანქცირდნენ მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
● გარდა ამისა, ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი მოწოდება დაუყოვნებლივ და მიზანმიმართულ პერსონალურ სანქციებზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. გაიყინოს მთელი მისი აქტივები ევროკავშირის ფარგლებში მისი როლის გამო საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებასა და ქვეყნის კონსტიტუციით გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისთვის, მათ შორის რუსეთის გავლენის სფეროში საქართველოს დაბრუნების მცდელობებისთვის.
● ამ წერილით მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ წარუდგინოთ სანქციების წინადადება საბჭოს, რადგან საქართველოში ავტორიტარული ძალაუფლების მოპოვება ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს.
1 დეკემბერს ბალტიის სამი სახელმწიფო – ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი – საქართველოში “ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობების” წინააღმდეგ სანქციებზე შეთანხმდა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე პლატფორმა X-ზე წერენ.
კონკრეტულად ხელისუფლების რომელი წევრების სანქცირებაზეა საუბარი, ამ ეტაპზე მინისტრებს არ დაუკონკრეტებიათ.
“ბალტიის სამი სახელმწიფო – ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი ერთობლივად შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც ახშობს საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით.” – წერენ მინისტრები.