კაია კალასი და მარტა კოსი: EU-ში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია
კაია კალასი და მარტა კოსი
ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი, საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია.
კალასი და კოსი წუხან ირაკლის კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე.
რა წერია განცხადებაში
“ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს ირაკლი კობახიძის განცხადებებზე ქართული ოცნების გადაწყვეტილების შესახებ, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის მხრივ ნაბიჯების არ გადადგომასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
აღვნიშნავთ, რომ ეს განცხადება წარმოადგენს გადახვევას საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკისგან და ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი
ვიხსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და რომ ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარება, რომელსაც პირდაპირ საქართველოს მთავრობისთვის მოჰქონდა სარგებელი, ახლა შეჩერებულია.
ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩებში, რომ კვლავ დაადასტუროს საკუთარი მისწრაფებები ევროკავშირში შესვლის შესახებ.
ევროკავშირი ძლიერ გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ დგანან საკუთარი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. ამ ქმედებებს საქართველოს მთავრობის მხრიდან აქვს პირდაპირი შედეგები ჩვენს ურთიერთობაში.
საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავისუფლად შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას, და თავი უნდა შეიკავოს მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით. ყველა ძალადობის აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.
ევროკავშირი იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას ქვეყნის უწყვეტი დემოკრატიული უკუსვლის შესახებ, მათ შორის, დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში და განმავლობაში. ამ კონტექსტში, ევროკავშირი ელოდება OSCE/ODIHR-ის ბოლო ანგარიშსა და მის რეკომენდაციებს.
ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირში კარი ღია რჩება და საქართველოს ევროპული ღირებულებებთან და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ლიდერების ხელშია”. – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იმისათვის, რომ საკითხები ვერავინ გამოიყენოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად – “მივიღეთ გადაწყვეტილება”, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში “არ დავაყენოთ” ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
კობახიძის თქმით, ევროკავშირთან მოლაპარაკეები დღეს გამოიყენება შანტაჟისთვის და ქართული საზოგადოების გასახლეჩად.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება სახდეპის ვებგვერდზე ვრცელდება. მეთიუ მილერის თქმით, აშშ-მ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან “ქართული ოცნების”ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადად დებულებებს არღვევდა.