ამერიკის ხმა: ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია
ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია
“ამერიკის ხმის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. გამოცემის ცნობით, მიღებაზე მიწვეულთა სიაში თავდაპირველად კობახიძეც ეწერა, თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული მიწვევა მას გაუუქმდა. ამის შესახებ “ამერიკის ხმას” ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა და კონგრესის კიდევ ერთმა წყარომ დაუდასტურა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში მყოფი მსოფლიო ლიდერებისთვის ამგვარ მიღებას ტრადიციულად, ყოველ წელს მართავს. ასევე ტრადიციულად, როგორც წესი, მიღებაზე მიწვეულნი არიან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის ლიდერები, გარდა ისეთი ქვეყნებისა როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა.
გარდა ამისა, პრემიერმინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. პრემიერმინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ “საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს”.
“ამერიკის ხმისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “აირჩიე ევროპას” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები.
გამოცემის ინფორმაციით, უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან არ მისცა თეთრის სახლის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის. არამედ, პირიქით, ადმინისტრაციას საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა.
წინაისტორია
20 სექტემბერს “ამერიკის ხმამ” თეთრი სახლის მაღალ თანამდებობის პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.
აშშ-ის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირის თქმით, სანქციების ბაზისია 14024-ე განკარგულება. მისივე განმარტებით, განკარგულებას “აქვს ფართო უფლებამოსილებები მასში მოხვდნენ პირები, რომლებიც ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს, ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში. არსებობს აქტივობების მთელი რიგი, რომელიც სანქციებს ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის ფედერაციისთვის სასარგებლოა”.
დრო, თუ როდის ამოქმედდება სანქციები, ამას შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები არ ასახელებენ. ისინი არც იმას აზუსტებენ, ეს მომავალ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე მოხდება, თუ მის მერე.
პრემიერის ნიუ იორკში გამგზავრებამდე ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საკუთარ ფეისბუქზე დაწერა, რომ ირაკლი კობახიძე ისრაელის მაღალჩინოსნებს სთხოვს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად უშუამდგომლოს.
მოგვიანებით ტელეკომპანია “ფორმულამ” წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირადად მიიღო გზავნილი, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და მის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას წყვეტს. ეს კობახიძესთან შეერთებული შტატების ელჩის დაბარების და ვაშინგტონისადმი ღიად გაჟღერებული მუქარის შემდეგ მოხდა.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს მთავრობას ამერიკიდან საქართველოს ელჩი გამოაწვევინოს.