ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ISFED: ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უკანონოა
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნები (ISFED) ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია ქმნის სახიფათო პრეცედენტს იმისთვის, რომ იგი გამოიყენონ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვისთვის.
ამასთან, არასამთავრობოების მტკიცებით, გადაწყვეტილება არ შეესაბამება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ცნების განმარტებას.
არასამთავრობოების განცხადება. მთავარი
● მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პარტიისთვის დადგენილი გარკვეული შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.
განცხადებული საარჩევნო მიზანი კი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ.
● ანტიკორუფციული ბიურო მხოლოდ მსგავსი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში არის უფლებამოსილი, მონიტორინგის ფარგლებში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დაწესებული შეზღუდვები გაავრცელოს სხვა პირებზე.
● 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ გაუმართლებლად ფართოდ და კანონთან შეუსაბამოდ განმარტა კანონმდებლობით დაწესებული სტანდარტი, გამოიყენა რა თბილისის სააპელაციო სასამართლო მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა, რომ „აირჩიე ევროპის“ საქმიანობა „განცხადებული საარჩევნო მიზნის“ დეფინიციაში ექცეოდა.
საყურადღებოა, რომ სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია სუბიექტის „ხელისუფლებაში მოსვლის მიზანზე“, რომელიც არსებითი ელემენტია მისი “განცხადებული პოლიტიკური მიზნების” მქონე პირად მიჩნევისათვის.
● საიას და „სამართლიანი არჩევნების“ აზრით, ანტიკორუფციული ბიუროსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით მკაფიოდ დადგენილი „განცხადებული საარჩევნო მიზნის“ ცნების თვითნებური და არასწორი განმარტება, შესაძლოა წარმოადგენდეს სამოქალაქო მოძრაობების საქმიანობისა (სამოქალაქო აქტივიზმისა) და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტს.
● ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ერთ-ერთ დიდ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას წარმოადგენს, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შესაძლოა, აღქმულ იქნას არჩევნებზე დაკვირვების პროცესის შეფერხებად.
სახელმწიფო უწყების მსგავსი ქმედებები წარმოადგენს მისი მანდატის თვითნებურ გამოყენებას და აჩენს ინსტიტუტის მიმართ ნდობის მნიშვნელოვნად შემცირების დიდ რისკს.
“საია და „სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებენ ანტიკორუფციულ ბიუროს, გააუქმოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებები, შეწყვიტოს კანონის თვითნებური გამოყენება და იმოქმედოს საკუთარი მანდატის ფარგლებში.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (TI) და სამოქალაქო ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა” გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. ამის შესახებ ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა”, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.