ფორმულა: ევროკავშირში მიღწეულია შეთანხმება უვიზოს შეჩერებაზე დემოკრატიის უკუსვლის კვალდაკვალ
უვიზოს შეჩერება
ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.
მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან კონსულტაციები და შეთანხმების ეტაპი უკვე დასრულებულია.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” მიმართ პერსონალურ სანქციებს ევროკავშირში მუდმივად უნგრეთი ბლოკავს, თუმცა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ის გადაწყვეტილებაა, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის სრულ კონსენსუსს არ საჭიროებს და 15 ქვეყნის თანხმობაც საკმარისია.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მომავალი წლიდან პარტნიორებთან ურთიერთობები “გაჯანსაღდება”.
მისი თქმით, ელის, რომ უკრაინაში ომი შემდეგ წელს დასრულდება, რაც, მისივე ლოგიკით, საქართველოს მთავრობასა და პარტნიორებს შორის ურთიერთობების დალაგებას გამოიწვევს.
“მინდა, ყურადღება გავამახვილო პარტნიორებთან ურთიერთობაზე. არის გარკვეული სირთულეები, თუმცა მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, მაშინვე ყველა პრობლემა მოგვარდება და ურთიერთობები თავიდან ბოლომდე დაუბრუნდება ნორმალურ ჩარჩოებს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, დიდი იმედი და რწმენა გვაქვს, რომ უკრაინაში ომი მომავალ წელს დასრულდება.
შესაბამისად, მომავალი წლიდან თვისებრივად გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს შორის, რასაც ბუნებრივია, აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რათა ეკონომიკის განვითარებას არ შეექმნას არავითარი დაბრკოლება.” – თქვა კობახიძემ.
16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ძალოვნები, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე დაასანქცირა.
ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს “დემოკრატიის ხელყოფისთვის” სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სანქცირებულთა შორის არიან უმაღლესი სახელისუფლებო და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც “ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით”.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაიბლოკება აღნიშნული პირების ყველა საკუთრება და აქტივები, რომელიც აშშ-ში აქვთ, ან ფლობენ მათ ისეთ ქვეყნებში, რომელიც აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ ექცევა.