საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უცხოური ინტერესების გამტარებლად არ დარეგისტრირდება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უცხოური ინტერესების გამტარებლად არ დარეგისტრირდება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირებაზე უარს ამბობს.
გადაწყვეტილება ქარტიამ, რომელიც 300-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს, 14 აგვისტოს ჩატარებულ რიგგარეშე კრებაზე მიიღო. ქარტიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წევრები დაეთანხმნენ საბჭოს გადაწყვეტილებას, თუმცა ორგანიზაცია სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.
ქარტიის განცხადებაში წერია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებთან, რომლის აშენებასაც ცდილობს საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, თანასწორი მოპყრობის უფლებას და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს, გარანტირებულს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით.
“ეს კანონი შეუძლებელს ხდის საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანადგურებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს, ანგრევს საქართველოს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
რა უნდა ვიცოდეთ “აგენტების კანონზე. მოკლედ
● კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” 28 მაისს მესამე მოსმენით მიიღო.
● ხელისუფლებამ კანონი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საქართველოს დასავლელი პარტნიორების დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მკაცრი დასკვნის მიუხედავად მიიღო.
● 23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ„საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო იგეგმება სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.
● დეპუტატები, ძალოვნები, ოცნების ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები – 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და პირველ ეტაპზე მოიცავს დაახლოებით 30 ადამიანს.
● რუსული კანონის მიღების შემდეგ კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 41 ხმით 6-ის წინააღმდეგ MEGOBARI აქტი მიიღო. აქტის თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში “რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“, მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდება.
● კანონის ძალაში შესვლის შემდეგ საპასუხო ზომების მიიღო ევროკავშირმაც – ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც. მანამდე ევროპელმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კანონი აშორებს საქართველოს ევროკავშირს.
● ამავე დროს, საფრანგეთი გახდა ევროკავშირის წევრი მეორე წამყვანი ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დაიწყო. 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, გააუქმა ერთობლივი ფორუმი, უარი თქვა „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობაზე და ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე.
● ხელისუფლების მთავარი არგუმენტია ის, რომ მსგავსი კანონმდებლობა აქვს ამერიკასაც და ასევე რიგ ევროპულ ქვეყნებსაც, მათ შორის, საფრანგეთსაც. “ქართული ოცნების” განმარტებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას თავი უცხო გავლენისგან და მოსთხოვოს ორგანიზაციებს გამჭვირვალობა.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონის შედარება ამერიკულთან და ევროპულთან მცდარია და აი რატომ – კონკრეტული არგუმენტები:
ამერიკული კანონი FARA (Foreign Agents Registration Act), რომელზეც “ოცნება” აპელირებს, აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის წინ, 1938 წელს მიიღეს და ამ კანონის მიზანი იყო ამერიკის მოსახლეობა მაშინდელი მტრისგან – მესამე რაიხის ნაცისტური პროპაგანდისგან დაეცვა. არც მაშინ და არც დღეს FARA არ ვრცელდებოდა ამერიკის მოკავშირე, მეგობარ ქვეყნებზე.
იგივე, საფრანგეთში, სადაც “უცხო ქვეყნის გავლენის” კანონი ასევე აქვთ, პირდაპირ არის ჩამოთვლილი ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგ მოქმედებს ეს კანონი და ამ ჩამონათვალში ის ქვეყნებია, რომელთა გავლენის გაძლიერებასაც საფრანგეთი საფრთხედ მიიჩნევს და არა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები. საფრანგეთის შემთხვევაში ეს ქვეყნებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი. ფრანგულ კანონში პირდაპირი დათქმაა ანუ მოქმედებს ჩამკეტი მექანიზმი, რომ ევროკავშირის ქვეყნებზე ეს კანონი არ გავრცელდება. მსგავსი დათქმა არ წერია “ქართული ოცნების” კანონში და შესაბამისად, ეს კანონი პირდაპირ ურტყამს სწორედ საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების – აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ვითარდება.
მეორე ტიპის ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც “უცხო ქვეყნების გავლენების შესახებ” კანონებს ზოგიერთ სხვა ქვეყნებში ახლავს ხოლმე, ეს არის შეზღუდვა საქმიანობის მიხედვით. მაგალითად, იგივე FARA-ში, რომელსაც ედრება “ოცნება”, წერია, რომ კანონი არ ეხება არც მედია ორგანიზაციებს და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ მხოლოდ ლობისტურ ორგანიზაციებს. “ქართული ოცნების” ვარიანტში კი არც ამ ტიპის ჩამკეტი მექანიზმია გათვალისწინებული.
გამოდის რომ კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო რუსულის ანალოგია. ამიტომ მას საქართველოში “რუსულ კანონს” ეძახიან. რუსული ვარიანტიც პირველ რიგში სწორედ მედიაორგანიზაციებს და არასამთავრობო სექტორს შეეხო. დღეს რუსეთში დახურულია ყველანაირი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია, რომელიც არ კონტროლდება კრემლის მიერ.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. უნგრეთში როდესაც მსგავსი კანონი მიიღეს, ის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გააუქმა. ეს კანონი უნგრეთში პირდაპირ იყო მიმართული მედიის გასაჩუმებლად, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების შეურაცხყოფისთვის, ღირსების შესალახად.
მსგავსი შეზღუდვის დაწესება მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების მიმართ აჩენს ეჭვს, რომ ქვეყანა საგარეო ვექტორს იცვლის, რაზეც დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ექსპერტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობენ.
მრავალათასიანი მიტინგების მთავარი ლოზუნგიც სწორედ ეს არის – “კი ევროპას, არა – რუსეთს!”
კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, ამოქმედდება, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის, მაშინ როდესაც მზად იქნება სპეციალური რეესტრი, სადაც “უცხო ქვეყნის აგენტი” ორგანიზაციები საკუთარი ხელით უნდა დარეგისტრირდნენ.
“აგენტად გამოცხადდება ყველა ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხო ქვეყნის გრანტებია. პატარა, ღარიბ ქვეყანაში – საქართველოში – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა.
ევროკავშირის და აშშ-ის დახმარებით ქვეყანაში უკვე 33 წელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ნებისმიერ სფეროში – დაწყებული ჯანდაცვით და ინფრასტრუქტურით, დასრულებული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია ორგანიზაციების დიდი ნაწილი უარს ამბობს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” და “უცხოურ ძალად” რეგისტრირებაზე, რასაც ავალებს მათ კანონი. ორგანიზაციებისთვის და ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელია მსგავსი იარლიყი: “ჩვენ პატიოსნად ვშრომობთ საკუთარ ქვეყანაში, რატომ უნდა გვერქვას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი?”, კითხულობენ ისინი.
ამდენად, ბევრი პატარა ორგანიზაცია უკვე აკეთებს განცხადებებს გარდაუვალ დახურვაზე. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია, ფეა თრიიზ ფონდმა გაავრცელა განცხადება, რომ რუსული კანონის მიღების გამო, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებენ. ეს კლინიკა არასრულწლოვანებს უფასოდ უნდა მომსახურებოდა.
ან მაგალითად, ასევე განცხადება გაავრცელეს ცხოველთა დამცველებმა – მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების თითქმის ასი პროცენტი უცხოურ გრანტებზე არსებობს და ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი დაიხურება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უცხოური ინტერესების გამტარებლად არ დარეგისტრირდება