პრეზიდენტი და ოპოზიციის ნაწილი ე.წ. რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის ნაწილი ე.წ. რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. პლატფორმა “ერთიანობის” ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, კანონი კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს არღვევს. მისივე თქმით, სარჩელს თვის ბოლოს შეიტანენ.
„საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით, ასევე, გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში კანონს გაასაჩივრებს.
ასევე, რუსული კანონის მოწინააღმდეგე არსამათავრობო ორგანიზაციების ნაწილიც ამზადებს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად. მათი მოთხოვნაა, შეჩერდეს რუსული კანონის მოქმედება საქართველოში.
გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორი აპირებს საჩივრის გაგზავნას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ 2 სარჩელთან დაკავშირებით ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი ჩართული იქნება განხილვის პროცესში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით.
სახალხო დამცველს შეუძლია, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ანალოგიურად მოამზადოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ, ან სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს და ამ ფორმით დააფიქსიროს პოზიცია.
თამარ კორძაიას კომენტარი
“ძალიან კარგია, რომ დღეს პრეზიდენტი ხსნის ამ პროცესს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არცერთი სეგმენტი, არცერთი ნაწილი ამ კანონის არ დარჩეს გასაჩივრების გარეშე, რადგან ეს კანონი არავის არ უტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში.
ჩვენი სარჩელიც თითქმის მზად არის, თვის ბოლოს შევიტანთ სარჩელს სწორედ იმ მუხლებით, რომლითაც შეაქვს საქართველოს პრეზიდენტს, ეს არის კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა და კონსტიტუციის 22-ე მუხლის დარღვევა, რაც ნიშნავს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვას და რა თქმა უნდა, რაც ნიშნავს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის განადგურებას.
პარლამენტის წევრებმა ჩავთვალეთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 78-ე მუხლის აღსრულებაში ჩვენც, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ვთვლით, რომ 78-ე მუხლის დაწესებული ეს ბრძოლა ევროკავშირისთვის არის ჩვენი ვალდებულებაც, რადგან იქ წერია, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია, რომ გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამიტომ ოპოზიციის თანხმობა ამასთან დაკავშირებით არის და ჩვენც შევიტანთ სარჩელს, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარწმუნებული ვარ, რომ პერსონალური მონაცემების დაცვაში ფიზიკური პირებიც შეიტანენ სარჩელს.
რაც შეეხება განხილვის ნაწილს, მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აიღებს პასუხისმგებლობას რადგან თუ პარლამენტის წევრებზე, პრეზიდენტზე ვრცელდება 78-ე მუხლის ვალდებულება და ჩვენ გვინდა, რომ ეს ვალდებულება შევასრულოთ, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც ენდომება, რომ კონსტიტუციის მოთხოვნები თავადაც შეასრულოს და დროულად და ვადაში განიხილოს ეს სარჩელი.
აქ მეორე საკითხიც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავაყენეთ დროებითი მექანიზმის გამოყენების მოთხოვნაც, რომელიც ითვალისწინებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას და ეს მოითხოვს სწრაფად საკონსტიტუციო სასამართლოს შეკრებას და მსჯელობას ამ კანონის შეჩერების ნაწილში.”
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად [შესწორება 2017 წელს შევიდა “ქართული ოცნების” პირობებში}, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
რა უნდა ვიცოდეთ “აგენტების კანონზე. მოკლედ
● კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” 28 მაისს მესამე მოსმენით მიიღო.
● ხელისუფლებამ კანონი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საქართველოს დასავლელი პარტნიორების დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მკაცრი დასკვნის მიუხედავად მიიღო.
● 23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ„საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო იგეგმება სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.
● დეპუტატები, ძალოვნები, ოცნების ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები – 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და პირველ ეტაპზე მოიცავს დაახლოებით 30 ადამიანს.
● რუსული კანონის მიღების შემდეგ კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 41 ხმით 6-ის წინააღმდეგ MEGOBARI აქტი მიიღო. აქტის თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში “რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“, მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდება.
● კანონის ძალაში შესვლის შემდეგ საპასუხო ზომების მიიღო ევროკავშირმაც – ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც. მანამდე ევროპელმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კანონი აშორებს საქართველოს ევროკავშირს.
● ამავე დროს, საფრანგეთი გახდა ევროკავშირის წევრი მეორე წამყვანი ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დაიწყო. 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, გააუქმა ერთობლივი ფორუმი, უარი თქვა „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობაზე და ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე.
● ხელისუფლების მთავარი არგუმენტია ის, რომ მსგავსი კანონმდებლობა აქვს ამერიკასაც და ასევე რიგ ევროპულ ქვეყნებსაც, მათ შორის, საფრანგეთსაც. “ქართული ოცნების” განმარტებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას თავი უცხო გავლენისგან და მოსთხოვოს ორგანიზაციებს გამჭვირვალობა.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონის შედარება ამერიკულთან და ევროპულთან მცდარია და აი რატომ – კონკრეტული არგუმენტები:
ამერიკული კანონი FARA (Foreign Agents Registration Act), რომელზეც “ოცნება” აპელირებს, აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის წინ, 1938 წელს მიიღეს და ამ კანონის მიზანი იყო ამერიკის მოსახლეობა მაშინდელი მტრისგან – მესამე რაიხის ნაცისტური პროპაგანდისგან დაეცვა. არც მაშინ და არც დღეს FARA არ ვრცელდებოდა ამერიკის მოკავშირე, მეგობარ ქვეყნებზე.
იგივე, საფრანგეთში, სადაც “უცხო ქვეყნის გავლენის” კანონი ასევე აქვთ, პირდაპირ არის ჩამოთვლილი ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგ მოქმედებს ეს კანონი და ამ ჩამონათვალში ის ქვეყნებია, რომელთა გავლენის გაძლიერებასაც საფრანგეთი საფრთხედ მიიჩნევს და არა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები. საფრანგეთის შემთხვევაში ეს ქვეყნებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი. ფრანგულ კანონში პირდაპირი დათქმაა ანუ მოქმედებს ჩამკეტი მექანიზმი, რომ ევროკავშირის ქვეყნებზე ეს კანონი არ გავრცელდება. მსგავსი დათქმა არ წერია “ქართული ოცნების” კანონში და შესაბამისად, ეს კანონი პირდაპირ ურტყამს სწორედ საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების – აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ვითარდება.
მეორე ტიპის ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც “უცხო ქვეყნების გავლენების შესახებ” კანონებს ზოგიერთ სხვა ქვეყნებში ახლავს ხოლმე, ეს არის შეზღუდვა საქმიანობის მიხედვით. მაგალითად, იგივე FARA-ში, რომელსაც ედრება “ოცნება”, წერია, რომ კანონი არ ეხება არც მედია ორგანიზაციებს და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ მხოლოდ ლობისტურ ორგანიზაციებს. “ქართული ოცნების” ვარიანტში კი არც ამ ტიპის ჩამკეტი მექანიზმია გათვალისწინებული.
გამოდის რომ კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო რუსულის ანალოგია. ამიტომ მას საქართველოში “რუსულ კანონს” ეძახიან. რუსული ვარიანტიც პირველ რიგში სწორედ მედიაორგანიზაციებს და არასამთავრობო სექტორს შეეხო. დღეს რუსეთში დახურულია ყველანაირი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია, რომელიც არ კონტროლდება კრემლის მიერ.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. უნგრეთში როდესაც მსგავსი კანონი მიიღეს, ის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გააუქმა. ეს კანონი უნგრეთში პირდაპირ იყო მიმართული მედიის გასაჩუმებლად, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების შეურაცხყოფისთვის, ღირსების შესალახად.
მსგავსი შეზღუდვის დაწესება მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების მიმართ აჩენს ეჭვს, რომ ქვეყანა საგარეო ვექტორს იცვლის, რაზეც დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ექსპერტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობენ.
მრავალათასიანი მიტინგების მთავარი ლოზუნგიც სწორედ ეს არის – “კი ევროპას, არა – რუსეთს!”
კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, ამოქმედდება, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის, მაშინ როდესაც მზად იქნება სპეციალური რეესტრი, სადაც “უცხო ქვეყნის აგენტი” ორგანიზაციები საკუთარი ხელით უნდა დარეგისტრირდნენ.
“აგენტად გამოცხადდება ყველა ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხო ქვეყნის გრანტებია. პატარა, ღარიბ ქვეყანაში – საქართველოში – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა.
ევროკავშირის და აშშ-ის დახმარებით ქვეყანაში უკვე 33 წელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ნებისმიერ სფეროში – დაწყებული ჯანდაცვით და ინფრასტრუქტურით, დასრულებული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია ორგანიზაციების დიდი ნაწილი უარს ამბობს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” და “უცხოურ ძალად” რეგისტრირებაზე, რასაც ავალებს მათ კანონი. ორგანიზაციებისთვის და ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელია მსგავსი იარლიყი: “ჩვენ პატიოსნად ვშრომობთ საკუთარ ქვეყანაში, რატომ უნდა გვერქვას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი?”, კითხულობენ ისინი.
ამდენად, ბევრი პატარა ორგანიზაცია უკვე აკეთებს განცხადებებს გარდაუვალ დახურვაზე. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია, ფეა თრიიზ ფონდმა გაავრცელა განცხადება, რომ რუსული კანონის მიღების გამო, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებენ. ეს კლინიკა არასრულწლოვანებს უფასოდ უნდა მომსახურებოდა.
ან მაგალითად, ასევე განცხადება გაავრცელეს ცხოველთა დამცველებმა – მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების თითქმის ასი პროცენტი უცხოურ გრანტებზე არსებობს და თუკი ამ კანონს მიიღებენ, ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი დაიხურება.