ვენეციის კომისია გენდერულ კვოტებზე: ქმნის დიდ შეშფოთებას საარჩევნო კანონის სტაბილურობაზე
გენდერული კვოტები საქართველოში
ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლების მიერ გენდერული კვოტების გაუქმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც გამოთქმულია შეშფოთება და აღნიშნულია, რომ კვოტების გაუქმება საარჩევნო კანონის სტაბილურობაზე იმოქმედებს.
4 აპრილს საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირება გააუქმა. საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა.
ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას, ჰერმან საბოს და ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში – პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად.
18 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გენდერული კვოტების გაუქმებას ვეტო დაადო. ვეტო პარლამენტმა 15 მაისს დაძლია.
რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში
● ვენეციის კომისია ძალიან შეშფოთებულია, რომ ცვლილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, წინასწარი საჯარო კონსულტაციებისა და საქართველოს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წამოჭრილი შეშფოთების გათვალისწინების გარეშე.
● მეტიც, შესწორება, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიების კანდიდატების სიას, რელევანტურია არჩევნების შედეგებთან და მათი მიღება 2024 წლის ოქტომბერში ჩანიშნულ არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები ვადით ადრე ქმნის სერიოზულ შეშფოთებებს საარჩევნო კანონის სტაბილურობასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია კვლავ ხაზს უსვამს, როგორც ეს გააკეთა წინა მოსაზრებების სერიაში, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილებების პრაქტიკა ქმნის საარჩევნო პროცესის ერთიანობისთვისა და სახელმწიფოს მიერ დემოკრატიის გამყარების მცდელობების ძირის გამოთხრის საფრთხეს.
● არსებითად, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია (CEDAW) აღიარებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად – ისე, როგორც ეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის გადაწყვეტილებაში გააკეთა, რითაც მან დაადასტურა დროებითი გენდერული კვოტების კონსტიტუციურობა..
● მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ გააუმჯობესოს გენდერული თანასწორობა დემოკრატიულ ინსტიტუტებში, მათ შორის პარლამენტში, დადასტურდა, რომ გენდერულ კვოტებს შეუძლია ძლიერი გავლენა მოახდინოს ქალთა საპარლამენტო წარმომადგენლობაზე და ის არ ეწინააღმდეგება თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპს, თუ გააჩნია კონსტიტუციური საფუძველი, როგორც ეს საქართველოშია.
● ციფრები გვიჩვენებს, რომ ქალთა წარმომადგენლობა ქართულ პოლიტიკაში მართლაც გაიზარდა სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღების შემდეგ, მაგრამ მეტი წინსვლაა საჭირო: ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში 19.1%-მდე გაიზარდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ხოლო ადგილობრივ საბჭოებში 24%-მდე, 2021 წლის არჩევნების შემდეგ. თუმცა, ეს ჯერ კიდევ შორსაა რეკომენდირებული ევროპული სტანდარტისგან, რომელშიც ნებისმიერ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, პოლიტიკურ თუ საჯარო ცხოვრებაში, წარმომადგენლობის 40% ქალი ან კაცია.
● 2020 წლის ცვლილებები, რომლებმაც დააწესა გენდერული კვოტები საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების სიების კანდიდატებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიების ფინანსური წახალისება, შეესაბამებოდა ვენეციის კომისიის ძველ რეკომენდაციებს, თუმცა ახლა ისინი გააუქმეს ისე, რომ არ ჩაუნაცვლებიათ სხვა ზომებით, რომელთა მიზანიც ქალი კანდიდატებისთვის არჩევნებში ხელშეწყობა იქნება შესაძლებელი.
“ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს დროებითი სპეციალური ზომები, რომელთა მეშვეობითაც პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის ზრდის წახალისება მოხდება.” – წერია დასკვნაში.