რობინ დანიგანი: ზოგი ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ "გლობალური ომის პარტია" და რევოლუციას ვაღვივებთ
რობინ დანიგანი ომის პარტიაზე
ამბობენ, რომ გლობალური ომის პარტია ვართ, ამ ყველაფრის მოსმენა გულდასაწყვეტია – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის, “საბჭოთა მეხსიერება” ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში დეზინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, გახდე ევროკავშირის წევრი. ელჩის განმარტებით, არსებობს მოსაზრება, რომ ეს საკუთარ იდენტობაზე უარის თქმაა, “რაც სრული” სიცრუეა.
დანიგანი წუხილს გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტზე და ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ამ დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად.
რა თქვა აშშ-ს ელჩმა
“ჩვენ მზად ვართ, გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას, რომელიც დღეს გვაწუხებს. სამწუხაროდ, ეს ხდება საქართველოში. დეზინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს, გახდე ევროკავშირის წევრი. დეზინფორმაციის ერთი მაგალითია, თითქოს ეს გულისხმობს თქვენს იდენტობაზე უარის თქმას, რაც სრულიად მცდარია. თქვენ იცით, როდესაც ავსტრიიდან იტალიაში მიდიხართ, ეჭვგარეშეა, რომ შეინარჩუნებთ თქვენს კულტურულ იდენტობას. ეს არის დეზინფორმაციის ერთ-ერთი ასპექტი.
[…] გულისხმობს ღრმა მეგობრობას ამერიკელებსა და ქართველებს შორის, პარტნიორობას მედიცინისა და განათლების სფეროებში, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გაზიარებას, ერთმანეთის დახმარებას თავდაცვის ძალების გაძლიერებაში. 32 წლის განმავლობაში ჩვენ საქართველოს ექვსი მილიარდის დახმარება გავუწიეთ. ეს რიცხვი ნამდვილად არ მოგვითხრობს ამბავს.სამწუხაროდ, დღეს არსებობს დეზინფორმაცია შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩვენ ვართ „გლობალური ომის პარტია“, ან ჩვენ ვცდილობდით ამ ქვეყანაში რევოლუციის გაღვივებას, ან ცუდი ზრახვები გვაქვს. მართლაც გულდასაწყვეტია ამის მოსმენა, რადგან ჩვენი ისტორია ამ ქვეყანაში 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხალხთა ძლიერ კავშირს გამოხატავს.
ის, რაც ამბავს მოგვითხრობს, სინამდვილეში არის, რომ წლებია, ცალკეულ უნივერსიტეტებთან, სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ იმ პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რომელსაც დღეს ვიზიარებთ.
ასე რომ, გულდასაწყვეტია იმ ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს, შექმნას განსხვავებული სურათი, იმისგან განსხვავებით, რაც ვიცით, რომ სიმართლეა.
ასე რომ, დღეს მინდა, გავიმეორო შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია.
ეს არის მომავალი, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია. ეს არის მომავალი, რომლისთვისაც ჩვენ, ყველანი, ბევრს ვმუშაობდით ათწლეულების განმავლობაში და რომლის მხარდაჭერასაც აშშ განაგრძობს, რა გზითაც შეგვეძლება.“ – თქვა დანიგანმა.
● მოსაზრება: საქართველოში დემოკრატიის დაცემის შესაჩერებლად, აშშ-ს კონგრესმა ჯერ უნდა დაარწმუნოს, შემდეგ – დასაჯოს
● “საბოლოოდ, მივიღებთ დასანქცირებულ ხელისუფლებას, რომელიც იქნება კეთროვანი” – ზურაბ ბატიაშვილის კომენტარი
გამოხმაურება
“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი რობინ დანიგანის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათთვისაც საწყენია ის, რომ გამჭვირვალობაზე ლიბერალურ კანონს რუსულს უძახიან.
“ქალბატონ ელჩთან დიდი პატივისცემით და ეს ჩვენი მთავრობის მეთაურმაც ბევრჯერ აღნიშნა – ჩვენც ძალიან გვწყინს, როცა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ და ლიბერალურ კანონს რუსულს უწოდებენ. და აქედან გამომდინარე, მოურიდებლად, საქართველოს რუსეთის სატელიტობის იარლიყს კიდებენ. ჩვენც ძალიან გვწყინს და კარგი იქნება, რომ ჩვენს გულისწყვეტას ამ მხრივაც გაიგებენ.
ეს არის ის გლობალური დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება – ჩვენ ეს არ გვინდა. არ გვსურს, რომ ელემენტარულ გამჭვირვალობაზე ყველაზე უფრო ლიბერალური კანონი მთელი საქართველოს დემონიზაციისთვის გამოიყენებოდეს.” – თქვა ქადაგიშვილმა.