მმართველი პარტიის კანონპროექტით, საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად საჭირო 40%-იანი ბარიერი უქმდება
მაჟორიტარული არჩევნები
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული ცვლილებების თანახმად, საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად საჭირო 40%-იანი ბარიერი უქმდება. ამრიგად, საარჩევნო კოდექსში ცვლილების შემთხვევაში, მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
კანონის მოქმედი რედაქციით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე კანდიდატის საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება მაშინ, როდესაც ის მიიღებს კონკურენტებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმების 40%-ისა.
იმ შემთხვევაში თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 40%-იან ბარიერს, ინიშნება მეორე ტური.
აღნიშნული ბარიერი საარჩევნო კოდექსში 2021 წელს დაწესდა.
რას გულისხმობს ცვლილებები
აღნიშნული კანონპროექტით, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება, შედეგად, მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის შესაძლებლობა გაცილებით მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, საარჩევნო კანონს ახალი მუხლი დაემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. ამ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომლის ტერიტორიაზეცაა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად წარდგენილი.
“პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვის შემდეგ, აღარ იარსებებს რეგიონული პრინციპით დანერგილი წარმომადგენლების – მაჟორიტარების ინსტიტუტი. შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში არსებული, განსხვავებული გარემო-პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და შესაბამისი კომპეტენციის რეაგირების გაწევის მიზნით, პარტიები უფლებამოსილნი იქნებიან პარტიული სიების ფორმირებისას, განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის ან/და მუნიციპალიტეტის ნაწილის დელეგატი”. – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
● პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს
● პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი: “ქართული ოცნება“ ევროპაში ერთადერთი ევროფარისევლური პარტიაა, ამბობს ერთს, აკეთებს – მეორეს
● ოცნების ინიციატივა: ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს
TI: უკან გადადგმული ნაბიჯია – მოვუწოდებთ პარლამენტს, არ მიიღოს
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” (TI) გამოეხმაურა “ქართულმა ოცნების” ინიციატივას საარჩევნო ცვლილების შესახებ და მოუწოდა პარლამენტს მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტი არ მიიღოს.
ორგანიზაციის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილება ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ საკრებულოს წევრად არჩეულ იქნეს კანდიდატი, რომლის წინააღმდეგაც უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე მის მხარდასაჭერად. საბოლოო ჯამში კი იზრდება საფრთხე იმისა, რომ ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნება ადეკვატურად არ აისახოს მანდატებში.
TI-ს განმარტებით, ცვლილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები აღარ იარსებებს, რაც ზრდის ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის რისკს და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს უკარგავს შანსს, რომ მეორე ტურში მხარი ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭირონ.
“საილუსტრაციოდ, საკმარისია გავიხსენოთ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით ახლახან მიღებული ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლებიც მთლიანად უგულებელყოფს ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციებს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტს არ მიიღოს ინიციირებული კანონპროექტი”. – წერია TI-ის განცხადებაში.