"კითხვების მთავარი ადრესატი ივანიშვილია, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას" - პრეზიდენტის ბოლო ანგარიში პარლამენტს
პრეზიდენტის ბოლო ანგარიში პარლამენტს
დღეს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენება წარმოადგინა.
ზურაბიშვილის თქმით, კითხვების მთავარი ადრესატი კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე და სასამართლოზე ბიძინა ივანიშვილია, “ვინც რეალურად მართავს ქვეყანას”. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მიმართა პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს და განაცხადა, რომ სწორედ მასთან ასოცირდება “გავრილოვის შემოშვება” და “ანტიევროპული რიტორიკა.” სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ელიტურ კორუფციაზე და რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებზეც. მისი თქმით, ჰიბრიდული სტრატეგია ეფუძნება პროვოკაციებს, როგორიცაა მაგალითად “რუსული გემის პარპაში ან სტალინის ხატი.”
პლენარულ სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის შესვლისას “ქართული ოცნების” დეპუტატები ფეხზე არ წამოდგნენ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს არ მიესალმნენ. ოქტომბერში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას ზურაბიშვილის დარბაზში შესვლის დროს უმრავლესობა ფეხზე არ წამოდგა.
“დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, პირველად ვდგავარ როგორც ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის პრეზიდენტი. გილოცავთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა გამოსვლისას დაწყებისას.
რა თქვა საქართველოს პრეზიდენტმა:
“კითხვების მთავარი ადრესატია, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას – ივანიშვილი”
“საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარეები, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას. ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს.
საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს – რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ – ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა, მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?
რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის;
საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება – როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს, მაშინ, როცა ერთი მხრივ, ებრძვით ან ასე ამბობთ “ნაციონალურ მოძრაობას” და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ.”
● რა იყო ეს? – ექსპერტები საქართველოს პრეზიდენტის არშემდგარ იმპიჩმენტს აფასებენ
● მოსაზრება: ზურაბიშვილი საბოლოოდ გათავისუფლდა ბიძინა ივანიშვილის კომპლექსისგან და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი
● ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს. მთავარობაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება
“თქვენთან ასოცირდება გავრილოვის შემოშვება, ანტიევროპული რიტორიკა” – ზურაბიშვილმა ირაკლი კობახიძეს მიმართა
პარლამენტში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს მიმართა:
“მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორეს წასვლა და მესამის წახალისება, მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც პასუხის მიღება მათი უფლებაა. ასეთი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ დემოკრატიის მთავარი პრინციპია.
მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?“
“დავინახეთ თავისუფალი, ევროპული ახალგაზრდობა”
“გამოწვევის წინაშე დადგა ევროპული ორიენტაციაც – ჩვენს საუკუნოვან კურსს ჯერ შეუმჩნევლად, შემდეგ კი, უფრო მკაფიოდ შეეცვალა აქცენტები: ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა.
სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ შესამჩნევად შერბილდა პოზიციები. უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვამ, საერთაშორისო სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-სგან საჯაროდ დისტანცირებამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, ჩვენი საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა. დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით საფრთხის ქვეშ დავაყენეთ ჩვენ მიერ ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა და მიღწევები. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გაიმარჯვა და მოიპოვა კანდიდატის სტატუსი!
საზოგადოება არ დანებდა, იბრძოლა და დაიცვა საკუთარი მომავალი. ხალხის პრინციპულობამ შიგნით თუ გარეთ ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპელობაზე ჩვენი პრეტენზია საფუძვლიანია და ამ მიზნის მიმართ ქართველი ხალხის სულისკვეთება ურყევია. ჩვენი საზოგადოება კი დარწმუნდა, რომ მას გააჩნია ძალა და შეუძლია მიზნის მიღწევა; დავინახეთ ჩვენი თავისუფალი, ევროპული ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავლის შენებაში მათი განსაკუთრებული როლი გამოიკვეთა და იგი იმედის ძალად ჩამოყალიბდა.
ჩვენი საზოგადოების გამოცდილებით, თავისი ტრადიციული შემწყნარებლობით, სიბრძნით და თავშეკავებულობით თავიდან ავიცილეთ და გავუმკლავდით რუსული იმიგრაციისა და პროპაგანდის პროვოკაციებს. საზოგადოება არ წამოეგო რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს და შევინარჩუნეთ სტაბილურობა და ურყევი პროევროპულობა.”
“ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია”
“ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება. ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ.
ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა, თავისი ვერტიკალით, ერთპარტიულობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, გადარჩენისთვის საკუთარი თავის დამცირებით და დამნაშავედ ცნობით, კომპრომატებით, მოსმენებით და დასმენებით, კლანებითა და მონებით… აქ საბჭოთა სისტემაზე ვსაუბრობ.
დამოუკიდებლობის შემდეგ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა.
ამ სისტემისათვის დამახასიათებელია ოპოზიციის შევიწროების სურვილი. სისტემას არ სჭირდება არც პოლიტიკური კონკურენტი და არც კრიტიკული აზრი. აქედან გამომდინარე, ავტომატურად ხდება ნებისმიერი ალტერნატივის დემონიზაცია, ანუ უაპელაციოდ მოღალატის, აგენტის, რადიკალის იარლიყის მიკერება – “ვინც ჩემს ძალაუფლებაში მეცილება, ესე იგი, ქვეყანას ებრძვის”. კომპრომატები დისკრედიტაციისა და განადგურების იარაღია, მოსყიდვა კი, რბილი ალტერნატივა!”
● პენსიონერი მშობლების მორიგი საჩუქარი საქართველოს პრემიერს – 180 ათასი ლარი. ღარიბაშვილმა დეკლარაცია შეავსო
●“ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გარდა სხვა ოლიგარქი არ არის” – პრეზიდენტი ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა
“ჰიბრიდული სტრატეგია ეფუძნება პროვოკაციებს – რუსული გემის პარპაში, სტალინის ხატი”
“საოკუპაციო ხაზთან გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება, გატაცება და მკვლელობა. სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება/დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება – მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის.
ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია და ჯამში გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც რუსული კაპიტალის წილი ქვეყანაში.
ასევე, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები: ფრენების აღდგენა, “ფეესბეს” და სხვა მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული საკრუიზო გემის პარპაში ბათუმში, სტალინის ხატი სამების ტაძარში… ეს ყოველივე მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებაში გაღვივდეს შუღლი, დაპირისპირება და შეიქმნას დესტაბილიზაციის საფრთხე.”
“დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, უნდა შეძლოთ პრიორიტეტებზე შეჯერება” – პრეზიდენტმა ოპოზიციას მიმართა
“მივმართავთ ოპოზიციას, რამეთუ თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა. დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება, ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმს აღვივებს.
ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ და გითხრათ, გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა. ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა.”
“შევქმნათ მომავლის ქარტია – “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”
“მიზანი გაგვაჩნია – ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ, მომავლის ქარტია -“ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”!
მე მზად ვარ ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
ამ მიზნით მომავალ დღეებში ვაპირებ მოვიწვიო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები. ეს მიდგომა ინკლუზიური უნდა იყოს და მზად ვარ შევხდე და მოვუსმინო ყველას.”