გაეროს კვლევა: კაცების 74.7 პროცენტს მიაჩნია, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა
გაეროს კვლევა
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა წარადგინეს, საიდანაც ვიგებთ, რომ
ქალების 59.9%-ს და კაცების 74.7%-ს მიაჩნია, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა.
რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა. თვისებრივმა კვლევამ კი 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ, ჯამში 171 რესპონდენტი მოიცვა.
კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს შეკითხვები დაუსვეს სოციალურ ნორმებზე, მაგალითად, ეთანხმებოდნენ თუ არა ოჯახში ქალებისა და კაცების როლების და პარტნიორების წინაშე ვალდებულებების შესახებ სხვადასხვა დებულებას. ზოგიერთი დებულება ქალის როლისადმი ტრადიციულ, პატრიარქალურ დამოკიდებულებებს შეეხებოდა, ზოგიერთი კი გენდერული თანასწორობის მხარდამჭერ დამოკიდებულებას ასახავს.
რა აჩვენა ქალების პასუხებმა
● ქალების 59.9%-ს მიაჩნია, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა. 2017 წლის იმავე კვლევის შედეგების თანახმად აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მეტი – 65.8% იყო.
● ქალების 20.2% მიიჩნევს, რომ ცოლი უნდა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებას მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში ან საერთოდ არ ეთანხმება მას. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელს 22.7%-ს შეადგენდა.
● ქალების 55.1%-ის აზრით, კაცი უნდა აკონტროლებდეს და უძღვებოდეს სახლს.
● 15-24 წლის ქალები ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა (30.5%), კაცმა უნდა აკონტროლოს და უხელმძღვანელოს სახლს (30.9%) და ცოლი უნდა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებებს, მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში ან საერთოდ არ ეთანხმება მას (6.8%).
● უმაღლესი განათლების მქონე ქალები ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა (47.9%), კაცმა უნდა აკონტროლოს და უხელმძღვანელოს სახლს (39.7%) და ცოლი უნდა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებებს, მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში ან საერთოდ არ ეთანხმება მას (9.4%).
● სოფელში მცხოვრები ქალები, ყველაზე მეტად ფიქრობენ, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა (67.6%).
● თბილისში მცხოვრები დაახლოებით ყოველი მესამე და სხვა ქალაქებში მცხოვრები დაახლოებით ყოველი მეორე ქალი თვლის, რომ კაცმა უნდა აკონტროლოს და უხელმძღვანელოს სახლს.
● თბილისში მცხოვრები ქალები უფრო ნაკლებად ფიქრობენ, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა (46.2 პროცენტი).
● კვლევის მიხედვით, ქალების 21.4%-ს მიაჩნია, რომ ძალადობა ცოლსა და ქმარს შორის, მათი პირადი საქმეა და სხვა არ უნდა ჩაერიოს.
● ქალების 10.6% მიაჩნია, რომ ქალს უნდა რცხვენოდეს ან უხერხულად იგრძნოს თავი, ვინმესთან საუბრისას (მისი ოჯახის წევრების გარდა) იმაზე, რომ ქმარი მას ფიზიკურ ზიანს აყენებს ან აკონტროლებს.
● 9.8%-ის აზრით, ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა, რათა ოჯახი შეინარჩუნოს.
● ქალების 8.5% თვლის, რომ თუ ქალს ქმარი სცემს, ამაში ნაწილობრივ ან სრულიად თვითონქალია დამნაშავე.
● “მოდი, დანაშაულს „ტრადიცია“ დავარქვათ”. როგორ ხდება ბავშვთა ქორწინება საქართველოში ტრაგედიების მიზეზი
● გაეროს მოსახლეობის და განვითარების გლობალური სამიტი კენიაში. რა ვალდებულებებს იღებს საქართველო?
● სექსუალური განათლება საქართველოში: ვინ არის წინააღმდეგი, სკოლებში სიტყვა “სექსი” ისმოდეს
რა აჩვენა კაცების პასუხებმა
● ოთხიდან სამ კაცს (74.7 პროცენტი) მიაჩნია, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა.
● კაცების მესამედზე მეტი (37.3 პროცენტი) თვლის, რომ ცოლი უნდა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებას მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში ან საერთოდ არ ეთანხმება მას.
● კაცების 77.6 პროცენტის აზრით, კაცი უნდა აკონტროლებდეს და უძღვებოდეს სახლს.
კაცების დამოკიდებულება გენდერული როლების მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავდება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
● 15-24 და 24-34 წლის კაცები ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა (64.3 პროცენტი და 63.2 პროცენტი, შესაბამისად).
● 15-24 წლის კაცები, ასევე ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ, რომ კაცმა უნდა აკონტროლოს და უხელმძღვანელოს სახლს (61.6 პროცენტი) და ცოლი უნდა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებებს, მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში ან საერთოდ არ ეთანხმება მას (20.4 პროცენტი).
● უმაღლესი განათლების მქონე კაცები ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა (61.3%), კაცმა უნდა აკონტროლოს და უხელმძღვანელოს სახლს (70.1%) და ცოლი უნდა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებებს, მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში ან საერთოდ არ ეთანხმება მას (28.8%).
● სოფელში მცხოვრები კაცები უფრო მეტად ფიქრობენ, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა (83.2 პროცენტი), კაცმა უნდა აკონტროლოს და უხელმძღვანელოს სახლს (87.6 პროცენტი) და ცოლი უნდა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებებს, მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში ან საერთოდ არ ეთანხმება მას (47.8 პროცენტი). აღნიშნული მაჩვენებლები თბილისში ნაკლებია, ვიდრე სხვა ქალაქებში და სოფლებში.
● კვლევის მიხედვით, კაცების მესამედზე მეტს (37.2%) მიაჩნია, რომ ძალადობა ცოლსა და ქმარს შორის, მათი პირადი საქმეა და სხვა არ უნდა ჩაერიოს (მაჩვენებელი შემცირებულია, 2017 წელს 49.7% იყო).
● კაცების 20.3% მიიჩნევს, რომ ქალს არ შეუძლია უარი უთხრას ქმარს სქესობრივ კავშირზე.
● კაცების 16.2% თვლის, რომ ქალს უნდა რცხვენოდეს ან უხერხულად იგრძნოს თავი, ვინმესთან საუბრისას (მისი ოჯახის წევრების გარდა) იმაზე, რომ ქმარი მას ფიზიკურ ზიანს აყენებს ან აკონტროლებს.
● 15.1%-ის აზრით, ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა, რათა ოჯახი შეინარჩუნოს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ფოკუს ჯგუფებში გენდერისა და გენდერული როლების შესახებ საუბრისას, კაცები ხშირად იყენებდნენ კონსერვატიულ იდეებსა და ენას რელიგიასთან კავშირში:
„კიდევ და კიდევ გავიმეორებ ქალებზე ჩემს შთაბეჭდილებას, რომ, აი, უპირველეს ყოვლისა, გენდერული თანასწორობა, სიყვარულით, სითბოთი შექმნილი ოჯახი და მართლაც კიდევ ბიბლიის მხრივ ვიტყვი, რომ იყავი მორჩილი კაცისა. კაცმა უნდა იცოდეს ქალის პატივისცემა.“ – ფოკუს ჯგუფის დისკუსია ქალაქში მცხოვრებ 30 წლის და მეტი ასაკის კაცებთან.
„როცა ოჯახში პატივისცემა არის, თანასწორობა ვერ იქნება. თანასწორობა ჩემთვის, როგორც სიტყვა, არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც ქალმა იცის, როდესაც ქრისტიანია და ყველაფერი უფლის ნებით ვითარდება, ქრისტიანები ვართ. ქალის თავი კაცი არის და კაცის თავი ქრისტე არის ხომ, იქ ყველაფერი კარგად იქნება.“ – ფოკუს ჯგუფი სოფლად მცხოვრებ 30 წლის და მეტი ასაკის კაცებთან.