თბილისში ევროკავშირის რეკორდული სიდიდის დროშა შეკერეს
ჩვენი ხმა ევროპას
მარშისთვის, “ჩვენი ხმა ევროპას”, რომელიც 9 დეკემბერს უნდა გაიმართოს თბილისში, საქართველოში კერავენ ევროკავშირის რეკორდული სიდიდის დროშას.
უკვე ცნობილია, რომ დროშის ზომები იქნება: 22 მეტრი 33 მეტრზე.
დროშისთვის საჭირო ვარსკვლავები საქართველოს რეგიონებში შეკერეს. მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთშიც. ვარსკვლავებს დროშაზე დღეს, დღის ბოლოს თბილისში დაამაგრებენ.
ამ დროშას 9 დეკემბერს გაშლიან ევროპის მოედანზე, სადაც უნდა გაიმართოს მარში სახელწოდებით “ჩვენი ხმა ევროპას”.
“ეს დროშა იქნება სიმბოლური აქტი. დროშა თორმეტი ვარსკვლავით იქნება დამშვენებული. ვარსკვლავები ჩამოვა საქართველოს თორმეტივე რეგიონიდან. თერთმეტი უკვე გვაქვს. საღამოს ველოდებით მეთორმეტეს. ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან უნდა გადმოიტანონ ჩვენმა სტუდენტებმა გალიდან და სოხუმიდან”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ ჩაჩანიძე.
- ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. რა დათქმები მიიღო ქვეყანამ
- პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი: ხელისუფლებაში ყველაფერს აკეთებენ, რათა კანდიდატის სტატუსის მიღების ყოველგვარი შანსი მოანგრიონ
- შარლ მიშელი: ევროკავშირი და წევრობის მსურველები 2030 წლისთვის მზად უნდა იყვნენ გაფართოებისთვის
მარში – “ჩვენი ხმა ევროპას” საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაგეგმეს. მარში 9 დეკემბერს, 14:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.
“ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, როგორც მანამდეც, ევროკავშირს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა და გავაგონოთ ჩვენი ხმა.
შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, სტუდენტსა თუ პენსიონერს, საჯარო მოხელესა თუ პოლიტიკოსს, ვისთვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, გიწვევთ, რომ თქვენი ხმა შეუერთოთ სხვებს და საკუთარი წვლილი კიდევ ერთხელ შეიტანოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში“, – წერენ მარშის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში, ღონისძიების აღწერაში
ორგანიზატორების თქმით, ეს მსვლელობა და დროშა კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპული არჩევანის ერთგულია.
უკვე ცნობილია, რომ ამ მარშს შეუერთდება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ ის მარშს შეუერთდება, რათა „ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როცა ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან ჩვენკენ“.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა. მაგრამ, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ჩვენი ხმა ევროპას