ვედანტ პატელი: USAID-ის მიმართ ბრალდება სიცრუეა და მცდარად ახასიათებს დახმარების მიზნებს
ვედანტ პატელი USAID-ზე
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი ყოველდღიურ ბრიფინგზე USAID-ის მიმართ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ USAID-ის მიმართ ბრალდება სიცრუეა და არსებითად მცდარად ახასიათებს დახმარების მიზნებს.
“ნება მიბოძეთ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო USAID-ზე, რასაც ახლა ხაზი გაუსვით. ამასთან დაკავშირებით თბილისში ჩვენმა საელჩომ ძალიან ცხადი განცხადება გამოაქვეყნა და მე მას გავიმეორებ: ბრალდებები ჩვენი ერთ-ერთი დამხმარე პროექტის მიმართ სიცრუეა და არსებითად მცდარად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს.
როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა. ჩვენ გავაგრძელებთ იმ ქართული ორგანიზაციების დახმარებას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციის მიერ უზრუნველყოფილი ფუნდამენტური უფლებებისა და საქართველოს საერთაშორისო მისწრაფებებისა და ვალდებულებების დასაცავად”. – თქვა პატელმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 3 ოქტომბერსაც განმარტეს, რომ მათი ერთადერთი ჩართულობა საქართველოში ჰუმანიტარული და დემოკრატიული მიზნებისთვისაა. სახდეპის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, “ქართული ოცნებისა” და სუს-ის ბრალდებებს USAID-თან დაკავშირებით არ გაცნობია, თუმცა აღნიშნა, რომ ერთადერთი ჩართულობა, “რომელიც გვაქვს საქართველოში” არის ჰუმანიტარული და დემოკრატიული მიზნებისთვის.
● ვახტანგ ძაბირაძის კომენტარი: ყოველთვის სამოქალაქო არეულობაზეა საუბარი, როცა ხელისუფლება გავლენას კარგავს
● პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი: ხელისუფლებაში ყველაფერს აკეთებენ, რათა კანდიდატის სტატუსის მიღების ყოველგვარი შანსი მოანგრიონ
● “ე.წ. მეორე ფრონტზე დეზინფორმაციის მიზანი საზოგადოების მოწამვლაა” – რა თქვა ბორელმა პრემიერთან შეხვედრაზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორგანიზაცია CANVAS-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის დეტალები გაასაჯაროვა. სუს-ის განცხადებით, სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, ელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ოთხი დღის განმავლობაში თბილისში სასტუმრო “იბისიში” ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ “როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება”.
სუს-ის ინფორმაციით, სერბული ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ. სუს-ის მტკიცებით, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში გადატრიალების ორგანიზებასთან, მათივე განცხადებით, იკვეთება კავშირები ვარდების რევოლუციასთანაც.
აშშ-ის საელჩო სუს-ის ბრალდებებს მცდარს უწოდებს და აცხადებს, რომ საელჩო მზად არის მთავრობასთან განიხილოს ნებისმიერი საკითხი, რაც შესაძლოა შეშფოთებას იწვევდეს.
ორგანიზაცია CANVAS ბრალდებებს ზეწოლას უწოდებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.
“აღნიშნულ შემთხვევებს კანვას საქართველო აფასებს როგორც ზეწოლას როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ის იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
● თეთრი სახლი: ჩვენი ერთადერთი ჩართულობა საქართველოში ჰუმანიტარული, დემოკრატიული მიზნებისთვისაა
● უსაფრთხოების სამსახური: ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები თბილისში ხელისუფლების დამხობის მასტერკლასებს ატარებდნენ
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გამოაქვეყნა განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში უკრაინული ევრომაიდნის სცენარის გამეორება და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა იგეგმება.
გეგმის ავტორად დასახელებულია უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო;
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი;
სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.
სუს-ის განცხადებით, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, გამოიყენება ორგანიზაცია “კანვასი”, რომლის ბირთვსაც, სუს-ის მტკიცებით, სერბული ორგანიზაცია “ოტპორი” შეადგენს.
29 ოქტომბერს კი სამთავრობო “TV იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. გადატრიალების საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სერბეთის მოქალაქეები დაიბარეს. საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკის” ცნობით, აღნიშნული პირები ორგანიზაცია “კანვასის” წევრები არიან.