ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ჩვენს საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება
ნათია თურნავა საფინანსო სისტემაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მიუხედავად სებ-ის გუშინდელი გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვით აშშ-სგან სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგა, საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება.
ნათია თურნავა TBC ბანკისა და საქართველოს ბანკის განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან. სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ბანკი “სრულ უნისონშია საქართველოს საფინანსო სექტორთან, კომერციულ ბანკებთან”.
“არის გარკვეული ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც ასეთ დროს არ არის ხოლმე უგულებელყოფილი, აქედან გამომდინარე, სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, კომერციულ ბანკებთან. ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და ზოგადად, ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს, ასევე, მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ვიცით, თითოეულ საფინანსო ინსტიტუტს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები გააჩნია, რასაც პატივს ვცემთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
რა თქვა ნათია თურნავამ ბრიფინგზე:
● ჩვენი საფინანსო სისტემა არის მდგრადი, ჩვენი ბანკები არიან საკმაოდ მდგრადი, გამჭვირვალე ინსტიტუციები, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდურობის თვალსაზრისით მაღალუზრუნველყოფილი, ჩვენს საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება და ამ კუთხით ყველამ, საზოგადოებამ შეიძლება, შეინარჩუნოს სიმშვიდე.
● ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს, აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება მიებას კონკრეტული პირის დაცვას და ან სანქციებიდან თავიდან არიდებას, არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობა.
● ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია, ეროვნული ბანკი, ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ ჩვენი, საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით.
● ჩვენი ვალდებულება არის ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.
● “სამართლებრივი აბსურდი” – იურისტის კომენტარი სებ-ის გადაწყვეტილებაზე
● არასამთავრობოები: საქართველოს სპეცსამსახურები რუსული გავლენების გასანეიტრალებლად არ მოქმედებენ
● საქართველოს პრეზიდენტი: ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ აგენტი ყოფილა
14 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესება ოთარ ფარცხალაძის ბიზნესსაქმიანობას და რუსულ “ეფესბესთან” თანამშრომლობას უკავშირდება. პაკეტის ოფიციალურად გამოცხადებამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქცირებულთა შორის იყო “ქართველი-რუსი ოლიგარქი”.
გარდა ამისა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძის გარდა, სანქციები დაუწესდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, ალექსანდრ ონიშჩენკოს. რომელიც, სავარაუდოდ, “თავის თანამზრახველ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში” დაეხმარა.
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყოფილ გენერალურ პროკურორს და აშშ-ს მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. მას ყველა ანგარიში გაუყინეს.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.