"რეტრო" 30 000 ლარით დაჯარიმდა და შრომის უსაფრთხოების დარღვევისთვის საქმიანობის პროცესი შეუჩერდა
“რეტროს” მფლობელი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
რესტორანი “რეტრო” 30000 ლარით დაჯარიმდა და შრომის უსაფრთხოების დარღვევისთვის საქმიანობის პროცესი შეუჩერდა.
როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განმარტა, საქართველოს მასშტაბით შემოწმდა რეტროს სამივე ობიექტი და შრომის უსაფრთხოების დარღვევის გამო, რესტორანს შეუჩერდა საქმიანობის პროცესი.
ასევე, კომპანიას დაევალა ყველა ის დანაკლისი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლებს ჰქონდათ და აქ იგულისხმება როგორც ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, ასევე შვებულება თუ კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლების რეალიზება
5 ივნისს ბათუმში, რესტორან “რეტროს” მფლობელი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიება თეიმურაზ ვარშანიძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ დაიწყო.
“რეტროს” ყოფილ მენეჯერმა მარია ზოიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ “რეტროში” შრომის ინსპექცია შევიდა. ამასთან სამსახური თხუთმეტმა თანამშრომელმა დატოვა.
- კახა გოგოლაშვილის მოსაზრება: „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს
- ნიკა გვარამია: ღარიბაშვილის ტექსტები იყო კატასტროფა, საქართველო დღეს გრუზიაც კი აღარაა – ბელოგრუზიაა
- რუსული თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს
ყოფილი მენეჯერი ასევე წერს, რომ თავად “რეტრო” ცოტა ხნის წინ დატოვა, რადგან ვარშანიძემ ხალხით სავსე რესტორანში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა. მისივე თქმით, რუსების შემოდინებასთან ერთად რესტორანში რუსი თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებიც ძველ თანამშრომლებს ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უქმნიდნენ.
“მინდა ჩემი და იმ ადამიანების გამოცდილება მოგიყვეთ, რომელთაც ერთი სამუშაო სივრცე, რესტორანი რეტრო, გვაერთიანებდა. ვფიქრობ, რომ არ უნდა დავაყოვნო და ყველაფერი მოვყვე. გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ ისტორია.
მე, პირადად, რესტორან „რეტროში“ მენეჯერის პოზიცია მეკავა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. კონკრეტულ შემთხვევამდეც არ სუფევდა რესტორანში სამართლიანობა და ადამიანური მოპყრობა, მაგრამ მთავარი მაშინ დაიწყო, როცა რუსების შემოდინებიდან მალევე, მოიყვანეს რუსი მიმტანები, რუსი დიზაინერები და რუსი ფსევდოPR-ები, რომლებმაც არც ქართული იცოდნენ, არც ინგლისური და გვიქმნიდნენ ტოქსიკურ სამუშაო გარემოს. მათი აყვანიდან მალევე დაიწყო ამ ხალხის უპირატესად წარმოჩენა და გამუდმებით ჩვენი დაკნინება (გამომდინარე მფლობელის პრორუსული დამოკიდებულებიდან).
ამ სიტუაციაში რამდენიმე თვე მომიწია მუშაობა, თუმცა მთავარი მაშინ დაიწყო, როდესაც რეტროს მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ პიკის საათებში, როდესაც უამრავი სტუმარი იყო რესტორნის შუა დარბაზში, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით „შემამკო“. თავი დამცირებულად ვიგრძენი და სამსახური მაშინვე დავტოვე.
გუშინ კი ბევრად უარესი რამ მოხდა. რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელიით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ სადაც საჭიროა.
საშინელი შიშის შეგრძნება მაწუხებს. ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც რესტორნის მფლობელი ხელით ეხება თანამშრომლებს. ძალიან ბევრი რამის თქმა არის შესაძლებელია ამ ამბით მათზე და ასევე სხვებზეც.
მთელი ქვეყანა, რომ რუსეთის ჯიბის რესტორნად იქცა, ფაქტია. ჩვენ კი, მათ პირად მოსამსახურეებად. ამ ერთი ამბიდანაც კი მარტივად შეგიძლიათ დაასკვნათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების რეალისტურობა. კაცი, რომელიც არის გავლენიანი, პრივილეგირებული რომელსაც გუშინ ხელით შეეხო და ჰგონია, რომ როგორც აქამდე, ახლაც მარტივად გაუვა თავისი გავლენების გამო.” – წერს ზოიძე.
● რატომ არ ვითარდება ბიზნესი სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყნებს შორის? სამი ამბავი
● მექსიკის გავლით ამერიკაში – სად და რატომ გარბიან ქართველები