„კავკასიაში უკრაინული სცენარი ვითარდება“ - Freedom House სომხეთზე
Freedom House სომხეთის მიღწევებზე
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Freedom House-მა გაავლო პარალელები რუსეთის ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ და აზერბაიჯანის ქმედებებს შორის სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ:
„2014 და 2022 წლებში მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციამ გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და ფიზიკური უსაფრთხოების დაკარგვა. არსებობს მრავალი მინიშნება იმისა, რომ ბაქოს კონტროლის გაფართოება მთიან ყარაბაღსა და სომხეთის ზოგიერთ ტერიტორიებზე, ანალოგიურად ართმევს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლებასა და უსაფრთხოებას“.
თავის ყოველწლიურ ანგარიშში Freedom House ხაზს უსვამს, რომ კავკასიაში უკრაინის მსგავსი სცენარი ვითარდება, მაგრამ მას გაცილებით ნაკლები ყურადღება ექცევა. ორგანიზაცია მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს იგნორირება არ გაუკეთონ ამ საშიშროებებს და „გადადგან ყველა შესაძლო ნაბიჯი სომხეთში დემოკრატიის გასაძლიერებლად, ასევე უზრუნველყონ ყველა იმ ადამიანის თავისუფლების დაცვა, ვინც ცხოვრობს აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.“
სომხების იზოლაცია ყარაბაღში „ეკოლოგიური პროტესტის“ საბაბით
Freedom House-ის ანგარიშში ნახსენებია ლაჩინის დერეფნის ბლოკირება, რომელიც არის ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის „საკვანძო საგზაო რგოლი“ გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად.
ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს სამხედრო ოპერაციებზე. კერძოდ, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2020 წლის ომში გამარჯვების შემდეგ „აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის რეჟიმი მაინც განაგრძობდა თავის ტერიტორიული ამბიციების რეალიზებას სამხედრო საშუალებებით“.
დოკუმენტი შეიცავს სპეციალურ მინიშნებას აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე „მასშტაბურ შეჭრაზე“. საუბარია 2022 წლის სექტემბერში განხორციელებულ საომარ მოქმედებებზე.
სომხეთის მთავრობა „გარდამავალია“, აზერბაიჯანის – „ავტორიტარული“
წლიური ანგარიში აფასებს დემოკრატიის დონეს ცენტრალურ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. სომხეთი წარმოდგენილია გარდამავალი მთავრობის ან ჰიბრიდული რეჟიმის ჯგუფში; პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ამ ჯგუფში ასევე შედის უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.
3.11 ინდექსით სომხეთი ჩამორჩება უკრაინას (3.36) და მოლდოვას (3.14), მაგრამ ოდნავ უსწრებს საქართველოს (3.04).
დემოკრატიზაციის ინდექსის მიხედვით ქვეყნები ფასდება შვიდბალიანი შკალით. გასულ წელს სომხეთის რეიტინგი 3.04 იყო.
მეზობელი აზერბაიჯანი რუსეთთან და ბელარუსთან ერთად შედის კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნების ჯგუფში.
„რუსეთის შეჭრა უკრაინაში, აზერბაიჯანის შეჭრა სომხეთში და რეპრესიები ქვეყნების შიგნით, ცენტრალურ აზიაში წარმოადგენს ავტორიტარული რეჟიმების კრიტიკულ საფრთხეს“, – აცხადებენ Freedom House-ის ექსპერტები.
სომხეთის დემოკრატიული განვითარება “ძლიერ წინააღმდეგობას აწყდება”
უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს ჯერ არ გაუკეთებია განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, 2022 წელს მან განაგრძო დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა და გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გააუმჯობესა თავისი პოზიცია რამდენიმე ინდიკატორით.
ანგარიშის მიხედვით, სომხეთში პროგრესი დაფიქსირდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის სფეროში.
თუმცა, Freedom House აფრთხილებს სომხეთს, რომ ვითარება ქვეყანაში შეიძლება გაუარესდეს, გასული წლის აგვისტოს ადგილობრივი არჩევნების წინ ოპოზიციის კანდიდატების დაკავების გათვალისწინებით.
მოხსენების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინა, მოლდოვა და სომხეთი ბოლო წლებში „სტაბილურად აუმჯობესებენ თავიანთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს“. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნები წინ წავიდნენ სამოქალაქო ჩართულობისა და საარჩევნო თანმიმდევრულობის გამო.
„თავისუფალ არჩევნებში არჩეული ხალხი და ლიდერები იბრძოდნენ უკეთესი მმართველობისთვის მაშინაც კი, როცა ავტორიტარული რეჟიმების აგრესია საფრთხეს უქმნიდა მათ უსაფრთხოებას.
სომხეთის დემოკრატიულ პროექტს ძლიერი წინააღმდეგობა ემუქრება იმის გამო, რომ იგი ეყრდნობა ავტორიტარულ რუსეთს და მის მეზობლადაა ასევე ავტორიტარული აზერბაიჯანი, რომელიც მის მიმართ მტრულადაა განწყობილი.“ – ნათქვამია ანგარიშში.