"ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟამ სტუმარ-მასპინძელი" - მმართველი გუნდი პრეზიდენტს დაესხა თავს
მმართველი გუნდი პრეზიდენტს დაესხა თავს
ლავროვის ოჯახის საქართველოში შესაძლო ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს არ მისცემს უფლებას ქართველ ხალხს ქსენოფობი უწოდოს, რაზეც კობახიძემ პრეზიდენტი და ელენე ხოშტარია შეურაცხმყოფლად მოიხსენია და სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლის კრიტიკის გამო “ბნელები” უწოდა. მისი თქმით, მათთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ სტუმარ-მასპინძელი.
ამასთან, Georgian Airways-ის დირექტორი, თამაზ გაიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოიკოტს ეხმაურება და ავრცელებს განცხადებას, სადაც ამბობს, რომ კომპანია ზურაბიშვილს პერსონა ნონ გრატად აცხადებს მანამ, სანამ ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის.
პრეზიდენტს თავს დაესხა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც. მისი თქმით, პრეზიდენტი “ჩაყოლილია” ნაცურ ნარატივს.
რა თქვეს “ქართული ოცნების” ლიდერებმა და რა განცხადება გაავრცელა Georgian Airways-მა
ირაკლი კობახიძე: “ქორწილის ჩაშლა, მითუმეტეს, იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არც დანაშაული აქვს კონკრეტულად რაიმე ჩადენილი და არც არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა, თავის დროზე, თქვენ იცით, სტუმარ-მასპინძელი ვაჟა ფშაველამ დაწერა მე-19 საუკუნეში – მაშინ ზოგადად მსოფლიოში ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის ეხებოდა ეს საქართველოსაც.
ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ სტუმარ-მასპინძელი. მე მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, ზუსტად დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.”
Georgian Airways-ის განცხადება: “ყველამ იცის, რომ ნებისმიერ ქართველს უფრო მეტი აქვს საქართველოსთვის გაკეთებული, ვიდრე ქალბატონ ზურაბიშვილს. მას საქართველოში, როგორც ადრე იტყოდნენ, არცერთი შრომადღე არა აქვს გამომუშავებული. მოღალატედ დაბადებული ადამიანი, როგორც ჩანს, ვერც გრძნობს-ხოლმე თუ როგორ ღალატობს ადამიანებს, საქვეყნო ინტერესებს, სამშობლოს.
დიდი მადლობა ქალბატონო სალომე ყველაფრისთვის, აფერუმ, რომ ასე უდგახართ გვერდში ქართულ ავიაკომპანიას. ავიარეისები არ განახორციელოთო, მოგვიწოდებს ქალბატონი სალომე. გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულის საქართველო მახსენდება, როდესაც სამტრედიაში სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს, საბჭოთა ეკონომიკა უნდა დავანგრიოთო. ქალბატონი სალომე ახლა, როგორც ჩანს, იმავე აზროვნების ინერციით მოქმედებს და ჰგონია, რომ ქართული ავიაკომპანიის გაჩერებით რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს. ან რა ტიპის დემოკრატიაა ის, რომ უმრავლესობამ აგრესიული უმცირესობის ჭკუაზე იაროს. დემოკრატია საკითხების უმრავლესობით გადაწყვეტას ნიშნავს, უმცირესობის ჭკუაზე სიარულს კი დიქტატურა ჰქვია.
ბედის ირონიაა, როდესაც ქალბატონ ზურაბიშვილსაც პრეზიდენტი ჰქვია და ერდოღანსაც, რომელმაც “თურქიშ ეარვეისი” მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ავიაკომპანიად ჩამოაყალიბა, სტამბოლში კი რეგიონის უდიდესი აეროპორტი ააშენა. ბევრს აღარ გავაგრძელებ. ქალბატონმა სალომემ ეროვნულ ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა, ჩვენ მას პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და, ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, ჩვენს ბორტზე არ დავუშვებთ” – ამბობს გაიაშვილი.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის პროტესტის ნიშნად უარს ამბობს ავიაკომპანია Georgian Airways-ით სარგებლობაზე, რადგან “არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფრისთვის მზადაა”.
მამუკა მდინარაძე: “ქორწილის მეორე დღე გადაიდო, აი, ამ ნაცურ ნარატივში ჯდება, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი და ასეთ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს და ამავდროულად არასწორს. შეიცავს მისი გაკეთებული განცხადება ტყუილ ინფორმაციას, იმიტომ, რომ შეუძლებელია ვახტანგ გომელაურს მისთვის ეთქვა, რომ ის გადადებდა ქორწილის მეორე დღეს, იმიტომ, რომ ასეთი საკითხებით გომელაური და მისი უწყება დაკავებული არ არის.
ასეთი რამ არ უთქვამს, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არასწორი ინფორმაცია გაახმოვანა პრეზიდენტმა. როდესაც პრეზიდენტის მესიჯები აძლიერებს სპეკულაციურ ნარატივს ემოციაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდების ემოციაზე გათვლილს, ეს არის ნაცური ნარატივი და ეს არის სამწუხარო. ფიზიკური გადარჩენის საკითხებზე შეიძლება დადგეს სასაუბრო თემა და ამ დროს პრეზიდენტი ჩაყოლილია ნაცურ ნარატივს თავიდან ბოლომდე. ახლა, თვითონ ჩაჯდება თუ არა რომელიმე თვითმფრინავში, ეს არის მეასე ხარისხოვანი”.
● “თქვენ აქ არავინ გელოდებათ!” – როგორ დახვდნენ თბილისში პირველ რეისს მოსკოვიდან. ფოტორეპორტაჟი და კომენტარები
● “გვეშინია, რომ პრეზიდენტი დააზიანებს ჩვენს ევროკავშირისკენ სწრაფვას” – ოცნება ზურაბიშვილს ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობას არ აძლევს
● “განხილულ უნდა იქნას სამთვიანი ვიზების დაწესება” – საქართველოს პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს
19 მაისს “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.
ლავროვის შვილის საქართველოში ყოფნას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებდნენ, თუმცა როგორც გუშინ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შს მინისტრისგან “მიიღო პირობა”, რომ იმ რუსმა ოჯახმა, რომელიც ყვარელში ქორწილის გადახდას გეგმავდა, ტერიტორია დატოვა.
ამასთან, 10 მაისს საქართველომ პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს შეკრება მოითხოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ განხილულ უნდა იქნას სამთვიანი ვიზების დაწესება.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტს 2023 წლის 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით კი, პუტინმა გააუქმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისს წარმოადგენენ „მოქალაქეები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
პუტინმა კიდევ ერთი განკარგულებით რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენებიც შეწყვიტა.