აფხაზეთში ელექტროენერგია ისევ გაითიშა. ხალხი იმუქრება, რომ გადასახადს აღარ გადაიხდის
ელექტროენერგია აფხაზეთში
აფხაზეთში ელექტროენერგია ისევ ოთხი საათის განმავლობაში იყო გათიშული. ხელისუფლების იმედი, რომ რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიის ნაკადი დაფარავდა დეფიციტს, არ გამართლდა და სოხუმი კვლავ დაუბრუნდა დენის გრაფიკს.
ყოველ ზამთარში ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა აფხაზეთისთვის, ამცირებს გამომუშავებულ ელექტროენერგიის რაოდენობას კაშხლის წყლის დონის შემცირების გამო.
გარდა ამისა, ბოლო წლებში, კრიპტოვალუტის უკონტროლო მაინინგის გამო, ელექტროენერგიის მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა. ენერგოკომპანია ჩერნომორენერგოში აცხადებენ, რომ ამჟამად აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება შარშანდელზე 15 პროცენტით მეტია და, შესაბამისად, ამიტომაც არის ელექტროენერგიის დეფიციტი.
- თბილი საბანი და ცირკი სახლში – როგორ გადააქვთ აფხაზეთის მცხოვრებლებს უშუქობა
- რამდენად გამართლებულია რუსული ინვესტიციები აფხაზეთში, როგორც ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის საშუალება
- “ვიდრე მონაკოს შესთავაზებს, საქართველომ ჯობია გააუქმოს კანონი ოკუპაციის შესახებ” – კომენტარი აფხაზეთიდან
აფხაზეთმა რუსეთს მოსთხოვა 1-ლი იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში, ანუ იმ მომენტამდე, სანამ ენგურჰესი დასტაბილურდება – 715 მილიონი კვტ/სთ. თუმცა, რუსულმა მხარემ მხოლოდ 600 მილიონი კვტ/სთ გამოყო. შედეგად დაფიქსირდა 115 მლნ კვტ/სთ დეფიციტი, რომელიც მთავრობამ გრაფიკით გაანაწილა.
გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული აფხაზეთი ამ რეჟიმში ცხოვრობს, თუმცა ახალი წლის დღეებში, როგორც იქნა, გრაფიკი გაუქმდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა – მხოლოდ ცოტა ხნით.
ამასობაში სოციალური ქსელები აღშფოთებულია არა მხოლოდ „ახალი ძველი“ გრაფიკის გამო, არამედ მოხმარებული ენერგიის ტარიფის ზრდისა და მომხმარებლებისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის უხარისხობის გამო.
1-ლი იანვრიდან ელექტროენერგიის ფასი ფიზიკური პირებისთვის გაიზარდა 70 კაპიკიდან 1 კვტ/სთ-ზე 1,30 რუბლამდე [0,01 დოლარიდან 0,019 აშშ დოლარამდე], იურიდიული პირებისთვის 1,4 რუბლიდან 2 რუბლამდე [0,021 აშშ დოლარიდან 0,030 აშშ დოლარამდე] 1 კვტ/სთ-ზე.
ამასთან, აბონენტები ჩივიან, რომ ქსელში ძაბვა არ აღემატება 110-120 ვოლტს, რის გამოც საყოფაცხოვრებო ტექნიკა ფუჭდება.
ადგილობრივმა ანტიკორუფციულმა ორგანიზაციამ პირველ იანვარს, ტარიფის გაზრდისთანავე განაცხადა, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდას შეწყვეტს მანამ, სანამ ჩერნომორენერგო მასთან ცალკე ხელშეკრულებას არ დადებს – მასში მითითებული უნდა იყოს მომხმარებლის უფლებები, ანუ მიწოდებული ელექტროენერგიის ხარისხი და რაოდენობა.
თუ ვიმსჯელებთ სოციალურ ქსელებში გაკეთებული კომენტარებით, ახლა, როდესაც ხელისუფლებამ მოსახლეობას დაუბრუნა დენის გრაფიკი, მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც აპირებს უარი თქვას ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო