არესტოვიჩი და ფეიგინი ხალხს მოუწოდებენ, საქართველოს საელჩოებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართონ
არესტოვიჩი და ფეიგინი
#SaveMisha – ამ ლოზუნგით უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი და ყოფილი ადვოკატი და წამყვანი მარკ ფეიგინი საზოგადოებას მოუწოდებენ, 4 იანვარს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გამართონ.
ფეიგინმა საკუთარ საავტორო გადაცემის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საჭიროებს საზღვარგარეთ გადაყვანასა და შესაბამის მკურნალობას. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის გლობალური აქცია კოლოსალურ შთაბეჭდილებას დატოვებს ყველაზე.
“ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი, თუმცა არანაირი რეაქცია ამას არ მოჰყვა. ჩვენ იმედებს ვამყარებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, მაგრამ მისი მხრიდანაც არანაირი რეაქცია არ გვაქვს. სწორი იქნება სააკაშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ამის გაკეთება ძალიან მარტივია – არესტოვიჩთან ერთად Global day-ის ვაცხადებთ, ლოზუნგით Save Misha [გადავარჩინოთ მიშა].” – თქვა ფეიგანმა.
ამავე ეთერში ოლექსეი არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ “მიხეილ სააკაშვილს საჩვენებლად ანადგურებენ ციხეში” და მოუწოდა მაყურებლებს, გლობალურ აქციაში მიიღონ მონაწილეობა, რადგან “არ შეიძლება დავუშვათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანს ასე ექცეოდნენ”.
“მეგობრები, თქვენ არ ერევით საქართველოს შიდა პოლიტიკაში. საუბარია ადამიანის გადარჩენაზე და ელემენტარულ ადამიანის უფლებებზე – ადამიანის იმედზე, რომ სამართლიანმა სასამართლომ განსაჯოს. წარმოვიდგინოთ, რომ ეს სასამართლო სამართლიანია, მაგრამ როცა ადამიანი კვდება და არსებობს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მოწამვლის შესახებ, არ შეიძლება ასეთი სასამართლო მიიჩნეოდეს სამართლიანად.” – განაცხადა არესტოვიჩმა.
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
20 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. მის ამ მოწოდებას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუც შეუერთდა.
ამის საპასუხოდ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილზე ზელენსკის განცხადება მნიშვნელოვანი ვერ იქნება, ხოლო სანდუმ “თავის მე-6 პრეზიდენტს უნდა მიხედოს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია”.
რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტს, დმიტრი გორდონს წერილი გაუგზავნა, სადაც წერს, რომ ამერიკელი ტოქსიკოლოგების დასკვნის თანახმად, ის ციხეში მოწამლეს და მიზანი მისი სიკვდილი იყო, თუმცა გადარჩა, “ახლა კი სათანადო მკურნალობის გარეშე ლეტალური შედეგი გარდაუვალია.” სწორედ ამ წერილის საპასუხოდ გაავრცელა დმიტრი გორდონმა ვიდეომიმართვა.
24 დეკემბერს სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინსაც მისწერა წერილი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ პუტინის ბრძანებით მოკლეს. წერილი, რომელიც სააკაშვილმა რუსულად დაწერა, ფეიგინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მესამე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება. სააკაშვილი საკუთარ სასამართლოს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად 22 დეკემბერს ჩაერთო. მას სურდა, რომ სასამართლო დარბაზიდან მოქალაქეებისთვის უკრაინულად მიემართა.
საბოლოოდ, სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა თავი ცუდად იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა, ხოლო პროცესი მის გარეშე დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ამჟამად უკრაინის მოქალაქე საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე წელიწადზე მეტია საქართველოში პატიმრობაში იმყოფება. საქართველოში ის 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, 1 ოქტომბერს კი თბილისში დააკავეს.
● ადამ კიზინგერი ირაკლი კობახიძეს: ერთხელ პუტინიც ახსენე, ირაკლი, შენი ნამდვილი მტერი
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
2022 წლის 12 დეკემბერს, სტრასბურგში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ექსპრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა. მისი თქმით, “ჩვენ არ უნდა მივცეთ მამაჩემს საშუალება, გარდაიცვალოს ციხეში.”
იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, “ამერიკის ხმასთან” კომენტარი გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ასევე, აშშ-ის საგარეო უწყების თქმით, დეპარტამენტი ძალიან ახლოდან აკვირდება საქართველოს “ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას”.
სასამართლომდე ერთი დღით ადრე კი ევროპარლამენტის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფმა (ECR) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.