ქართულმა ეკლესიამ მარიხუანის წარმოების შესახებ მთავრობის კანონპროექტი შეაჩერა
ქართული ეკლესიის პროტესტმა საქართველოს მთავრობის გეგმები შეცვალა – მმართველმა პარტიამ შეაჩერა მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მარიხუანის სამედიცინო მიზნით მოყვანას და საექსპორტოდ გატანას გულისხმობდა.
16 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” კანონპროექტის მიღებას აღარ იჩქარებს და კონსულტაციებს საპატრიარქოსთან გამართავს.
პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას წინ უძღოდა კვირას, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ქადაგება.
• ნარკოპოლიტიკა საქართველოში-ყველაფერი ამის შესახებ
ილია მეორემ, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით საქართველოს ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა, ხელისუფლებას მიმართა:
„მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ამას… რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს?! – აღნიშნა პატრიარქმა.
სასულიერო პირებმა აღნიშნულ კანონპროექტს სპეციალური კონფერენციაც კი მიუძღვნეს, რომელიც 12 სექტემბერს საპატრიარქოში გაიმართა. კონფერენციას ერქვა – „ნარკოპოლიტიკა საქართველოში – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება“ .
„კულტივაციის ლეგალიზება და სახელმწიფოს ჩართვა მარიხუანის წარმოებასა და ვაჭრობაში არის დაუშვებელი, რამდენადაც ეს შეიცავს მთელ რიგ საფრთხეებს, როგორც აღსრულების, ისე საგარეო უსაფრთხოების რისკების თვალსაზრისით“, – ნათქვამია ხელისუფლებისადმი კონფერენციის მონაწილეების მიმართვაში.
კონფერენციაზე გავლენიანმა სასულიერო პირმა, პატრიარქის მოსაყდრემ – მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა განაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარება მართლმადიდებლურ რელიგიას და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაზეც, მისი თქმით, ეკლესია არასდროს დათანხმდება.
გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მთავრობა მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროექტი წარმოადგინა, სასულიერო პირებმა ორი საპროტესტო აქცია მოაწყვეს ქუჩაში.
რას აპირებს მთავრობა?
მთავრობა და ეკლესია მარიხუანის კულტივირების საკითხზე დროებით დაზავდნენ და ერთობლივი კონსულტაციების გამართვას აპირებენ.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროექტის მიზანი არის ის, რომ აღნიშნული დარგი რეგულირების გარეშე არ დარჩეს. მისი თქმით, მთავრობამ მარიხუანის წარმოებაზე „მკაცრი“ რეგულაციები მოამზადა და მისი მოყვანა მხოლოდ სამედიცინო მიზნით შეიძლება.
15 სექტემბერს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი საქართველოს მზარდ საერთაშორისო ბაზარზე ჩართვაში დაეხმარება. მისი თქმით, მთავრობა მომდევნო 2-3 წლის მანძილზე კანაფის ექსპორტიდან 1 მილიარდი ლარის ოდენობის შემოსავლის მიღებას მოელის.