რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებაში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. საქართველო უარყოფს
ყირიმის ხიდის აფეთქება
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ცნობით, მათ ყირიმის ხიდზე “ტერორისტული აფეთქების” სქემა და მასში მონაწილეები ამოიცნეს. FSB-ს მტკიცებით, ხიდის აფეთქებაში საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსული სპეცსამსახურების ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს საქართველოს საბაჟო საზღვარი არ გაუვლია.
რუსული მხარის ცნობით, ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს 8 ადამიანი, მათგან 5 რუსეთის მოქალაქეა, 3 კი უკრაინის. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და მისი აგენტები იყვნენ.
უწყების თქმით, ფეთქებადი მოწყობილობა დამალული იყო სამშენებლო პოლიეთილენის რულონებში, რომლებიც 22 ფირფიტაზე იყო განაწილებული და ჯამში 22 700 კილოგრამს იწონიდა. FSB დეტალურად აღწერს იმ გზას, რომელიც, მათი თქმით, ტვირთმა გაიარა, ვიდრე ყირიმის ხიდზე აფეთქდებოდა.
უწყების ინფორმაციით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ოდესის პორტიდან ბულგარეთის ქალაქ რუსეში უკრაინულ და ბულგარულ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გაიგზავნა. ბულგარეთიდან საქართველოში, ფოთის პორტში ჩავიდა, შემდეგ კი სომხეთში გადაინაცვლა.
FSB ასახელებს უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის იმმოქალაქეების სახელებსა და გვარებს, ვინც, მათი მტკიცებით, ამ ტვირთის გადატანაში მიიღო მონაწილეობდა.
FSB-ს ცნობით, ამ ტვირთის გადამტანმა სატვირთო მანქანამ რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს, ლარსის გამშვები პუნქტიდან გადაკვეთა, 2 დღის შემდეგ კი სომხეთში ჩავიდა, სადაც არმავირის საბითუმო საცავში სატვირთო მანქანა გადმოტვირთეს. რუსეთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ 7 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქემ რუსეთის მოქალაქეების დახმარებით ტვირთის დოკუმენტები კვლავ შეცვალა და ამ მომენტიდან ტვირთის გამგზავნ კომპანიად TEK-34 იყო მითითებული, ხოლო ყირიმში მიმღებად კი ის კომპანია რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.
FSB აცხადებს, რომ 7 ოქტომბერს ტვირთი მანქანაში რუსეთის მოქალაქემ, იუსუბოვ მაჰირმა ჩატვირთა და ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლისკენ 8 ოქტომბერს გაემართა, აფეთქება კი ყირიმის ხიდის გადაკვეთისას მოხდა. რუსეთის თქმით, ტვირთის გადაადგილების სრულ მარშრუტს აკონტროლებდა უკრაინის თავდაცვის უწყება და მისი მთავარი სადაზვერვო დირექტორატის თანამშრომელი, ვინც სქემაში მონაწილეებს თავი ივან ივანოვიჩად გააცნო, ქმედებების კოორდინაციისთვის კი ის იყენებდა სხვა მოქალაქის სახელზე რეგისტრირებულ ტელეფონს.
11 ოქტომბერს რუსულმა ტელეგრამ-არხმა BAZA-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სატვირთოს, რომელსაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი მასალა გადაჰქონდა, ქართული ნომრები ჰქონდა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე დაუზუსტებელია. BAZA-ს ცნობით, სატვირთომ განბაჟება სომხეთში გაიარა, რის შემდეგაც ის არმავირში გადმოტვირთეს, მერე კი, ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნდა. სატვირთო ავტომობილი იქ 8 ოქტომბერს იპოვეს.
რუსეთის ბრალდებას გამოეხმაურა სომხეთის შემოსავლების სამსახურიც.
„ზემოაღნიშნული ტვირთის ექსპორტის ყველა პროცესი განხორციელდა გამართულად და კანონიერად, ფიზიკური და რენტგენოლოგიური დათვალიერებით სომხეთის შესასვლელ-გასასვლელში. შესაბამისად, ტვირთთან დაკავშირებით არ გამოვლენილა რაიმენაირი რისკის ფაქტორი.” – აცხადებენ სომხეთის უწყებაში.
“ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებისგან ისმის რაღაც ბრალდებები, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. ყოველთვის ვიღაცას შეუძლია, ვიღაცა რაღაც დააბრალოს, თუ ამის უკან არგუმენტი არ იქნება, ეს დაბრალება იქნება წამოროშილი სიტყვა და არაფერი უკან მდგომი. არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით დატვირთულ და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს. არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან”, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
● “ევროკავშირს სურდა კომფორტი, მაგრამ მიიღო დამოკიდებულება რუსეთზე” – ბორელი ევროპის შეცდომებზე
● როგორ ააფეთქეს ყირიმის ხიდი
● კომენტარი: რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი უკრაინაში და როგორ დასრულდება ის რუსეთისთვის
8 ოქტომბერს, გამთენიისას, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა. ეს ხიდი ვლადიმირ პუტინის პირად სიამაყედ ითვლებოდა, რომელიც მან 2018 წელს თავად გახსნა.
პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა, ხოლო რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ხიდს უმოკლეს დროში აღადგენენ.
ხიდზე აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლებაშიც: “ყირიმი, ხიდი, დაიწყო. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული – დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ – განიდევნოს”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა.
ხიდის აფეთქებაში ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებამ იმავე დღეს უკრაინა დაადანაშაულა. ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ვლადიმირ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ გზა “უკრაინელმა ვანდალებმა” დააზიანეს.
ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ.
კრემლმა ანექსირებულ ყირიმში ტერორისტული საფრთხის მაღალი (ყვითელი) დონე გამოაცხადა, რომელიც 23 ოქტომბრამდე იმოქმედებს.