9 ოქტომბრის საღამოს, რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის ხიდის აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა და ამაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბასტრიკინის თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე სატვირთო მანქანა მიდიოდა ბულგარეთში – სომხეთი უნდა გაევლო და გზად საქართველოც.
რა ვერსიებია, ვინ ააფეთქა რუსეთისთვის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ხიდი?
ქერჩის ხიდი, რომელიც 2018 წელს პირადად ვლადიმირ პუტინმა გახსნა, ყირიმს რუსეთის სატრანსპორტო ქსელთან აკავშირებს. ეს ხდი პუტინისთვის პირადი სიამაყის საგანი იყო.
ყირიმის ხიდი ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც რუსეთს უკრაინულ ყირიმთან აკავშირებს
არსებობს რამდენიმე ვერსია:
ტრაილერი ასაფეთქებელი ნივთიერებებით
რუსეთის ხელისუფლებამ აფეთქებისთანავე განაცხადა, რომ ეს იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ტრაილერი. მოსკოვმა უკვე დაასახელა მისი მფლობელის, კრასნოდარის მკვიდრი 25 წლის სამირ იუსუბოვის ვინაობა.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გვიჩვენებს, რომ სატვირთო მანქანა, რომელიც სავარაუდოდ კრასნოდარიდან იყო, აფეთქების მომენტში ხიდზე დასავლეთით მოძრაობდა.
კადრებში ჩანს უზარმაზარი აფეთქების რგოლი, მაგრამ ვიდეოჩანაწერზე დაკვირვებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ სატვირთო მანქანას არაფერი აქვს საერთო აფეთქებასთან.
”მე მინახავს ბევრ მანქანაზე დამონტაჟებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, – ეუბნება BBC-ს ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი – ეს არ ჰგავს არც ერთ მათგანს.”
თავდაპირველად, საეჭვოდ სწრაფად გავრცელდა ვერსიები კრემლიდან. სულ ახალი განცხადება ასევე ადასტურებს, რომ კრემლს აშკარად ურჩევნია ეს იყოს უკრაინის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი.
ექსპერტის თქმით, ბევრად უფრო დამაჯერებელია ვერსია, რომ ეს მოხდა ზღვიდან აფეთქებით.
ზოგიერთმა დამკვირვებელმა შენიშნა, რომ ხიდის ერთ-ერთი სვეტის მახლობლად, ვიდეოკამერაზე, აფეთქებამდე, პატარა გემის მიერ შექმნილი ტალღის მსგავსი ჩნდება.
გადაღებულია CCTV კამერიდან ხიდზე აფეთქებამდე მილიწამებით ადრე
რა გემი შეიძლება იყოს ეს?
21 სექტემბერს, რუსულ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა “იდუმალი უპილოტო ნავის” ფოტოები, რომელმაც ნაპირზე ამოყვინთა სევასტოპოლში (ყირიმი) რუსეთის საზღვაო ბაზის მახლობლად.
ის ჰგავდა ჩვეულებრივ ნავს, რომელიც სპეცტექნიკით იყო აღჭურვილი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის დაზვერვას აქვს წვდომა რუსულ სპეციალურ ტექნიკაზე.
„არსებობს საფუძვლიანი ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინელები აღჭურვილნი არიან როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო დისტანციური მართვის სისტემებით – ამბობს ბრიტანელი სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანი – და ეს ოპერატიული კონცეფცია წლების განმავლობაში მუშავდებოდა”
თუ ეს მართლა უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა გააკეთეს, ეს ყველაზე ამბიციური და მაგარი ოპერაციაა პუტინის დაბადების დღეზე.
მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ ადასტურებს ამას.
შიდა დივერსია და ამბოხი რუსეთის უშიშროებაში
ვერსიას შიდა ამბოხის შესახებ “მხარი დაუჭირა” პრედენტ ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. მისი თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი უკვე ერთმანეთს ერჩიან.