მიდის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკიდან? რას ამბობენ ადვოკატები და თანაგუნდელები
მიდის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკიდან
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს და “აღარ აინტერესებს.” მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას თავადაც გააკეთებს. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით კი, შესაძლოა ეს იყოს ადვოკატების სტრატეგია, რათა მოხდეს ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.
ადვოკატის პოზიცია
როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, შეიძლება, ძნელად დასაჯერებელი იყოს, მაგრამ სწორედ მან უთხრა სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის წერილის შესახებ, რაზეც ექსპრეზიდენტს საერთოდ არანაირი რეაგირება არ ჰქონია:
“საერთოდ, ქართული პოლიტიკა აღარ მაინტერესებსო, ამბობს. ჩემს თავს მე ქართულ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავო, ასეთი განცხადება გააკეთა. ჩემთან საუბარში ამბობს – ქართული პოლიტიკიდან წასული ვარო.”
პალიტრანიუსის გადაცემის წამყვანმა ადვოკატს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს გახდეს ხელისუფლებისთვის მოტივატორი, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვების გადაწყვეტილება მიიღოს? რაზეც შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს:
“ასეთ სიტუაციაში ძალიან ბევრი შემთხვევაა პოლიტიკურ ისტორიაში, როცა სახელმწიფო უკვე დგამს ჰუმანურ ნაბიჯებს და ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია ჩამოვთვალო, როდესაც მათ მიმართ იდგმება ასეთი ტიპის ნაბიჯები.”
რას ამბობს პარტიის თავმჯდომარე
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ეს პროცესი უკვე დამაზიანებელია ოპოზიციისთვის.
“ჩემთვისაც, თქვენთვისაც მნიშვნელოვანია მისი პოზიცია და დამოკიდებულება. უბრალოდ ის რაც ახლა ხდება, ისედაც წყალი არ აკლია ივანიშვილის წისქვილს და სულ უფრო მეტი წყალი ისხმება მის წისქვილზე…
ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შევა სააკაშვილთან ზეგ. თუმცა კიდევ ვიმეორებ, მე კონტექსტს აღვიქვამ ბევრი თვალსაზრისით ძალიან ადეკვატურად და არ მინდა ჩემი თუნდაც ძალიან მართალი პოზიციიდან გამომდინარე, იმ პროცესს ხელი შევუშალო, ნებსით თუ უნებლიეთ, რამაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს საზღვარგარეთ. უფლება არ მაქვს.” – განმარტა ნიკა მელიამ.
ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის როლის გადახედვაზე რამდენიმე დღის ექსპრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მამამისის ჯანმრთელობის საკითხის დეპოლიტიზება უნდა მოხდეს, რადგან “მიშას როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, მგონი, ამას თვითონაც ხვდება”. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტი ამჩნევს, რომ ბევრისთვის სააკაშვილი აღარ არის მომავლის ლიდერი.
“არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ის ან მთავრობაში დაბრუნდეს ან ასე შემდეგ. ეს ცოტა რთული წარმოსადგენია ჩემთვის და მე მგონი, თვითონაც ხვდება ამას. როცა შევდივარ მამაჩემთან, ის მხოლოდ უყურებს უკრაინულ ტელევიზიებს, მგონი, თვითონაც ხვდება, რომ შეიძლება, იქით უფრო ჰქონდეს მომავალი, ვიდრე აქ.” – აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის კიდევ ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა კი განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი “საერთოდ მიდის ქართული პოლიტიკიდან”.
სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლაზე ისაუბრა მისმა დედამ, გიული ალასანიამაც. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის წასვლა რეალურია, რადგან როცა “რამდენიმე ადამიანს ერთი და იგივე აზრი აქვს, ერთდროულად ხომ არ გაუჩნდებოდათ? ალბათ ასეა.”