აშშ-ში სინაგოგაზე თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა
ამერიკის ქალაქ პიტსბურგში, სინაგოგაში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, – CNN. იქ იმ დროს მიმდინარეობდა შაბათის დილის ლოცვა, რომელსაც დაახლოებით ასი ადამიანი ესწრებოდა.
სავარაუდოდ, სროლა ნახევრად ავტომატური შაშხანით ხდებოდა.
შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა, 12 – დაიჭრა, მათ შორის სამი პოლიციელი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ.
სპეცრაზმთან მოლაპარაკებების შემდეგ თავდამსხმელი დანებდა. ცნობილია, რომ წინათ ის ანტისემიტური გამონათქვამებით გამოდიოდა.
ამ ტრაგიკული მოვლენის კომენტირებისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიკვდილით დასჯის კანონმდებლობის გამკაცრებისკენ მოუწოდა.
ამერიკის მედია, რომელიც ტრამპს აკრიტიკებს, ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მომხდარის ფონზე პრეზიდენტმა რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა წინასაარჩევნო მიტინგის ჩატარებაზე უარი არ თქვა. თუმცა, ბევრს მიაჩნია, რომ უკანასკნელი კვირის ტრაგიკული მოვლენების მიზეზი – ტრამპის ცნობილი ოპონენტებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნა, სინაგოგაზე თავდასხმა – კონგრესის არჩევის წინ ქვეყანაში არსებული დაძაბული ატმოსფეროა, რაზეც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები რეაგირებენ.