30 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 757 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 600 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
covid-19-ის 11 ახალი შემთხვევიდან ორი სატვირთო მანქანის მძღოლია. ამიტომ საზღვრებზე სატვირთო მანქანების მძღოლების კონტროლი დღეიდან კიდევ უფრო მკაცრდება.
ორივე მძღოლი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. covid-19-ის დადასტურების შემდეგ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ისევ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანსა და გეტაში, რის გამოც ორივე დასახლებაში ისევ კარანტინი მოქმედებს.
შესაძლო შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით, მუშევანში გაფართოებული ტესტირება დაიწყო. გაფართოებული ტესტირების ფარგლებში ტესტს სოფელში მცხოვრებ ყველა ადამიანს გაუკეთებენ.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.