434 მლნ ლარი სამშენებლო სექტორის გადასარჩენად - რას გულისხმობს ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა
მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომელმაც სამშენებლო სექტორს კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ზარალი უნდა შეუმსუბუქოს.
28 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 738 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 573 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად 434 მლნ ლარი დაიხარჯება. ეს თანხა ბევრად აღემატება იმ თანხას, რომელიც მთავრობამ ტურიზმის (200 მლნ ლარი) და სოფლის მეურნეობის (300 მლნ ლარი) ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გამოყო.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
რას გულისხმობს ეს გეგმა:
434 მლნ ლარი 4 მიმართულებაზე დაიხარჯება:
● 70 მლნ ლარი იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას მოხმარდება
● 14 მლნ ლარი არის სახელმწიფო გარანტია იპოთეკური სესხების პორტფელზე;
● 150 მლნ ლარი დევნილებისთვის ბინების მშენებლობას მოხმარდება
● 200 მლნ ლარი არის ფონდი გარანტირებული შესყიდვებისთვის. ამ თანხას სამშენებლო სექტორი მშენებლობისთვის გამოიყენებს, პროექტის ფარგლებში შესყიდულ უძრავ ქონებას კი სახელმწიფო დევნილ ოჯახებს გადასცემს.
იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირება
პროგრამის პირობები და კრიტერიუმები ასეთია:
● იპოთეკური სესხი აღებული უნდა იყოს 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში;
● სახელმწიფო დააფინანსებს იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს;
● სახელმწიფო შეწყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განახლდება თუ ასცდა 5%-ს);
● სესხის მოცულობა 200 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს;
● თანადაფინანსება გაგრძელდება ხელშეკრულების დადებიდან 5 წლის განმავლობაში;
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით მთავრობა უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას წაახალისებს.
“ხუთი წლის განმავლობაში გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საცხოვრებელი პირობის გაუმჯობესებას გადაწყვეტს,” – ამბობს ის.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა 2020 წლის ბოლომდე 150 მლნ ლარს გამოყოფს დევნილებისთვის ბინების მშენებლობაზე.
“ეს ნიშნავს იმას, რომ 1 800 ოჯახი, დაახლოებით 6 000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
200-მილიონიანი ფონდი გარანტირებული შესყიდვისთვის
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სახელმწიფო 200 მლნ ლარს დახარჯავს და იმ მშენებარე პროექტებში, სადაც ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1700 ლარზე ნაკლებია, სამშენებლო ფართის მაქსიმუმ 30%-ს გარანტირებულად შეისყიდის.
პროგრამის პირობები და კრიტერიუმები ასეთია:
● სახელმწიფო, ახალი პროგრამის ფარგლებში, გასცემს შესყიდვის გარანტიას, პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არაუმეტეს 30% -ზე;
● დეველოპერები გარანტიას მიიღებენ აუქციონის წესით. სახელმწიფოს მიერ წამოყენებული პირობის თანახმად, 1 კვ.მ-ის ფასი 1 700 ლარს არ უნდა აღემატებოდეს;
● შესყიდვის გარანტია მოქმედებს გარანტიის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში;
● გარანტია უქმდება, თუ გარანტიის მიმღები – ანუ სამშენებლო კომპანია ვერ ახდენს პროექტის სრულად დაფინანსების დადასტურებას, სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
● ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შესყიდული საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ დევნილ ოჯახებს;
რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ სამშენებლო სექტორის დახმარება?
“მარტივია პასუხი, რადგან მშენებლობა, დეველოპმენტი კრიზისამდე შეადგენდა ჩვენი შიდა პროდუქტის 9%-ს. იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და გარდა იმისა, რომ ამ სექტორში სრულად დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი პირდაპირ, ირიბად დაახლოებით კიდევ ერთი ამდენი ადამიანია დასაქმებული“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
მისივე თქმით, მშენებლობაზე დამოკიდებულია ისეთი წარმოებები, როგორიც არის სამშენებლო მასალების წარმოება, ავეჯის წარმოება, სარემონტო სამუშაოები და სხვადასხვა სახის ტექნიკით ვაჭრობა.
ფეისბუკის რეაქცია
ინიციატივას, რომლის თანახმადაც, მთავრობა მოქალაქეებს იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუფინანსებს, სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი აკრიტიკებს.
“ჩემი სესხი ხომ უნდა ვიხადო (შეღავათების გარეშე იმიტომ, რომ 2018 წელს მაქვს აღებული), ამისათვის თავდაუზოგავად უნდა ვიშრომო და სხვასაც, მათ შორის ბევრს ისეთს, ბინას იმიტომ რომ ყიდულობს, გააქირავოს და შემოსავალი ჰქონდეს, შეღავათებიც მე უნდა დავუსუბსიდირო? თან, სამშენებლო კომპანიებსაც უნდა დავეხმარო, რომ არ დაზარალდნენ. საწყლები…”
“ნუ, მეგობრებო, ჩემს იპოთეკას ხომ ვიხდი უამრავ წლიანს და კიდევ ვისაც ახლა ბინის ყიდვის თავი გაქვთ (ღმერთმა მოგცეთ), იმათაც შეგეშველებით ჩემს მიერ გადახდილი გადასახადებით. რა პრობლემაა…”
“ე.ი. ბიუჯეტი უფინანსებს იპოთეკურ სესხებს მათ, ვინც ახლა აიღებს სესხს ბინების შესაძენად. ანუ გამოდის, რომ ხელისუფლება მე მართმევს ფულს – ადამიანს, რომელსაც საკუთარი იპოთეკა ვერ გამისტუმრებია და ჩემი ფულით სხვებს ყიდულობს ბინებს. საოცარი “სამართალია”.
“სამშენებლო სექტორი კი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ, გაუგებარია, რატომ უნდა გადავუხადოთ იპოთეკის პროცენტი ვიღაცებს (საკმაოდ მაღალშემოსავლიან ადამიანებს, დაბალშემოსავლიანი იპოთეკას ისედაც ვერ აიღებს), როცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შიმშილობს ამ ქვეყანაში. არაფერს ვაზვიადებ, ოფიციალური სტატისტიკითაც კი სიღატაკის ზღვარს ქვემოთაა ძალიან ბევრი. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიხდით მაგ ფულს, გადასახადების გადამხდელები და არა მთავრობა.”
“დღეიდან რომ ვიღაც აიღებს იპოთეკურ სესხს, მე რატომ ვუხდი პროცენტს? რა შუაში ვარ? ისედაც მდიდარი სამშენებლო სექტორის გაყიდვების არშეფერხებაზე უნდა ვიზრუნო? უხარისხო და უნიჭო საცხოვრებლებს აშენებდნენ და 1000% მოგებაზე მუშაობდნენ წლები. დააკლონ ფასი და გაყიდიან… ან ახლა იპოთეკურ სესხს ვის მისცემს ბანკი? იმას, ვისაც ზედმეტად სტაბილური სამუშაო და დაბალი რისკები აქვს. ამ ადამიანებს რატომ ვუხადოთ პროცენტი?” – წერენ ფეისბუკში.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.