უკრაინის აღმოსავლეთში ახალი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო
უკრაინის აღმოსავლეთში, ავდეევკის რაიონში კვირას უკრაინის სამთავრობო ჯარსა და ე. წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრორუსულ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ბრძოლის შედეგად ორივე მხარეს არიან დაღუპულები და ორივე მხარე იტყობინება დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ.
ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ცნობით, დღეს დილით ავდეევკის მიდამოებში საარტილერიო და სატანკო ცეცხლის შედეგად ორი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
უკრაინული წყაროების თანახმად, 29 იანვარს, დილით ბოევიკებმა დონეცკის აეროპორტის მიმდებარე, ე. წ. ავდეევკის „პომზონაზე“ მიიტანეს შეტევა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა მოიგერიეს. კვირას სულ ოთხი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, თორმეტი – დაიჭრა. ავდეევკის იერიშის დროს ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დასახლებაში ელექტროენერგია გამოირთო.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის სტეპან პოლტორაკის თქმთ, უკრაინის შეირაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავეს. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, სეპარატისტების მხრიდან 15 ბოევიკი, მათ შორის ქვეითი ბატალიონის მეთური ზედმეტსახელად „გრეკი“ დაიღუპა.
თავის მხრივ, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები საბრძოლო მოქმედებების წამოწყებაში უკრაინის ჯარს ადანაშაულებენ და ბატალიონის მეთაურის დაღუპვას ადასტურებენ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელისუფლებამ ასევე უკრაინის ჯარი დონეცკის დაბომბვაში დაადნაშაულა, რომლის შედეგადაც მშვიდობიანი მაცხოვრებელი დაიჭრა.
გაეროს მონაცემებით, უკრაინის აღმოსავლეთში 2014 წლის გაზაფხულიდან 2016 წლის სექტემბერამდე 9,5 ათასი ადამიანი დაიღუპა. მოცემულ მომენტში კონფლიქტის ზონაში ზავი მოქმედებს. მინსკის შეთანხმებების თანახმად ასევე დაპირისპერების ხაზზე მძიმე შეიარაღების ქონა იზღუდება. რუსეთი კონფლიქტში თავის მონაწილეობას ამ დრომდე უარყოფს.