ტრამპმა გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მისი ბრძანებულების დაცვაზე უარისთვის გაათავისუფლა
აშშ-ს პრეზიდენტმა გენერალური პროკურორის მოვალეობების შემსრულებელი სალი იეიტსი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზი ის გახდა, რომ იეიტსმა უარი განაცხადა მიგრაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ბრძანებულება სასამართლოში დაეცვა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სალი იეიტსმა “უღალატა იუსტიციის სამინისტროს, როდესაც უარი განცხადა აშშ-ის მოქალაქეების დაცვის მიზნით მიღებული კანონიერი ბრძანებულების აღსრულებაზე”. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ იეიტსი ობამას ადმინისტრაციის დანიშნულია და მან “სისუსტე გამოავლინა საზღვრებთან და მიგრაციასთან დაკავშირებით”.
გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებლად აშშ-ის ვირჯინიის შტატის აღმოსავლეთი ოლქის პროკურორი დანა ბენტე დაინიშნა.
სალი იეიტსმა 31 იანვარს განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ დაიცავს პრეზიდენტის სამიგრაციო ბრძანებულებას, რადგან იგი ამ გადაწყვეტილების კანონიერებაში დარწმუნებული არ არის.
დონალდ ტრამპმა 27 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, სირიიდან ლტოლვილების მიღება გაურკვეველი ვადით შეჩერებულია. დევნილების მიღებსთან დაკავშირებული ყველა სხვა პროგრამა 120 დღით არის შეჩერებული. ეს ბრძანებულება ასევე 90 დღით აშშ-ში შესვლას უკრძალავს შვიდი მუსლიმური ქვეყნის ყველა მოქალაქეს.
ბრძანებულების ხელმოწერის შემდეგ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ აშშ-ში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. ტრამპის ბრძანებულება რამდენიმე სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრდა. “ჩემი მოვალეობაა – იმის უზრუნველყოფა, რომ იუსტიციის სამინისტროს პოზიცია სასამართლოში ამ უწყების მოვალეობას შეესაბამებოდეს – ყოველთვის მიისწრაფვოდეს მართლმსაჯულების აღსრულებისკენ და იცავდეს სამართლიანობას”, – წერდა იეიტსი უწყების თანამშრომლებისთვის თავის გადაწყვეტილების განმარტებისას.
სალი იეიტსი გენპროკურორის მოადგილე იყო, როდესაც ამ თანამდებობას ლორეტა ლინჩი იკავებდა. პრეზიდენტ ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ლინჩმა ასევე დატოვა თანამდებობა. ტრამპმა სთხოვა იეიტსს, დროებით შეესრულებინა გენპრკურორის მოვალეობები, ვიდრე მის მიერ ნომინირებული ჯეფ სენში კონგრესში თავის კანდიდატურის დამტკიცების პროცედურებს გადის.