სომხეთში ჰაერის ტემპერატურა მატებას განაგრძობს და შესაძლოა +39 გრადუსს მიაღწიოს. ამასთან დაკავშირებით ექიმები მოსახლეობას ურჩევენ დღის საათებში სახლიდან არ გავიდნენ და ბევრი სითხე მიიღონ. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ერევანში წლინახევრის ბავშვის სიცხისგან სიკვდილის შემთხვევა დარეგისტრირდა.
ბავშვის დედა ვარაუდობს, რომ ბავშვის სიკვდილის მიზეზი მანამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთებული აცრა გახდა, რადგან ბავშვმა თავი ცუდად სწორედ ამის შემდეგ იგრძნო. თუმცა, ექიმებს მიჩნიათ, რომ სიკვდილის მიზეზი სიცხე იყო.
საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შექმნილია ფრიად ხანძარსაშიში სიტუაცია. ხანძრის თავიდან ასაცილებლად საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს, რომ კოცონები მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დაანთონ, შემდეგ კი აუცილებლად წყლით ან მიწით ჩააქრონ. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები პერიოდულად საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს შემდეგ ცნობასაც ავრცელებენ:
არ დაყარონ ანთებული ასანთის ღერები ან სიგარეტის ნამწვავები, არ მოწიონ მანქანების სიახლოვეს, არ ისრგებლონდაზიანებული კვების სისტემის მქონე ავტომობილებით, არ დატოვონ ბოთლები და შუშის ნამსხვრევები ისეთ ადგილებში, სადაც მზის სხივები პირდაპირ ხვდება, რადგან ისინი, შესაძლოა, ლინზის პრინციპით აალდეს, არ დატოვონ და სადმე არ დააგდონ, განსაკუთრებით კი მშრალი ბალახის სიახლოვეს, ბეზინით, ნავთით ან სხვა საწვავი ნივთიერებებით გაჟღენთილი ჩვრები.