კორუფცია და ძარცვა: აზერბაიჯანში აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი დააპატიმრეს
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ნიზამედინ გულიევი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავების სავარაუდო მიზეზია – კორუფცია და ძარცვა, რასაც გულიევი წინა თანამდებობაზე ყოფნისას ეწეოდა.
აზერბაიჯანში ამ შემთხვევას უკვე „შოკის მომგვრელი“ და „უპრეცედენტო“ უწოდეს. თუმცა, მაღალი თანამდებობის პირების დაკავებები და დაპატიმრებები ადრეც მომხდარა, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ძარცვასა და მექრთამეობაში ღიად არასდროს დაუდანაშაულებიათ.
არავითარი ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, მაგრამ დაკავების თაობაზე უკვე ბევრმა ადგილობრივმა მედიამ დაწერა. ზოგიერთმა მათგანმა მიზეზებისა და დეტალების დამოუკიდებლად გარკვევა სცადა, სხვები კი ჩინოვნიკის უძრავ ქონებას ითვლიან.
ფულის მითვისება და მოუასფალტებელი გზები
2019 წლის აპრილში ნიზამედინ გულიევი აზერბაიჯანის აგსტაფის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელად დაინიშნა. მანამდე ის 10 წელიწადს ხელმძღვანელობდა გერანბოის რაიონს. ვებ-გვერდ Modern.az -ის ვერსიით, ფინანსთა სამინისტრომ დაადგინა, რომ ამ თანამდებობაზე ყოფნისას გულიევი მუდმივად ისაკუთრებდა სახელმწიფო სახსრებს.კერძოდ, მან სამსახურში ფიქტიურად მიიღო 300 ადამიანი, მათ ხელფასებს კი თავად იღებდა; ასევე ისაკუთრებდა ქალაქ გერანბოის ქუჩების მოასფალტებისთვის განკუთვნილ თანხებსაც, გაფორმებული კი მხოლოდ მთავარი ქუჩა ჰქონდა.
ამ საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: ჰეიდარ ალიევის ცენტრის შენობა გერანბოიში (heydaraliyev-centers.az)
„საშიში თანამდებობა“
აზერბაიჯანში აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები – ფაქტობრივად, რაიონის ან ქალაქის პატრონები არიან, რომლებიც ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობენ. ხშირად ადგილობრივი მაცხოვრებლები მათით უკმაყოფილოები არიან, და ერთ-ორჯერ ამას სერიოზული კრიმინალური შედეგებიც მოჰყვა.
მაგალითად, 2013 წელს ისმაილის რაიონში მასობრივი არეულობა მოხდა, რაც , ბევრი აზერბაიჯანელის აზრით, რაიონის ხელმძღვანელის განუკითხაობის შედეგი იყო.
2018 წლის ივლისში კი ქალაქ განჯას აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელზეთავდასხმამოხდა. ოფიციალური ვერსიით, თავდასხმა ისლამისტმა ექსტრემისტებმა განახორციელეს, მაგრამ „ხალხური“ ვერსია ირწმუნებოდა, რომ ეს ისევ განუკითხაობის გამო შურისძიება იყო.