28 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა განცხადება აშშ-ის ქმედებებზე საპასუხო ზომების შესახებ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 27 ივლისს აშშ-ის სენატმა კენჭი უყარა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვნად გამკაცრებას და, კონგრესის თანხმობის გარეშე, პრეზიდენტს მათი გაუქმება ან შერბილება აუკრძალა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია:
„სანქციების თაობაზე ახალი კანონის მიღება იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა აშშ-ში შიდაპოლიტიკური ბრძოლის მძევლად იქცა. ახალი კანონი მიზნად ისახავს, რომ პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით, გლობალურ ეკონომიკაში აშშ-ს არაკეთილსინდისიერი, კონკურენტული უპირატესობები შეუქმნას“.
რუსეთის საპასუხო ზომები შემდეგში მდგომარეობს:
– მოსკოვში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს მოსკოვის განაპირას მდებარე აგარაკით სარგებლობა ეკრძალებათ;
– აშშ-ის საელჩო მოსკოვში კარგავს შენობას, რომელსაც ის საწყობად იყენებდა;
– რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა რაოდენობა 455 ადამიანამდე უნდა შემცირდეს.
„ექსპერტების აზრით, აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებმა, რომლებიც ყირიმის ანექსიის, დონბასში ომის გაჩაღებისა და მალაიზიური „ბოინგის“ კატასტროფის შემდეგ დაწესდა, რუსულ ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. საკრედიტო სახსრების დეფიციტი, რომელმაც დასვლეთში რუსული კომპანიების კრედიტირების წესების გამკაცრების შედეგად იჩინა თავი, უკვე დაახლოებით $200 მილიარდს შეადგენს“.
ახალი კანონი აშშ-ის სანქციების გამკაცრების თაობაზე ძალაში მას შემდეგ შევა, როდესაც მას პრეზიდენტი ტრამპი მოაწერს ხელს.