“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, შეწყდეს სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დაფინანსება, ასევე სახელმწიფოსა და ეკლესიის ჩარევა ერთმანეთის საქმიანობაში.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ განაცხადა, 2001 წლიდან დღემდე საპატრიარქოს ფულადი სახით 200 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.
“რატომ არის საქართველოს მოსახლეობა ვალდებული ამდენი იხადოს კომპენსაციის სახით? იქნებ ვინმემ დაუსაბუთოს ან საერო ხელისუფლებიდან, ან სასულიერო პირებიდან ”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტი 2017 წლისთვის 25 მილიონი ლარია. სწორედ ეს თანხა გამოიყო საქართველოს ბიუჯეტიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასაფინანსებლად გასულ წელსაც.
2017 წლის საქართველოს ბიუჯეტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა, 14 მილიონ 683 ათასი ლარი, სასულიერო განათლების ხელშეწყობისთვის იხარჯება. რაიმე ვალდებლება დახარჯული თანხის შესახებ აგარიში ჩააბაროს საპარტიერქოს არ ეკისრება. თანხების ხარჯვა არ მოწმდება არცერთი უწყების მიერ.
როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, მატერიალური მხარდაჭერის ამ პროცესით თავად საპატრიარქოშიც არიან უკმაყოფილო, რასაც დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებული წერილიც ადასტურებს.
საპატრიარქოს ქონების განკარგვის სამსახურის ხელმძღვანელის მამა გიორგი მამალაძის მიერ პატრიარქისთვის მიწერილი წერილი ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაასაჯაროვა. წერილის მიხედვით, მამა გიორგი პატრიარქს ეკლესიას დაქვემდებარეულ სტრუქტურებში ფინანსური დარღვევების შესახებ აცნობებს.
გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალად „მაღალი იერარქიის სასულიერო პირის“ მკლველობის – მოწამლვის , მცდელოვბა ედება. თავად დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.
მამა გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ საპატრიარქოში ფინანსურ დარღვევებზე საჯარო საუბარი სხვა სასულიერო პირებმაც დაიწყეს.