ოპოზიცია სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრა და პირდაპირი ეთერი მოითხოვა
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა ასობით თანამოაზრესთან ერთად სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეღწევა მოახერხა და პირდაპირი ეთერი მოითხოვა. დაცვა წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, მაგრამ ოპოზიციური მოძრაობის აქტივისტების ნაკადი ვერ შეაჩერა.
ეს არის სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგისიანის ხელისუფლების განახლების წინააღმდეგ გამართული აქციის გაგრძელება. აქცია გუშინ საღამოს თავისუფლების მოედანზე დაიწყო. დაწვრილებით იხილეთ JAMNews-ის პუბლიკაციაში.
ნიკოლ პაშინიანი საზოგადოებრივი რადიოს შენობაში მის ხელმძღვანელ მარკ გრიგორიანთან შეხვედრას აპირებდა, რათა პირდაპირი ეთერის საშუალება მიეღო და რადგან პაშინიანმა საზოგადოებრივ რადიოში ვერც შეხვედრას და ვერც პირდაპირ ეთერს ვერ მიაღწია, მან სხვა მედიების წინაშე დაიწყო გამოსვლა. კერძოდ, რადიო „თავისუფლება“ პირდაპირ ეთერში უზრუნველყოფდა შენობაში მომხდარის ტრანსლაციას.
შემდეგ მან ჟურნალისტებს სთხოვა, რადიო ჭრიდან გასულიყვნენ და მისთვის გამოსასვლელად მომზადების საშუალება მიეცათ. გამოსვლა მოკლე იყო. კერძოდ, პაშინიანი გამოვიდა ადამიანებისადმი მორიგი მოწოდებით – ქუჩებში გასულიყვნენ, და შეერთებოდნენ მათ აქციას, რომელიც ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე დღესაც გაგრძელდება. წინასწარ გამოცხადებული სადღეღამისო და გრძელვადიანი აქციის მიზანია – უფლება არ მისცეს ყოფილ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს, რომ ქვეყანას ისევ უხელმძღვანელოს.
ნიკოლ პაშინიანი ისევ ციტირებდა სერჟ სარგსიანის დანაპირებს იმის თაობაზე, რომ ის პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა და არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობის პრეტენდენტი გახდებოდა. და რადგანაც სარგსიანმა დანაპირები არ შეასრულა, ოპოზიციონერი და მისი თანამოაზრეები თავიანთ მოვალეობად მიიჩნევენ, რომ ყველა ღონე იხმარონ, რათა ის თავიდან ვერ მოექცეს ხელისუფლების სათავეში – ამჯერად პრემიერის თანამდებობაზე, რომელიც ქვეყნის საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის შემდეგ ქვეყნის მთავარი პირი გახდა.
თავისი სიტყვა პაშინიანმა დაასრულა სიტყვებით: „გადადგით თქვენი ნაბიჯი, და სერჟ სარგსიანი უკან დაიხევს… ჩვენმა შვილებმა თავისუფალ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ“.
გრძელვადიანი აქციის არსი შემდეგია: ქუჩაში, რაც შეიძლება, მეტი ხალხი შეგროვდეს, პარლამენტის შენობა ალყაში მოექცეს 17 აპრილს, როდესაც პრემიერ-მინისტრის არჩევნებია დანიშნული – და კენჭისყრა არ დაუშვან. კონსტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერ-მინისტრის არჩევნები ორჯერ ჩაიშლება, მოქმედი პარლამენტი უფლებამოსილებას დაკარგავს, და ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ამრიგად, ოპოზიციონერების აზრით, საპარლამენტო უმრავლესობა შეიცვლება – და სერჟ სარგსიანის ხელისუფლება არ გაგრძელდება.
ბოლო დღეების განმავლობაში ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ თუკი ის ამ საპროტესტო აქციით მიზნის მიღწევას ვერ შეძლებს, ის პოლიტიკიდან წავა.
ეს მოძრაობა მან ორი კვირის წინათ დაიწყო, ინიციატივით „ჩემი ნაბიჯი“. მან თავის მომხრეებთან ერთად ქვეყნის მსხვილი თემების 200 კილომეტრი მოიარა – გიუმრიდან დედაქალაქამდე, და ადამიანებს მოუწოდებდა, გამოსულიყვნენ და სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში ყოფნა არ დაეშვათ. გუშინ ერევანში ხალხმრავალი მიტინგი დაიწყო. მისმა მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს და ღამე იქ გაათენეს.
თავად პაშინიანის თქმით, ღამით ქუჩაში ცოტა ადამიანი იყო – 200-ზე ნაკლები. ამიტომ, ის ამ მოძრაობისთვის აქტუალურად მიიჩნევს ყველა საშუალების გამოყენებას, რათა ინფორმაციამ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიაღწიოს, და ისინი ქუჩაში გამოიყვანონ.
სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის ლიდერიც არის სერჟ სარგსიანი, დღეს დილით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა წამოაყენა. პარტიის სხდომა ჩატარდა დედაქალაქის მახლობლად მდებარე ქალაქ ცახკაძორში.