ნაურუ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო აშშ-ის დაფინანსებას დაკარგავს
ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა ნაურუ, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2009 წელს აღიარა, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებას ვერ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ზელანდიის ერთ-ერთმა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ radionz.co.nz-მა გაავრცელა.
ამის მიზეზი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული კანონია, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ამ დოკუმენტის მიხედვით, ვერცერთი ქვეყანა ვერ მიიღებს დაფინანსებას ამერიკისგან, თუკი ის აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ან მათთან საქართველოს გარეშე ექნება დიპლომატიური ურთიერთობა.
ნაურუს დახმარებას შეწყვეტენ მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაეროს ბავშვთა ფონდი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და გაეროს ფონდიც, რომელთაც ფინანსურად აშშ ეხმარება.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ტუვალუმ და ვანუატუმაც, თუმცა ნაურუსგან განსხვავებით, მათ ეს აღიარება უარყვეს 2014 წელს.