ისტორიული დავა „სახელმწიფო ალანიას“ ირგვლივ - ყარაჩაელები სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლას ეწინააღმდეგებიან
ყარაჩაელი ხალხის კონგრესმა თხოვნით მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ დაუშვან სამხრეთ ოსეთის სახელწოდების „ალანია“-დ შეცვლა, რადგან ეს „რუსეთის ხალხებისა და რეგიონების ისტორიის რეალურ ფაქტებს ეწინააღმდეგება“.
ყარაჩაელი ხალხის კონგრესმა თხოვნით მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, – იტყობინება „კავკაზსკი უზელი“.
მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ალანია იყო კავკასიაში პირველი სახელმწიფო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მთელი რიგი ახლანდელი რეგიონები – ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, სტავროპოლის მხარე და კრასნოდარის მხარის ნაწილი.
ამრიგად, მიმართვის ავტორების აზრით, „ისტორიული ალანია არის ქვეყანა, რომელშიც ჩრდილოეთი კავკასიის ბევრი ძირძველი ხალხის წინაპარი მკვიდრობდა“. გარდა ამისა, ეთნონიმი „ალანიას“ უკანასკნელი მატარებელი ყარაჩაი-ბალყარელი ხალხია, – აღნიშნავს კონგრესი.
„შესაბამისად, სახელ „ალანიას“ თვითნებური და ცალმხრივი მითვისება უნდა განვიხილოთ, როგორც რუსეთის ფედერაციის ხალხების ისტორიულ მემკვიდრეობაზე ოფიციალური პრეტენზია, მომავალში შესაძლო შესაბამისი პრეტენზიით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე “, – აღნიშნულია მიმართვაში.
კონგრესის წარმომადგენლები რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელს სთხოვენ, ჩაერიოს ამ საკითხში და „ყველაფერი იღონოს, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი დასახელების მინიჭების აღიარება არ დაუშვას“.