საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს თბილისში, დიღმის მასივში რამდენიმე შავკანიანი სტუდენტის ცემის ფაქტს.
როგორც “ნეტგაზეთი” წერს, შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. რამდენიმე შავკანიანი მოქალაქე ეზოში, სტადიონზე თამაშობდა ფეხბურთს. თამაშის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში მათთან რამდენიმე კაცისგან შემდგარი ჯგუფი მივიდა. ისინი იყვნენ აგრესიულები – იგინებოდნენ, ფიზიკურად ძალადობდნენ და მოედნიდან გააძევეს შავკანიანი მოქალაქეები. მათ ხელში ხელკეტები ეჭირათ.
ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ფაქტი ვიდეოზეც არის გადაღებული და ფეისბუკზე ვრცელდება.
ვიდეო ერთ-ერთმა შავკანიანმა სტუდენტმაც გადაიღო. ამ ვიდეოზე ჩანს, რომ მან და მისმა მეგობარმა თავს გაქცევით უშველეს.
სტუდენტებმა პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოც აჩვენეს.
“თუმცა სამართალდამცველებმა გვითხრეს, რომ მომხდარი და ეს კაცები დაგვევიწყებინა”, – მოჰყავს ერთ-ერთი სტუდენტის სიტყვები “ნეტგაზეთს”.
“არცერთი ქართველი, რომლებმაც შეურაცხყოფა მოგვაყენეს, არ დაუკავებიათ. პოლიციას ბოდიშის არცერთი ფორმა არ მოუთხოვია მათგან. არაფერი! რატომ? თუ ამ ისტორიას შევატრიალებთ, შავკანიანებს რომ მიეყენებინათ შეურაცხყოფა ქართველებისთვის, ექნებოდა პოლიციას ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება? ბოდიში გრძელი თხრობისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა რასიზმის შესაჩერებლად. 21-ე საუკუნეში? დაუჯერებელია. ეს უნდა შეწყდეს!” – უთხრა “ნეტგაზეთს” ბენიტმა, რომელიც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტია.
სტუდენტები ჰყვებიან, რომ ისტორია ამით არ დასრულებულა. ფეისბუკზე ვიდეოს ატვირთვის შემდეგ მათ წინააღმდეგ აგრესიის ახალი ტალღა წამოვიდა – სტუდენტებმა ქართველი ფეისბუკმომხმარებლებისგან მუქარის შემცველი და რასისტული მესიჯები მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოშიც ჩანს და სტუდენტებიც ამბობენ, რომ მათ კანის ფერის გამო გაუსწორდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე არ აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 1421 მუხლით, რომელიც რასობრივ დისკრიმინაციას ეხება.
საქმე 126-ე მუხლითაა აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს.